მთავარი » ფაილები » ალერგოლოგია

რა უნდა ვიცოდეთ მწვავე ალერგიული დაავადებების შესახებ
2012-04-10, 10:18 PM

mkurnali.geმწვავე ალერგიული დაავადებების განვითარების მექანიზმებზე, მათი მიმდინარეობის თავისებურებებსა და მართვის პრინციპებზე გვესაუბრება "ჯანმრთელობის სახლის" ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორიბაია ბეზარაშვილი:

- ალერგია თანამედროვე მედიცინის გლობალური პრობლემაა. მრავალრიცხოვანი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 1/3-ზე მეტს აწუხებს ატოპიის ანუ ალერგიისადმი გენეტიკური განწყობის რომელიმე კლინიკური გამოვლინება.

 

თანამედროვე ყოფაში ქიმიური ნივთიერებების უხვი გამოყენება, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფაქტორები, სტრესული გარემო, კვების თავისებურებანი, თამბაქოს კვამლის უშუალო ზემოქმედება და მრავალი სხვა ეგზოგენური თუ ენდოგენური ფაქტორი მოსახლეობის ალერგიზაციას უწყობს ხელს. დღესდღეობით ალერგია პოლივალენტური ხასიათისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეული ორგანიზმისთვის საშიშია არა ერთი, არამედ რამდენიმე ალერგენი. ალერგიული დაავადება, როგორც უკვე იცით, არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა გარესამყაროს ზოგიერთი ფაქტორის მიმართ, რომლებსაც ის პოტენციურად სახიფათოდ აღიქვამს (თუნდაც რეალურად სახიფათო არ იყოს). გარდა ჰიპერრეაქციებისა, არსებობს ნორმალური რეაქციებიც. ნორმალური რეაქცია ნორმალური იმუნური პასუხია. იმუნური სისტემა ჩვენს ორგანიზმს უცხო ნივთიერებებისგან იცავს. იმუნური პასუხის მექანიზმი ძალიან რთულია: გამომუშავდება ანტისხეულები, რომელთა ამოცანა ორგანიზმში შეჭრილი ნივთიერებების - ანტიგენების - განეიტრალებაა. თეორიულად ნებისმიერმა იმუნურმა სისტემამ შეიძლება გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებას და სრულიად უვნებელ ნივთიერებებზე იწყოს რეაგირება. სწორედ ეს იწვევს დამანგრეველი ჰიპერრეაქციების ჩართვას. ამ რეაქციებს ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიული რეაქციები ეწოდება, ხოლო ალერგიული რეაქციის განვითარებაზე პასუხისმგებელ ანტიგენებს - ალერგენები. იმუნიტეტს კარგი "მეხსიერება" აქვს. მას შესწევს უნარი, პირველივე კონტაქტის დროს დაიმახსოვროს უცხო ნივთიერება და მომავალში ამოიცნოს იგი. პირველი შეხვედრისას იმუნიტეტი გამოიმუშავებს სპეციფიკურ ანტისხეულებს, რითაც ანტიგენების გასანეიტრალებლად ემზადება. თუ იგივე ანტიგენი კვლავ მოხვდა ორგანიზმში, იმუნური სისტემა ამოიცნობს მას და უკვე არსებული სპეციფიკური ანტისხეულებით უტევს. ამის გამო ალერგიის მქონე ადამიანს დაავადება ალერგენთან ყოველი კონტაქტის დროს უმწვავდება. ალერგიული რეაქცია მრავალფეროვანია. მისი ფორმები ერთმანეთისგან გამოვლინებითა და სიმძიმით განსხვავდება, სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება და ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილს მოიცავს. ალერგიული რეაქცია რომ განვითარდეს, ორი პირობაა საჭირო: გენეტიკური მიდრეკილება და ერთი ან მეტი ალერგენის ზემოქმედება. მწვავე ალერგიის სიმპტომებია:

  • ცხვირცემინება. ცემინებით ორგანიზმი თავს აღწევს გამაღიზიანებელ სუბსტანციებს: მტვერს, ქვიშას და სხვა, - რომლებიც ორგანიზმიდან სეკრეტორულ სითხესთან ერთად გამოიდევნება. ალერგიის დროს ეს რეაქცია გადაჭარბებულია. ცემინების შეტევები გრძელდება დღეების მანძილზე აშკარა მიზეზის გარეშე.
  • სურდო. ალერგიის დროს ცხვირიდან ჩამონადენი, ჩვეულებრივ, გამჭვირვალეა, წყლისმაგვარი, მაშინ, როცა გაციებისას ის მოყვითალო და სქელია. ვითარდება ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ლორწოვანი სქელდება, რაც ხელს უშლის ცხვირის არხში ჰაერის მოძრაობას. ეს აფერხებს ლორწოს ნორმალურ დენას ან ახდენს მის სრულ ბლოკირებას. ცხვირის მოწმენდის მცდელობა მხოლოდ ართულებს მდგომარეობას.
  • კანისა და თვალების ქავილი. შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. ქუთუთოები, ჩვეულებრივ, შეშუპებული და გაწითლებულია.
  • გამონაყარი (ჭინჭრის ციება) - უამრავი წვრილი წერტილი კანზე, როგორც ტანის, ასევე სახის ნებისმიერ უბანზე. ჩვეულებრივ, გრძელდება რამდენიმე დღე.


ალერგია შინაურ ცხოველებზე
ალერგენების კონტეინერი ცხოველების ბეწვია. მათზე გროვდება ნერწყვი, შარდი, შრატი (სისხლის ნაწილი), გარქოვანებული ჩამოფცქვნილი კანი, ეპითელიუმი, ექსკრემენტები. ალერგენები ადამიანზე მტვრის შესუნთქვისას ზემოქმედებს. ყველაზე ხშირად გვხვდება ალერგია კატებზე, ცხენებსა და წვრილ მღრღნელებზე; ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა ბრონქული ასთმა, სურდო, კონიუნქტივიტი; იშვიათია ეგზემა. ადამიანების უმრავლესობას სენსიბილიზაცია საკუთარი შინაური ცხოველის მიმართ უვითარდება; შედარებით იშვიათია სენსიბილიზაცია სხვა ცხოველებთან კონტაქტის დროს. მკურნალობის საწყის ეტაპად უნდა იქცეს ცხოველის როგორც ალერგენის წყაროს მოშორება, მასთან კონტაქტის შეწყვეტა.


ალერგია სახლის მტვერზე
სახლის მტვერი შედგება სოკოს სპორებისგან, ადამიანისა და შინაური ცხოველის ეპიდერმისისგან, შინაური მწერების ნაწილებისგან, კვერცხებისა და ექსკრემენტებისგან, ბაქტერიებისგან, მცენარის მტვრისგან. სახლის მტვერში ათობით მიკროტკიპაა, რომლებიც ალერგენული აქტივობით გამოირჩევა.


ალერგია მწერის ნაკბენზე
ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს ფუტკრისა და კრაზანას ნაკბენი. კბენის შემდეგ გაჩენილი პაპულა ჯანმრთელი ადამიანის კანიდან მალე ქრება, სენსიბილიზებულ პირებში კი ადგილობრივი ალერგიული რეაქცია სერიოზულია: წარმოიქმნება მტკივნეული წითელი ბუშტუკი, რომელიც შესაძლოა ორ დღეში გაიზარდოს; ზოგჯერ ვითარდება გენერალიზებული რეაქცია: ჭინჭრის ციება, შეშუპება, ღებინება, ფაღარათი, სურდო, ასთმის  შეტევა, ანაფილაქსიური შოკი. თუ ალერგია გაქვთ ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენის მიმართ, გამოიჩინეთ სიფრთხილე: ნუ ივლით ბალახში ფეხშიშველი, დიდხანს ნუ დარჩებით ხეების ახლოს, ერიდეთ მკვეთრ მოძრაობას, როცა ახლომახლო ფუტკარი ან კრაზანაა.


კვებითი ალერგია
კვებითი ალერგიის სურათი მრავალფეროვანია: მუცლის ტკივილი, ღებინება, ფაღარათი, სურდო, ბრონქოსპაზმი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. ეს სიმპტომები ალერგენის მოქმედებისთანავე ჩნდება. ხშირად გვხვდება ალერგია ძროხის რძეზე, დედის რძეზე, კვერცხის ცილაზე, თევზზე, მოლუსკებზე, ხილსა და ბოსტნეულზე. ხილისა და ბოსტნეულის ალერგენები ხშირად თერმოლაბილურია და კულინარიული დამუშავების შემდეგ იშლება. უნდა გვახსოვდეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები უფრო და უფრო უკეთ იტანენ განსაზღვრულ საკვებს, თუმცა ცნობილია, რომ, მაგალითად, ალერგია თევზსა და არაქისზე გრძელდება უფრო მეტხანს, ვიდრე ალერგია ძროხის რძეზე ან კვერცხზე. რატომ, გაურკვეველია.


კატეგორია: ალერგოლოგია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 2874 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: