მთავარი » ფაილები » მედიცინის სიახლენი

კანის მოვლა
2012-04-10, 9:14 PM

კანის მოვლა აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ პროცედურებს: გაწმენდას, კვებას, დატენიანებას, დაცვასა და სტიმულაციას. მოვლის ძირითადი ეტაპები ყველა ტიპის კანისთვის სტანდარტულია. ინდივიდუალურად უნდა შევარჩიოთ მხოლოდ მოვლის საშუალებები. ყველა პროცედურა უნდა ჩავიტაროთ არა მარტო სახეზე, არამედ დეკოლტეს ზონაშიც. ფარისებრი ჯირკვლის არეს არ უნდა შევეხოთ, მხოლოდ წყალი შევისხათ. არც დეკოლტეს ზონის ქვედა ნაწილს ვეხებით, რადგან აქ სარძევე ჯირკვლებია. კანის კვება 25 წლიდან უნდა დავიწყოთ - ამ ასაკიდან რეგენერაციის პროცესი ნელდება და უჯრედები "საშენ მასალას" ითხოვს. კანის სტიმულაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 40 წლიდან, როდესაც ირღვევა ელასტინოკოლაგენური კომპლექსი, ჩნდება ღრმა ნაოჭები და სახეც ჯანსაღ ელფერს კარგავს. ახალგაზრდა კანს მასტიმულირებელი და მკვებავი კრემები არ სჭირდება, მაგრამ მისთვისაც აუცილებელია სწორი, ყოველდღიური და ღრმა გასუფთავება.

რას ნიშნავს PH?
PH სიდიდეა, რომელიც წყალბადის იონების კონცენტრაციას, სხვაგვარად - კანის მჟავატუტოვან წონასწორობას გამოხატავს. პრაქტიკულად ყველა ცოცხალი უჯრედი (მათ შორის - მრავალი ბაქტერიაც) ძალიან მგრძნობიარეა მჟავატუტოვანი წონასწორობის ცვლილების მიმართ. მჟავიანობისკენ მცირედი გადახრაც კი მათთვის დამღუპველია. მხოლოდ კანი, რომელიც გარქოვანებული, დაღუპული უჯრედებით არის დაფარული, გახვეულია მჟავა მანტიაში. კანის მჟავა მანტია ცხიმისა და ოფლისგან წარმოიქმნება და შეიცავს ორგანულ მჟავებს - რძის მჟავას, ლიმონმჟავას და სხვა. ეს მჟავები ეპიდერმისში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების ნაყოფი გახლავთ. მჟავა მანტია კანისთვის მიკროორგანიზმებისგან დამცავი პირველი რგოლია, თუმცა არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც მუდმივად ბინადრობენ კანზე, მაგალითად, ეპიდერმული სტაფილოკოკი (Staphylococcus epidermidis), ლაქტობატერიები. ისინი სასიცოცხლოდ მჟავა გარემოს ამჯობინებენ და თავადაც გამოიმუშავებენ მჟავებს, რითაც თავიანთი წვლილი შეაქვთ კანის მჟავა მანტიის შექმნაში. ეპიდრემული სტაფილოკოკი არათუ არ ვნებს კანს, არამედ სარგებლობაც კი მოაქვს - გამოყოფს ტოქსინებს, რომლებსაც შესწევთ ანტიბიოტიკების მსგავსი მოქმედების უნდარი და თრგუნავენ პათოგენური მიკროფლორის ცხოველმყოფელობას. მჟავატუტოვანი ბალანსის სქემა ასე გამოიყურება:

5,2-5,7 ნორმალური კანი;
4-5,2 ცხიმიანი კანი;
5,7-7 მშრალი კანი.

კოსმეტიკური საშუალებების PH:

9-11 - საპონი;
6-7 - თხევადი საპონი, შამპუნი;
3-9 - კრემები;
3-5 - ხილის მჟავები (სწრაფი რეგენერაცია);
4-7 - მკვებავი კრემები.

ადამიანის კანისთვის ტუტეს მაქსიმალური დასაშვები დონეა 9 PH ერთეული, მჟავასი - 3 PH ერთეული. ტუტოვანი საპნით ხშირი ბანა მჟავა მანტიას არღვევს. ამ შემთხვევაში მჟავამოყვარული სასარგებლო ბაქტერიები არახელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებიან და მავნეები უპირატესობას იძენენ. მჟავური დაცვის გარეშე კანი სწრაფად ბერდება. ინფექცია თუ ულტრაიისფერი გამოსხივება მის ღრმა შრეებში აღწევს და დიდ ზიანს აყენებს. ამიტომ არის, რომ ზოგჯერ 20 წლის კანი შესახედავად 30 წლისას ჰგავს. კანის მჟავატუტოვანი ბალანსი შეიძლება შეიცვალოს მზის სხივების, მჟავა ან ტუტე საშუალებების (ხისტი წყლის, დასაბანი საშუალებების) ხანგრძლივი ზემოქმედების, ოფლის გამოყოფის დარღვევის შედეგად. მოზარდებში კანის ყველაზე გავრცელებული პრობლემა მუწუკები და ფერიმჭამელებია. მათ მოსაცილებლად მოზარდები ხშირად საპნით იბანენ პირს. საპნის PH მაჩვენებელი 9-11-ია. შედეგად ცხიმიანი კანი (4-5,2 PH ერთეული, ანუ მჟავასკენ ახლოს) ტუტე მდგომარეობამდე მიდის. კანის საფარველის გაღიზიანება პროვოცირებას უწვეს დამცველობით რეაქციას - კანი მეტი ცხიმის გამომუშავებას იწყებს. ამრიგად, წარმოიქმნება მანკიერი წრე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კანის სწორი გაწმენდა სპეციალური კოსმეტიკური საშუალებებით. კანის მჟავიანობა ირღვევა ზოგიერთი დაავადების დროს. მაგალითად, სოკოვანი დაავადებისას PH 6 ერთეულამდე იმატებს (სუსტი მჟავა რეაქცია), ფერიმჭამელების დროს - 7 ერთეულამდე (ნეიტრალური რეაქცია). უნდა ითქვას, რომ ეპიდერმისის ბაზალური შრის დონეზე კანის PH სისხლის PH-ის ტოლია და 7,4 ერთეულს უდრის. ამრიგად, დაიხსომეთ: კანის ნორმალური გარემო მჟავაა და ყოველთვის ასეთი უნდა იყოს. თუ კანს სწორად მოვუვლით, PH-ფაქტორი ნეიტრალური იქნება, რაც 5,2-დან 5,7-მდე ერთეულს შეადგენს.


კატეგორია: მედიცინის სიახლენი | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 1185 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: