მთავარი » ფაილები » ალერგოლოგია

პოლინოზი მცენარეული ალერგია
2012-04-10, 10:13 PM
პოლინოზი მცენარეული ალერგია

პოლინოზი ალერგიული დაავადებაა. ის მოსახლეობის 10%-ს აწუხებს. დაავადებას თივის ცხელებას უწოდებენ, თუმცა რეალურად ის არა თივით, არამედ ყვავილის მტვრით არის გამოწვეული. პოლინოზს უმეტესად ხეების, მარცვლოვანი მცენარეებისა და სარეველა ბალახის მტვერი იწვევს. ალერგიულ ადამიანებს პოლინოზი მაშინ უმწვავდებათ, როცა მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია განსაზღვრულ დონეს მიაღწევს. საქართველოსთვის დამახასიათებელია მცენარეთა ყვავილობის სამი სეზონი, რის გამოც აღინიშნება პოლინოზის გამწვავების სამი ტალღა: ადრე გაზაფხულზე, გაზაფხულ-ზაფხულის გარდამავალ პერიოდში და ზაფხულ-შემოდგომის გარდამავალ პერიოდში. პოლინოზის განვითარების რისკფაქტორებია ალერგიით (ატოპიით) დატვირთული გენეტიკა, საცხოვრებელი ადგილი, სადაც ალერგიის გამომწვევი მცენარეები ხარობენ და ბავშვის ადრეული გადაყვანა ძროხის რძით კვებაზე.

პოლინოზის სიმპტომები
პოლინოზი უმთავრესად სიმპტომთა კომპლექსით - კონიუნქტივიტით, რინიტითა და ასთმით ვლინდება. პაციენტი უჩივის თვალების, ცხვირის, სახის, ცხვირ-ხახის ქავილს, თვალების სიწითლეს, სინათლის შიშს, ცრემლდენას, ქუთუთოების შეშუპებას. თვალებიდან გამონადენი თავდაპირველად გამჭვირვალეა, მერე კი შესაძლოა ჩირქოვანი გახდეს. მძიმე შემთხვევაში თვალის ლორწოვანზე წყლულები ჩნდება. ბევრს აწუხებს შეტევითი ცემინება (10-დან 50-მდე), ცხვირიდან უხვი თხიერი გამონადენი (წყლიანი სურდო), რასაც ცხვირის გაჭედვა მოჰყვება, თავის ტკივილი. პოლინოზი შეიძლება გართულდეს ანოსმიით (ყნოსვის დაკარგვით), სინუსიტით (ცხვირის დანამატი წიაღების ანთებით). არც სხვა ალერგიული დაავადებების  - ჭინჭრის ციების, დერმატიტის განვითარებაა გამორიცხული. ზოგიერთ ავადმყოფს დაავადება მცენარის ნაყოფის ან მისი პროდუქტის მიღებისას უმწვავდება. თივის ცხელებამ შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი. უმეტესად ეს 8-დან 20 წლამდე ხდება, იშვიათად - 40 წლის შემდეგ. აღიარებულია, რომ ამინდი გავლენას ახდენს ჰაერში ყვავილის მტვრის კონცენტრაციაზე. სიმშრალე, სიცხე და ქარი ხელს უწყობს მტვრის გავრცელებას, წვიმისას კი ჰაერში მტვრის კონცენტრაცია მცირდება და პოლინოზის გამწვავების ალბათობაც იკლებს. გარდა ამისა, მცენარეები მტვერს დღის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად გამოყოფენ. მისი კონცენტრაცია პიკს დილით და დღის პირველ ნახევარში აღწევს, რაც ალერგიულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.


როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან პოლინოზი და გაციება
ცხვირიდან გამონადენი სურდოსაც ახლავს თან. მიზეზი უმეტესად ზემო სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებაა. როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ალერგია და გაციება? მართალია, სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც: ალერგიის დროს გამონადენი გამჭვირვალეა, ტემპერატურა არ იმატებს, ხოლო გაციებისას გამონადენს მოყვითალო ფერი აქვს, პაციენტს აწუხებს სხეულში ტეხის შეგრძნება, სხეულის ტემპერატურა 37-38 გრადუსამდე იწევს. ალერგიის სიმპტომები ალერგენის ზემოქმედების შემდეგ მალევე იჩენს თავს, ხოლო გაციების ნიშნები 1-3 დღეში გამოვლინდება. ალერგია მანამდე გრძელდება, სანამ ალერგენი მოქმედებს, ხოლო გაციება 5-7 დღეში გაივლის.


როგორ ვუმკურნალოთ პოლინოზს
პოლინოზს მკურნალობენ როგორც უშუალოდ გამწვავების დროს, მცენარეთა ყვავილობის პერიოდში, ისე პროფილაქტიკურადაც, ყვავილობის დაწყებამდე. თუ უკუჩვენება არ არსებობს, პროფილაქტიკა უფრო ეფექტურია. იგი სპეციფიკურ დესენსიბილიზაციას (ჰიპოსენსიბილიზაციას) გულისხმობს. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაციის გზით ორგანიზმი ალერგენის მიმართ სპეციფიკურ ტოლერანტობას (მდგრადობას) გამოიმუშავებს. ამისთვის ორგანიზმში ყვავილის მტვრის ალერგენის მზარდი დოზები შეჰყავთ. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია, წესისამებრ, ზამთარში იწყება და ყვავილობის სეზონის დამდეგს სრულდება, თუმცა ისიც შეიძლება, შემცირებული დოზით პროფილაქტიკური მკურნალობა მთელი წელი გაგრძელდეს. მყარი შედეგის მისაღებად სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია სამჯერ მაინც უნდა ჩატარდეს. მკურნალობის ეს მეთოდი სწორედ პოლინოზის დროს იძლევა საუკეთესო შედეგს და მისი ეფექტურობა 80-90%-ს უახლოვდება. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია აუცილებლად ექიმმა ალერგოლოგმა უნდა ჩაატაროს სპეციალიზებულ ალერგოლოგიურ დაწესებულებაში (ალერგოლოგიურ კაბინეტში). სამკურნალო ალერგენის ყოველი ინექციის წინ და შემდეგ ავადმყოფი აუცილებლად უნდა გაისინჯოს და დარჩეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინექციიდან 30 წუთის განმავლობაში. გამწვავების პერიოდში დაავადების სიმპტომების შესამცირებლად სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, უმთავრესად - ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, ინტალის პრეპარატებს, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებებს. მძიმე შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ცხვირის ადგილობრივად მოქმედი კორტიკოსტეროიდების საინჰალაციო ფორმაც. თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მაგალითად, ანტიჰისტამინური პრეპარატები კარგად მოქმედებს თვალისა და ცხვირისმხრივ სიმპტომებზე. იყენებენ როგორც ტაბლეტებს, ასევე საინექციო ფორმებს, თუმცა მათ უმეტესობას ძილის მომგვრელი (სედაციური) ეფექტი ახასიათებს, მცირე ხანს მოქმედებს და არ ახდენს პროფილაქტიკურ ეფექტს. აქვე უნდა ითქვას, რომ ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები სედაციურ ეფექტს მოკლებულია. ზოგიერთ მათგანს აქვს სუსტად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კარგი პროფილაქტიკური ეფექტით გამოირჩევა ინტალის პრეპარატები, თუმცა მათი ხანგრძლივი და რეგულარული გამოყენებაა საჭირო.

პოლინოზი მცენარეული ალერგია

ალერგიის სიმპტომებს ამცირებს და ალერგიული ანთების უკუგანვითარებას იწვევს ადგილობრივი მოქმედების სტეროიდები. მათ ახასიათებთ პროფილაქტიკური მოქმედებაც. დეკონგესცანტები ინიშნება მაშინ, როდესაც ცხვირიდან გამონადენი უხვია, მაგრამ მათი ხანგრძლივი (7 დღეზე მეტხანს) გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. პოლინოზის მკურნალობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ელიმინაციურ ღონისძიებებს: ავადმყოფი ყვავილობის პერიოდში უნდა გაერიდოს ჩვეულ გარემოს; თუ ეს შეუძლებელია, უნდა ერიდოს მზიან და ქარიან ამინდში გარეთ სიარულს, გამოიყენოს მზის სათვალე, ხშირად გამოირეცხოს ზედა სასუნთქი გზები ონკანის ან ოდნავ მარილიანი წყლით (ფიზიოლოგიური ხსნარით).


რა უნდა იცოდნენ პოლინოზით დაავადებულებმა

  • ყვავილობის პერიოდში ერიდეთ ქალაქგარეთ სეირნობას და ბაღში მუშაობას.
  • ყვავილობის სეზონზე მანქანით მგზავრობისას ფანჯრებს ნუ გააღებთ.
  • ოთახს ნუ გაანიავებთ ფანჯრის გაღებით, გამოიყენეთ კონდიციონერი.
  • ერიდეთ თაფლს - მასში შესაძლოა ყვავილის მტვრის ალერგენები აღმოჩნდეს.
  • ნუ მოსწევთ სიგარეტს - ნიკოტინი ამძიმებს პოლინოზის სიმპტომებს, ზრდის სასუნთქი გზების ლორწოვანის მგრძნობელობას.


ურტიკარია - ჭინჭრის ციება
ურტიკარია კანის თავისებური რეაქციაა სხვადასხვაგვარ გამღიზიანებელზე. ახასიათებს ფართო ბრტყელი ამობურცული მეტ-ნაკლებად მქავანა გამონაყარი, რომელიც რამდენიმე საათიდან რადენიმე დღემდე გასტანს და ლიკვიდაციის შემდეგ ქრება. ამოუცნობი მიზეზით გამონაყარი  დიდხანს იძლევა რეციდივებს. თუ ალერგიულმა შეშუპებამ კანის უფრო ღრმა შრეები მოიცვა, ვითარდება კვინკეს შეშუპება. ამ დროს უმეტესად შუპდება სახე, თვალებისა და ტუჩების არე. არის შემთხვევები, როცა შეშუპება თავისთავად უკუვითარდება, ხოლო მძიმე შემთხვევებში, როცა შეშუპება სასუნთქ გზებს მოიცავს და სუნთქვას აძნელებს, სასწრაფო მკურნალობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ურტიკარიას ახასიათებს:

  • ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი, რომლის ნაწილიც ქრება, მაგრამ მის ნაცვლად სხვა ადგილას ახალი ჩნდება;
  • ქავილი და წვა გამონაყარის არეში.

მწვავე ურტიკარიის დროს გამონაყარი რამდენიმე დღიდან ექვს კვირამდე გასტანს. თუ სიმპტომები უფრო მეტხანს გაგრძელდა, ქრონიკულ ურტიკარიაზე საუბრობენ. კვინკეს შეშუპებას ახასიათებს:

  • კანისა და მისი ღრმა შრეების შეშუპება, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევია თვალების, ტუჩების, ზედა კიდურების, შორისის ან ხორხის არეში.

შეშუპებული არე მტკივნეული და თბილია. მძიმე შემთხვევებში ჭირს ყლაპვა და სუნთქვა, შესაძლოა ანაფილაქსიური შოკი განვითარდეს.


რატომ ვითარდება ურტიკარია და კვინკეს შეშუპება
ალერგენების ზემოქმედებით სისხლში არსებული ფოყიერი უჯრედები იშლება და გამოთავისუფლდება ალერგიული რეაქციის გამომწვევი ნივთიერება - ჰისტამინი და სხვა ქიმიური ფაქტორები. ურტიკარიასა და კვინკეს შეშუპებას, ჩვეულებრივ, საკვები, მედიკამენტები, სიცივე და ზოგიერთი სხვა ალერგენი იწვევს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.


ვის ემუქრება კვინკეს შეშუპება და ურტიკარია
ამ ფართოდ გავრცელებული ალერგიული რეაქციების რისკი მაღალია, თუ:

  • ის ადრეც გამოვლენილა;
  • ადამიანს ერთხელ მაინც გადაუტანია ნებისმიერი ტიპის ალერგიული რეაქცია;
  • ადამიანს აქვს იმუნური სისტემის დაზიანებით მიმდინარე დაავადება;
  • ანალოგიური რეაქცია დადასტურებულია სისხლით ნათესავებს შორის.


მკურნალობა
მკურნალობენ ანტიჰისტამინებით. შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობის კურსში კორტიკოსტეროიდების ჩართვა. მძიმე შემთხვევებში, გამორიცხული არ არის, წარმოიშვას სტაციონარში მიყვანისა და ადრენალინის გაკეთების აუცილებლობა.

პოლინოზი მცენარეული ალერგია

რა უნდა ვიცოდეთ ურტიკარიისა და კვინკეს შეშუპების შესახებ

  • უნდა ვეცადოთ დავადგინოთ, რამ გამოიწვია ალერგიული რეაქცია და შეძლებისდაგვარად თავი ვარიდოთ ამ ფაქტორების ზემოქმედებას.
  • საჭიროებისას გამოვიყენოთ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები.
  • გამონაყარის არსებობისას ვერიდოთ შალის ტანსაცმელს, ვატაროთ ბამბისა.


აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ

  • ანტიალერგიულმა პრეპარატებმა შედეგი არ გამოიღო;
  • თავს ცუდად გრძნობთ;
  • სიმპტომები გახანგრძლივდა.


მედიკამენტური ალერგია
მედიკამენტური ალერგიის მიზეზი ამა თუ იმ წამალზე ორგანიზმის იმუნური სისტემის ანომალიური რეაქციაა. ალერგიის მიზეზად მრავალი მედიკამენტი შეიძლება იქცეს. ამ მდგომარეობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები ურტიკარია, ალერგიული გამონაყარი და ტემპერატურის მომატებაა. მედიკამენტების მიმართ ალერგიამ ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი, იმ საშუალებების მიმართაც კი, რომლებსაც ადრე ასეთი რეაქცია არ გამოუწვევია. მედიკამენტური ალერგია ყოველთვის არ არის ჭეშმარიტი, ანუ რეაქციის აღმოცენებაში ყოველთვის არ მონაწილეობს იმუნური სისტემა, თუმცა კლინიკური სიმპტომები ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჭეშმარიტი მედიკამენტური ალერგიის დროს. მიუხედავად ამისა, ორივე ტიპის რეაქციისას აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, რადგან სიცოცხლეს ორივემ შეიძლება შეუქმნას საფრთხე.


როგორ ვლინდება
ხშირად მედიკამენტური ალერგიის სურათი წამლის მიღებიდან რამდენიმე წუთში აღმოცენდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ალერგია მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იჩენს თავს. პაციენტი შეიძლება უჩიოდეს გამონაყარს, ურტიკარიას, ქავილს, ცხელებას, სახის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას. ანაფილაქსიური რეაქციაც კია მოსალოდნელი.


როგორ ვითარდება
მედიკამენტზე ალერგიული რეაქცია მაშინ ვითარდება, როცა იმუნური სისტემა იწყებს მედიკამენტის წინააღმდეგ "ბრძოლას". გაურკვეველია, რატომ არის, რომ ესა თუ ის წამალი ზოგიერთში ალერგიას ან სხვა გვერდით ეფექტებს იწვევს, ზოგიერთში კი არა. უდავოა, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც გენეტიკური ფაქტორები, ასევე გარემო, მთელი ცხოვრების განმავლობაში მიღებული მედიკამენტები. მედიკამენტურ ალერგიას ყველაზე ხშირად იწვევს:

  • ანტიბიოტიკები, პირველ რიგში - პენიცილინი, სულფანილამიდები. გარდა ალერგიისა, ხშირია ამ მედიკამენტებით გამოწვეული არაალერგიული გვერდითი ეფექტები - გულისრევა და ფაღარათი.
  • ვაქცინები. ვაქცინის მიმართ ალერგიული რეაქციები შედარებით იშვიათია. ალერგიის მიზეზი ზოგჯერ თავად ვაქცინაა, მაგრამ უფრო ხშირად ბრალი მის განსაზღვრულ კომპონენტს მიუძღვის. შესაძლოა თავი იჩინოს ვაქცინის მიმართ არაალერგიულმა რეაქციამაც - ადგილობრივმა სიწითლემ ან ქავილმა, მაგრამ ეს საშიში არ არის და მალე გაივლის.


არაალერგიული რეაქციები მედიკამენტების მიმართ
როგორც აღვნიშნეთ, არის შემთხვევები, როცა ალერგიულის მსგავსი რეაქცია იმუნური სისტემის მონაწილეობის გარეშე ვითარდება. მიუხედავად ამისა, სიმპტომები ალერგიის მსგავსია. არაალერგიულ რეაქციებს იწვევს:

  • რენტგენოკონტრასტული საშუალებები. ზოგი ადამიანი მგრძნობიარეა რენტგენოლოგიური კვლევისას გამოყენებული კონტრასტული საშუალებების მიმართ. რეაქცია ვლინდება სიწითლით, ქავილით, წნევის დაცემით.
  • ასპირინი, იბუპროფენი და სხვა ტკივილგამაყუჩებლები. მათ მიღებას შესაძლოა ურტიკარია, სუნთქვის გაძნელება და ხიხინი მოჰყვეს.
  • ანტიბიოტიკები. რეაქცია ხშირად ვლინდება მუცლის ტკივილითა და ფაღარათით.
  • ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები. ეს წნევის დამწევი საშუალებები შესაძლოა ხველის, ტუჩების, ენისა და სახის შეშუპების მიზეზად იქცეს.


როდის იზრდება მედიკამენტური ალერგიის რისკი
მედიკამენტების მიმართ ალერგიული თუ არაალერგიული რეაქციის განვითარების ალბათობა იზრდება, როდესაც:

  • ადამიანს უკვე აქვს გადატანილი ალერგიული რეაქცია. შესაძლოა, ეს რეაქცია უმნიშვნელო იყო, მაგრამ მომავალში დიდია საკმაოდ ძლიერი და საშიში რეაქციის განვითარების რისკი.
  • ადამიანს აქვს ალერგია განსაზღვრული მედიკამენტის მიმართ. ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა, ალერგიულმა რეაქციამ მსგავსი პრეპარატების მიმართაც იჩინოს თავი. მაგალითად, თუ პენიცილინზე ალერგია დადასტურებულია, არსებობს რისკი, ალერგიული რეაქცია სხვა ანტიბიოტიკების მიმართაც განვითარდეს.
  • დადასტურებულია იმუნური სისტემის დაავადება, მაგალითად, შიდსი.
  • ადამიანს ჰქონია რომელიმე ალერგიული დაავადება, მაგალითად, ურტიკარია.
  • ადამიანი ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს იღებს.


დიაგნოსტიკა
პაციენტთან საუბრისას ექიმი არკვევს, ჰქონია თუ არა მას ოდესმე ალერგია და მის შესაძლო მიზეზებს იკვლევს. შესაძლოა, მიზანშეწონილად მიიჩნიოს სისხლის გამოკვლევა განსაზღვრული ანტისხეულების გამოსავლენად, თუმცა მედიკამენტური ალერგიის სადიაგნოზოდ უფრო ინფორმაციულია კანის ტესტი. თუ ადამიანს წარსულში განსაზღვრული მედიკამენტის მიმართ ალერგია აქვს გადატანილი, ამ მედიკამენტზე კანის ტესტის ჩატარება დაუშვებელია. კანის ტესტის ჩასატარებლად განზავებული მედიკამენტის მცირე დოზა ნემსით შეჰყავთ კანში. ალერგიის შემთხვევაში ინექციის ადგილას ვითარდება სიწითლე, ქავილი.

პოლინოზი მცენარეული ალერგია

როგორ მკურნალობენ
უპირველესი ღონისძიება ალერგიის გამომწვევი მედიკამენტის მიღების შეწყვეტაა. გარდა ამისა, აუცილებელია მკურნალობა ალერგიული რეაქციის სიმპტომების შესამცირებლად. მსუბუქი სიმპტომების ასალაგებლად საკმარისია ალერგიის საწინააღმდეგო ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღება, მძიმე შემთხვევებში კი შესაძლოა საჭირო გახდეს ჰორმონების გამოყენება და დაკვირვება საავადმყოფოს პირობებში. არც გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაა გამორიცხული.


საკვებისმიერი ალერგია
საკვებისმიერი ალერგიის დროს განსაზღვრული პროდუქტის მიღების შემდეგ თავს იჩენს იმუნური რეაქცია მისი კომპონენტების მიმართ. ზოგჯერ რეაქცია რომ აღმოცენდეს, საკმარისია საკვების სულ მცირე ულუფა. ალერგია გამოიხატება კუჭ-ნაწლავის მოშლილობით, ურტიკარიით ან სასუნთქი გზების შეშუპებით. არც ანაფილაქსიური რეაქციაა გამორიცხული.


საკვებისმიერი ალერგიის გამოვლინებები
ზოგიერთისთვის საკვების მიმართ ალერგიული რეაქცია მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტის მიზეზია, ზოგიერთისთვის კი სასიკვდილო საფრთხე. სიმპტომები საკვების მიღებიდან უახლოეს 2 საათში იჩენს თავს. ზოგჯერ რამდენიმე წუთშიც კი გამოვლინდება. ალერგია შესაძლოა პირველად მიღებულმა საკვებმაც გამოიწვიოს. საკვებისმიერი ალერგიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • პირის ღრუს წვა და ქავილი;
  • ურტიკარია, კანის ქავილი;
  • ტუჩების, სახის, ენისა და პირის ღრუს, ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება;
  • ხიხინი, ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება;
  • მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება;
  • თავბრუხვევა, სისუსტე.

არ არის გამორიცხული ანაფილაქსიური რეაქცია.


ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული საკვებისმიერი ალერგია
არის შემთხვევები, როცა საკვებისმიერი ალერგია მაშინ იჩენს თავს, როცა ალერგენის შემცველი საკვების მიღებას ფიზიკური დატვირთვა მოსდევს. რეაქცია შესაძლოა საკმაოდ მძიმეც აღმოჩნდეს და ურტიკარიითა და ანაფილაქსიით გამოიხატოს. პრობლემის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, მივირთვათ დატვირთვამდე ორი საათით ადრე, ხოლო განსაზღვრული სახის საკვებს საერთოდ ვერიდოთ.


პოლინოზისა და საკვებისმიერი ალერგიის სინდრომი
ცნობილია, რომ პოლინოზის შემთხვევაში ზოგიერთი საკვები ალერგიულ რეაქციას იწვევს. ამის მიზეზი ეგრეთ წოდებული ჯვარედინი ალერგიული რეაქციაა. საქმე ის არის, რომ ზოგიერთი ხილის, ბოსტნეულისა თუ მარცვლეულის ცილები ჰგავს პოლინოზის გამომწვევი საკვებად უვარგისი მცენარეების ცილებს. თერმული დამუშავება - მოხარშვა ან შეწვა - ალერგიულ რეაქციას უმეტესად თავიდან აგვაცილებს.


რატომ ვითარდება საკვებისმიერი ალერგია 
ალერგიის შემთხვევაში იმუნური სისტემა საკვების გასინჯვისთანავე იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას მასში არსებული ნივთიერებების მიმართ. თუ ასეთი საკვები ხელმეორედ მივირთვით, ანტისხეულების გავლენით ვითარდება ალერგიული რეაქცია. მოზრდილ ადამიანებში საკვებისმიერ ალერგიას ყველაზე ხშირად თევზეული, კაკალი, კვერცხი, შებოლილი და კონსერვირებული საკვები იწვევს, თუმცა ალერგენების სრული ჩამონათვალი, რასაკვირველია, საკმაოდ ვრცელია.


საკვების აუტანლობა
ზოგიერთს ძალიან უჭირს ამა თუ იმ საკვების გადამუშავება, რის გამოც ალერგიის მსგავსი სიმპტომები იჩენს თავს. ერთი შეხედვით ალერგიისა და საკვების აუტანლობის ერთმანეთისაგან გარჩევა ძნელია, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავება - ალერგიას საკვების სულ მცირე ულუფაც კი იწვევს, ხოლო აუტანლობისას მცირეოდენი საკვების მიღება უსაფრთხოა. ზოგჯერ აუტანლობის მიზეზია არა თავად საკვები, არამედ მისი მომზადებისას გამოყენებული ნივთიერებები. გარდა ამისა, საკვებისმიერ ალერგიად შეცდომით შეიძლება მივიჩნიოთ:

  • ზოგიერთი საჭმლის მომნელებელი ფერმენტის უკმარისობა;
  • საკვებით მოწამვლა;
  • მგრძნობელობა საკვებში შემავალი კონსერვანტების მიმართ;
  • რეაქცია სტრესზე, რომელიც ფაღარათით ვლინდება;
  • ცელიაკია.


მკურნალობა
აუცილებელია ვერიდოთ ალერგიის გამომწვევ საკვებს. მსუბუქი რეაქციისას საკმარისია ანტიჰისტამინური საშუალებები, მძიმე შემთხვევაში კი შესაძლოა საჭირო გახდეს სტაციონარული დახმარება.


როგორ ავიცილოთ თავიდან საკვებისმიერი ალერგია
საამისოდ საუკეთესო გზა ალერგიის გამომწვევ საკვებზე უარის თქმაა. თუ იცით, რომ გაქვთ ალერგია საკვების მიმართ:

  • უნდა იცოდეთ, რა არის თქვენთვის უვნებელი;
  • აუცილებლად დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ, რის მიმართ გქონიათ ალერგია;
  • ფრთხილად იყავით კვების ობიექტებში, დააზუსტეთ საკვების შემადგენლობა.
კატეგორია: ალერგოლოგია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 2531 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: