მთავარი » ფაილები » დიეტოლოგია

სიმსუქნის შენიღბული მიზეზები
2012-04-10, 10:25 PM
სიმსუქნის შენიღბული მიზეზები

ჭარბი კალორიები სიმსუქნის ერთადერთი მიზეზი როდია. რაციონის შეზღუდვა და ფიტნესკლუბში კალორიების გაძლიერებული დაწვა საქმეს ყოველთვის ვერ შველის. ეს იმიტომ, რომ არსებობს შენიღბული ფაქტორები, რომლებიც ჭარბი კილოგრამების დაგროვებას უწყობს ხელს.


ქრონიკული გამოუძინებლობა
მუდმივად გამოუძინებელი ადამიანის ორგანიზმი კარგავს ძალების სრულფასოვანი აღდგენის და ენერგეტიკული მარაგის რაციონალური გამოყენების უნარს. სტრესი, ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია, პროვოცირებას უწევს ცხიმების დაგროვებას, რადგან იმ ჰორმონთა დიდი ნაწილი, რომლებიც მადას აქვეითებს და ცხიმების წვას იწვევს, მთელი დატვირთვით სწორედ მაშინ მუშაობს, როდესაც გვძინავს.

როგორ მოვიქცეთ?
აუცილებელია გამოძინება. 15-წუთიანი სრულფასოვანი ძილიც კი საგრძნობლად უწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას, აუმჯობესებს განწყობას, ზრდის შრომის უნარს და აქვეითებს მადას.


სტრესი
სტრესი ბიოქიმიურ ენაზე სისხლში კორტიზოლის, ადრენალინის, ლეპტინისა და სხვა ჰორმონების დიდი რაოდენობით გადმოსროლაა, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც პირდაპირ ალაგებს ცხიმებს თეძოებსა და მუცლის ღრუში. ამასთან, სტრესის შემდგომ ადამიანში ტკბილეულისადმი სწრაფვა იღვიძებს. შოკოლადი, კრემიანი ნამცხვრები, მურაბა, თაფლი, შედეგად კი - ჭარბი კილოგრამები...


როგორ მოვიქცეთ?
ბევრს სირბილსა და ვარჯიშზე მეტად დამშვიდება და რელაქსაცია შველის, ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, ისწავლეთ სწრაფად დამშვიდება, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გადაუშალეთ გული მეგობარს, საყვარელ ადამიანს და სხვა.


არასწორი კვება
კალორიების თვლას მივეჩვიეთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ რაციონის შედგენისას მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია, თუ ადამიანს გონივრულ დიეტაზე ყოფნისას გამუდმებით აწუხებს შიმშილი, ესე იგი რაციონში არ არის საკმარისი ცილა. ადამიანები, რომელთა რაციონში ცილის შემცველობა არ აღემატება 10%-ს, იღებენ მათზე 260-300 კალორიით მეტს, ვიდრე ისინი, რომელთა რაციონშიც ცილის წილი 15%-ია. სიფრთხილე გმართებთ ხილთან. ჩვეულებრივი ვაშლი შესაძლოა გაცილებით მეტ ნახშირწყლებს შეიცავდეს, ვიდრე გვგონია.


როგორ მოვიქცეთ?
შეადგინეთ ისეთი რაციონი, რომ მასში შედიოდეს ცილა - არანაკლებ 15%-ისა, მდიდარი იყოს რძის ნაწარმითა და ხორცით, ხილს ბოსტნეული ამჯობინეთ.


სამკურნალო პრეპარატები
მედიკამენტების დახმარებით ადამიანმა თვეში შესაძლოა 500 გრამიდან 5 კგ-მდე მოიმატოს. ისინი ამას სხვადასხვა მექანიზმით ახერხებენ: ერთნი მადას აძლიერებენ, მეორენი სისხლში ინსულინის დონეს ცვლიან, მესამენი ორგანიზმში სითხეს აკავებენ და სხვა. საბედნიეროდ, ასეთი გვერდითი ეფექტები ბევრს არ ახასიათებს. ამ მხრივ გამოირჩევა სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, წნევის დამწევი მედიკამენტები და გულძმარვის სამკურნალო საშუალებები.


როგორ მოვიქცეთ?
გაეცანით იმ წამლის ინსტრუქციას, რომლის მიღებასაც დიდი ხნის განმავლობაში აპირებთ. თუ მსგავსი ინფორმაცია აღმოაჩინეთ, დაეკითხეთ სპეციალისტს. ამგვარი პრეპარატების მიღებისას ჭარბი წონის თავიდან აცილება შესაძლებელია განსაზღვრულ რეკომენდაციათა დაცვით, რომლებიც სწორ კვებასა და მეტ მოძრაობას ითვალისწინებს.


ჰორმონული დაავადებები
ცნობილია ათზე მეტი ჰორმონი, რომელთა დისბალანსიც წონის მატებას იწვევს. ყველაზე ხშირად ეს სამი სცენარით ხორციელდება:

1. ყველაზე გავრცელებეული დაავადება, რომელიც წონის მატებას უკავშირდება ჰიპოთირეოზია - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დეფიციტით გამოწვეული პათოლოგია, რომელიც ანელებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და იწვევს წონის პარადოქსულ მატებას მინიმალური მადის ფონზე. ქალები ჰიპოთირეოზით 10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.
2. კუშინგის სინდრომი - ამ დროს მომატებულია ჰორმონ კორტიზოლის დონე, ეს ჰორმონი კი წონის მატებას იწვევს.
3. სასქესო ჰორმონების დეფიციტი ხელს უშლის უკვე დაგროვილი ჭარბი კილოგრამების მოცილებას.
როგორ მოვიქცეთ?

წელიწადში ორჯერ გაიზომეთ სისხლში ფარისებრი ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონების დონე. დაბოლოს: ადამიანი იმ საკვებს ეტანება, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდება მისი თვალთახედვის არეში, ასე რომ, გადამალეთ ყველაფერი, რაც თქვენს გარეგნობას ვნებს.

კატეგორია: დიეტოლოგია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 537 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: