მთავარი » ფაილები » ალერგოლოგია

ალერგიული ბავშვი
2012-04-10, 10:14 PM
ალერგიული ბავშვი

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, როდესაც შვილი ალერგიული რეაქციებისადმია მიდრეკილი? რა ვაჭამოთ პატარას, ავცრათ თუ არა, როდის და როგორ ვასეირნოთ, რომ ალერგიისგან დავიცვათ? ამ და სხვა საკითხებზე ალერგოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ეკა ჩხარტიშვილი გვესაუბრება.


- რომელი პროდუქტი იწვევს ბავშვებში ალერგიას ყველაზე ხშირად?
- თუ ერთი მშობელი მაინც ალერგიულია ანუ ბავშვი ალერგიისადმი გენეტიკურად არის განწყობილი, მის მენიუში შემავალ ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ბავშვებისთვის ერთ-ერთი პირველი ალერგენია ძროხის რძის ცილა.

შესაძლოა, ჩვილი მხოლოდ ძუძუს წოვდეს და ალერგიული რეაქციის პროვოცირება დედის მიერ მიღებულმა რძის ნაწარმმა მოახდინოს. ძროხის რძეს მოსდევს ფრინველის კვერცხი - მისი ცილაც ალერგენია. იგი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ნაწლავებში დიდხანს ინარჩუნებს ანტიგენურ თვისებებს და ფერმენტ ტრიფსინს ბოჭავს. კვერცხის გულს ცილასთან შედარებით სუსტი ალერგიული თვისებები აქვს. ამიტომაც არის მიზანშეწონილი ჩვილებისთვის მოხარშული კვერცხის გულის მიცემა და არა ცილისა. არცთუ იშვიათად ქათმის კვერცხის აუტანლობა ქათმის ხორცისა და ბულიონის აუტანლობასთან არის შერწყმული. გახშირდა მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის, ჭვავისა და ქერის მიმართ ალერგიის შემთხვევები. ამ მარცვლოვანთა ცილა არა მარტო კვებით ალერგიას, არამედ ცელიაკიასაც იწვევს. წლამდე ასაკის ბავშვთა 20-25%-ში ატოპიის განვითარების ან გამწვავების მიზეზად შეიძლება იქცეს სოია; ბოლო ხანს სოიის ნაწარმით წლამდე ასაკის ბავშვებს უცვლიდნენ რძეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ალერგიას ეს მცენარეც იწვევს. მიიჩნევა, რომ ალერგიულ რეაქციებს ყველაზე ხშირად თევზი იწვევს, ამიტომ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც კვებითი ალერგიის სიმპტომები აქვთ, მას არ აძლევენ. თევზის ალერგენები თერმოსტაბილურია და კულინარიული დამუშავებისას პრაქტიკულად არ იშლება. ზღვის თევზის მიმართ ალერგია უფრო ხშირია, ვიდრე მდინარის თევზის მიმართ. ამასთანავე, თევზის ცილისადმი სენსიბილიზაცია ასაკთან ერთად არ მცირდება და მოწიფულ ასაკშიც შეინიშნება. გარდა თევზისა, ალერგიული რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს ხიზილალამ, კიბორჩხალამ და ზღვის სხვა პროდუქტებმა. თქვენ წარმოიდგინეთ, თევზის სუნმაც კი. წლამდე ასაკის ბავშვის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა კვებითი ალერგენების მიმართ. შეინიშნება ჯვარედინი რეაქციებიც. ასაკთან ერთად თავს იჩენს სენსიბილიზაცია არა მარტო კვებითი, არამედ საყოფაცხოვრებო, მტვრის, სოკოსა და ბაქტერიული ალერგენების მიმართაც.


- რას ნიშნავს ჯვარედინი რეაქციები?
- ჯვარედინს უწოდებენ ალერგიულ რეაქციებს, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი პროდუქტები იწვევს. მათი ცოდნა აუცილებელია. თუ ბავშვს აქვს ალერგია რომელიმე პროდუქტზე, მოსალოდნელია, ალერგიული რეაქცია სხვა, მსგავსი პროდუქტის მიმართაც განვითარდეს. ასეთი საკვების განსაზღვრაში ქვემოთ მოყვანილი სქემა დაგვეხმარება:

  • ძროხის რძე - თხის რძე, ძროხისა და ხბოს ხორცი, ძროხის ტყავი, მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტული პრეპარატები;
  • თევზი - ზღვისა და მდინარის თევზის პროდუქტები;
  • ქათმის კვერცხი - ქათმის ხორცი და ბულიონი, იხვის ხორცი, მწყრის კვერცხი, მაიონეზი, ბუმბულის ბალიში, პრეპარატები: ინტერფერონი, ზოგიერთი ვაქცინა;
  • სოკო - პროდუქტები, რომელთა დამზადების ტექნოლოგია სოკოს გამოყენებას ითვალისწინებს, კეფირი, ყველის ზოგიერთი სახეობა, გაფუებული ცომის პური, ანტიბიოტიკები, ობი;
  • სტაფილო - ოხრახუში, ნიახური, ბეტა-კაროტინი, ა ვიტამინი;
  • მარწყვი - მაყვალი, მოცხარი, ჟოლო;
  • კაკალი - ნებისმიერი სხვა ჯიშის კაკალი, თხილი, მანგო;
  • მზესუმზირა - მზესუმზირას ზეთი, ჰალვა, თაფლი, საზამთრო, ნესვი;
  • შოკოლადი - კოკა-კოლა, კაკაო;
  • ნებისმერი ციტრუსი - გრეიპფრუტი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ციტრო;
  • ჭარხალი - შაქრის ჭარხალი, ისპანახი;
  • ატამი - გარგარი, ქლიავი, ასპირინი, ამიდოპირინი.

ალერგიულ რეაქციებს იწვევს საკვები დანამატები - საღებავები, ემულგატორები, ანტიოქსიდანტები. ამ დანამატების გარეშე დამზადებულ პროდუქტს დღეს ალბათ ვეღარსად ნახავთ. ბანანს, ვაშლს, მსხალს, პომიდორს დამწიფების დასაჩქარებლად ზოგჯერ ნავთპროდუქტებით ამუშავებენ. ალერგენებია ასევე შაქრის შემცვლელები - სახარინი, ასპარტამი...

ალერგიული ბავშვი

ზოგიერთ ნივთიერებას, რომელსაც სურსათი ბუნებრივად შეიცავს, ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაავადება ან გაამწვაოს ის ე.წ. ფსევდოალერგიული რეაქციით. მაგალითად, ჰისტამინი - ის ორგანიზმში ალერგიული რეაქციის დროს წარმოიქმნება და ზრდის სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, ხელს უწყობს შეშუპებას, იწვევს ქავილს. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ჰისტამინს ბუნებრივად, თანაც საკმაო ოდენობით შეიცავს. ესენია: ყველი, კონსერვები, ტომატი, ისპანახი, მოხარშული ღორი, ღორის სოსისი, ღორის ღვიძლი, სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, მჟავე კომბოსტო. თირამინი ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს ჰისტამინის წარმოქმნას, არტერიული წნევის მომატებას. მას შეიცავს ლუდის საფუარი, დამარილებული ქაშაყი, შოკოლადი, ნუგა, თხილის კრემი, ციტრუსები, ძეხვი. სეროტონინი, ალერგიული რეაქციების მედიატორი, შედის ბანანის, ავოკადოს, კაკლის შემადგენლობაში. სალიცილატებს ბუნებრივი სახით შეიცავს ხმელი ხილი (ჩირი), კენკრა, ანანასი, გარგარი, ნუში, ფორთოხალი, გრეიპფრუტი. ასკორბინის მჟავას - ჩ ვიტამინის - შემცველობა მაღალია ციტრუსებსა და მათ წვენებში, მჟაუნმჟავასი - ტომატში, ისპანახში, მჟაუნაში. ეს ორი ნივთიერებაც კვებითი ალერგიის გამომწვევია. ამრიგად, როდესაც იცით, რომელი პროდუქტია სახიფათო ალერგიისადმი მიდრეკილი პატარებისთვის, უნდა მოარიდოთ იმ საკვებსაც, რომელიც მსგავს ალერგენებს შეიცავს.


- რა საფრთხეს უქადის მტვერი ალერგიულ ბავშვს?
- როცა იწყება მცენარეთა ყვავილობა, მწვავდება ალერგია ყვავილის მტვერზე. სეზონური ცრემლდენა, თვალების სიწითლე და წვა, სურდო, მოთენთილობა სწორედ მცენარეების მტვრით არის გამოწვეული. ოთახის მტვერი უფრო სახიფათოა - ბაქტერიებსა და ვირუსებთან ერთად იგი შეიცავს ქსოვილის, ადამიანისა და ცხოველის კანის, ქუჩიდან თუ სამზარეულოდან შემოსული მტვრის ნაწილაკებს. მათ ემატება საყოფაცხოვრებო გამწმენდი საშუალებების შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნაერთები, ობის სოკოს სპორები, მტვრის ტკიპა (ეს უკანასკნელი ალერგიული სურდოს, ბრონქული ასთმის მაპროვოცირებელი ძლიერი ალერგენია). ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს წიგნის მტვერმაც.


- შესაძლებელია თუ არა მტვერთან ბრძოლა?
- მტვრის მოსაცილებლად საუკეთესო გზაა სახლის სველი წესით დალაგება და განიავება. ამასთან ერთად, საჭიროა საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის გაწმენდა მტვრის უხილავი ნაწილაკებისგან. ქუჩის მტვერთან ბრძოლა გაცილებით რთულია. უმჯობესია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ჩვენ თვითონ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მტვერი ჩავყლაპოთ. სახლის მტვერი შეიცავს ქიმიურ კომპონენტებს. მათი წყაროა სარეცხი ფხვნილი, ავეჯისა და მინის საწმენდები, სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები. ეს ნივთიერებები თვალის ლორწოვან გარსს აღიზიანებს, იწვევს ქავილს, სიწითლეს, ქუთუთოების ალერგიულ შეშუპებას, ალერგიულ ეგზემას. თუ ალერგიისადმი ხართ მიდრეკილი, გირჩევთ შინ დაბრუნებისთანავე მიიღოთ აბაზანა, ჩაიცვათ საშინაო ტანსაცმელი, საგარეო სამოსი კი კარგად დაფერთხოთ ფანჯრიდან და გაამზეუროთ. ტყავის სამოსი, ბავშვის სასეირნო ეტლი შინ დაბრუნებისთანავე გაწმინდეთ სველი ჩვრით. ქარში ბავშვი სასეირნოდ არ წაიყვანოთ. რბილი სათამაშოები დაასუფთავეთ სველი წესით.


- რას გვეტყვით მედიკამენტური ალერგიის შესახებ?
- ბავშვებში ხშირად შეინიშნება წამლების გვერდითი მოვლენები, რომლებიც ძალიან ჰგავს მედიკამენტურ ალერგიას. მხოლოდ სპეციალური გამოკვლევა აჩვენებს, ჭეშმარიტი ალერგიაა ეს თუ არა. ზოგიერთს ინდივიდუალური აუტანლობა აქვს მედიკამენტის მიმართ, რაც ღვიძლის განსაზღვრული ფერმენტის ნაკლებობით ან უკმარისობით არის განპირობებული. გამოკითხვის შემდეგ ხშირად ირკვევა, რომ იმავე მედიკამენტის აუტანლობა მშობლებსაც ჰქონიათ. მედიკამენტების მიმართ რეაქციები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: მოსალოდნელად და წინასწარ განუსაზღვრელად. მოსალოდნელი რეაქცია შესაძლოა მედიკამენტის ფარმაკოლოგიური მოქმედების შედეგი იყოს; წინასწარ განუსაზღვრელია იდიოსინკრაზია, წამლის აუტანლობა, რომლებსაც იმუნოლოგიური საფუძველი აქვთ. დაუყოვნებელი ალერგიული რეაქციები ფსვდოალერგიულ რეაქციებად განიხილება. ასეთ დროს აქტიურდებიან ფოყიერი უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ რეაქციის მედიატორს - ჰისტამინს.


- ცნობილია შემთხვევები, როცა პრემედიკაციის მიზნით გამოყენებულ ანტიჰისტამინურ პრეპარატებზე ბავშვს ალერგიული რეაქცია განუვითარდა. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, რომელი პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ?
- ასეთი შემთხვევები ნამდვილად არის ცნობილი, ამიტომ უმჯობესია, პრემედიკაციისთვის ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები გამოვიყენოთ. მაგალითად, ცეტირიზინი. იგი 1 თვით ინიშნება, თუ ბავშვს წინა აცრისას ალერგიული რეაქცია განუვითარდა, ხოლო ალერგიისთვის დამახასიათებელი ნიშნების შემჩნევისას (ლოყების წამოწითლება) ინიშნება ფენკაროლის ხანმოკლე კურსი.

ალერგიული ბავშვი

- უნდა ავცრათ თუ არა ალერგიული ბავშვი?
- ბავშვების ვაქცინაცია ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი შეფერხება, თუნდაც ალერგიისადმი მიდრეკილ ბავშვებში, დაუშვებელია. ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ მაღალი რისკის მქონე პირებს, რომელთაც აღენიშნებათ ანაფილაქსიური რეაქციები საკვებზე და აუტოიმუნური დაავადებები. არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება ალერგიული ბავშვის ვაქცინაციის გადავადება ან შეწყვეტა ანაფილაქსიური რეაქციის გამო. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ დაუყოვნებელი სისტემური ალერგიული რეაქციები უკიდურესად იშვიათია. ალერგიის (ატოპიის) ჩამოყალიბების გენეტიკური რისკი გავლენას ახდენს ჩვილ ასაკში ვაქცინაციაზე რეაგირების უნარზე. შეფარდება `რისკი თუ სარგებელი~ ვაქცინაციის სასარგებლოდ იხრება.


- როგორც აღნიშნეთ, ადრეული ასაკის ბავშვებს ალერგიული რეაქცია ყველაზე ხშირად ძროხის რძეზე, კვერცხზე უვითარდებათ. როგორ გამოვკვებოთ ასეთი ბავშვები?
- კვერცხზე, ძროხის რძეზე ალერგიული რეაქცია სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. ალერგიის შემთხვევაში ისინი რაციონიდან უნდა ამოვიღოთ და ბავშვს თვალყური ვადევნოთ. განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო სიცოცხლისთვის სახიფათო რეაქციების დროს იმ ვაქცინებით იმუნიზაციისას, რომლებიც შეიცავს კვერცხის პროტეინებს (ცილას). ვაქცინები შეიძლება შეიცავდეს ასევე ალუმინის იონებს, ჟელატინს... ნებისმერი ალერგიული განწყობის შემჩნევისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად აიცილონ თავიდან ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს წინა ვაქცინაციის დროს გამოვლენილ ალერგიისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.


- რას გულისხმობს ბავშვის მეთვალყურეობა?
- ალერგიული ბავშვის კონტროლი გულისხმობს არა მარტო ვაქცინაციისადმი ფრთხილ დამოკიდებულებას, არამედ დაავადების გართულების თავიდან აცილებასაც. ექიმის მიერ დადგენილი პრემედიკაცია (აცრისთვის ბავშვის მომზადება ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებით) ყველა ალერგიული პაციენტისთვის უსაფრთხო და ეფექტურია. პრემედიკაცია ვაქცინის ეფექტურობას არ ამცირებს. მხოლოდ ექიმ სპეციალისტთან კონსულტაციით, ზუსტად და სწორად შეკრებილი ანამნეზით, ექიმისა და მშობლის გულღია ურთიერთობით, სწორად დანიშნული გამოკვლევებით (უწინარესად - კანის ალერგიული სინჯებით) არის შესაძლებელი სწორი დიაგნოსტიკა და უსაფრთხო მკურნალობა.


- ჩვილ ბავშვთა 25%-ს ატოპიური დერმატიტი ან, როგორც ხალხში უწოდებენ, დიათეზი აქვს...
- ატოპიური დერმატიტი სიცოცხლის პირველ თვეებში იჩენს თავს, როგორც ალერგიული რეაქცია ხელოვნურ თუ მეძუძური დედის მიერ მიღებულ საკვებზე და პერიოდულად მწვავდება. ჩვილს ნაზ კანზე თავდაპირველად უმნიშვნელო სიწითლე უჩნდება, მერე - გამონაყარი სახეზე, ლოყებზე, ნაოჭებში, ნაკეცებში. შეწითლებული ადგილები პატარას ექავება, ამიტომ ძილი უტყდება, ჭირვეულობს, ვერ ისვენებს. ამ ალერგიული დაავადების განვითარებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს. ერთ-ერთი მათგანია მემკვიდრეობითი განწყობა. თუ რომელიმე მშობელს ალერგიული დაავადება აქვს, ალბათობა იმისა, რომ ბავშვს დიათეზი ჰქონდეს, 10-20%-ია; როცა ორივე მშობელია ალერგიული, ალბათობა 70%-მდე იმატებს. დაავადების მაპროვოცირებელ ფაქტორად მიიჩნევა კანის მიკროფლორის დარღვევა. თუ კანის მთლიანობა დაირღვა, - გაჩნდა ნაკაწრი, ეროზია, - მავნე მიკროორგანიზმები და მათი ცხოველქმედების ტოქსიკური პროდუქტები, რომლებიც ალერგენებს წარმოადგენენ, ორგანიზმში შეიჭრებიან.


- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ პატარას ატოპიური დერმატიტი აქვს?
- თუ პატარას ატოპიური დერმატიტის დიაგნოზი დაუსვეს, ექიმი მშობლებს გააფრთხილებს, რომ ბავშვის მენიუში ყოველი ახალი პროდუქტის შეტანა მას შეუთანხმონ. დედამ უნდა აწარმოოს დღიური, სადაც აღნუსხავს რაციონში შეტანილ ყოველ ახალ პროდუქტს, განსაკუთრებით - რძის ნაწარმს, ხილსა და ბოსტნეულს, და მათზე რეაქციას. სასურველია, ჩვილი ყოველდღე დავბანოთ სპეციალური ჰიპოალერგიული საშუალებით, რომელიც არ შეიცავს ტუტეს, რათა თავიდან ავიცილოთ კანის გამოშრობა, ზედმეტი გაღიზიანება და მისი ბუნებრივი გარემოს შეცვლა. სწორად შეურჩიეთ ჩვილს სამოსი. თუ ოთახში ცხელა, ჩვილი გაოფლიანდება და შესაძლოა დაავადება გამწვავდეს. ზომიერად ჩააცვით მაშინაც, როცა სასეირნოდ მიგყავთ. სამოსი უნდა იყოს ნატურალური ქსოვილისა (არა სინთეტიკური), არ ჰქონდეს უხეში ნაკერები, იყოს თავისუფალი და არა ტანზე შემოტმასნილი. ატოპიური დერმატიტის დასაძლევად ძირითადი გზაა მკურნალობა ექიმის მიერ შერჩეული სპეციალური კრემებით, გელებითა თუ აბაზანებით. დაიხსომეთ: თუ ბავშვის კვებისა თუ მოვლის რეჟიმი დაირღვა, დაავადება შესაძლოა გამწვავდეს. გირჩევთ, ზუსტად შეასრულოთ ექიმის დანიშნულება და მითითებები ჩვილის მოვლის თაობაზე.


 

კატეგორია: ალერგოლოგია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 908 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2  
icecream

1  
dry dry dry dry dry dry dry biggrin biggrin biggrin angry angry angry biggrin surprised surprised smile wacko tongue wink wink wink wink faint book book cranky faint

სახელი *:
Email *:
კოდი *: