მთავარი » ფაილები » ქალი

ქალის სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების განვითარებისა და მდებარეობის ანომალიები
2012-04-10, 9:26 PM
ქალის სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების განვითარებისა და მდებარეობის ანომალიები

ქალის სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები ზოგჯერ უნაყოფობის, სამშობიარო ძალების სისუსტის, ნაყოფის არასწორი მდებარეობის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენის, მუცლადყოფნის პერიოდში სიკვდილიანობის მატების (განსაკუთრებით - თუ ორსულობა არ მიმდინარეობს მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობით) მიზეზად იქცევა. ზოგიერთი მათგანი ორსულობას ხელს არ უშლის, ზოგჯერ კი ორსულობა და მშობიარობა მხოლოდ პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ხდება შესაძლებელი. განვითარების ამ ანომალიებს ხშირად ორსულობის დროს აღმოაჩენენ. მათ მიეკუთვნება საშვილოსნოს ტიხარი, ერთრქიანი და ორრქიანი საშვილოსნო, გაორებული საშვილოსნო და გაორებული საშო. რა პრობლემებს უქმნის ქალებს ეს პათოლოგიები? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს საპატრიარქოს სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგს სოფიო ჯაშს ვესტუმრეთ.

- ქალბატონო სოფიო, რა არის საშვილოსნოს ტიხარი?
- საშვილოსნოს ტიხარი საშვილოსნოს ღრუში არსებულ ქსოვილოვან ნარჩენს წარმოადგენს. იგი გამოდის საშვილოსნოს ფუძიდან. მისი სისხლით მომარაგება მწირია. ასეთი ანომალიის დროს ორსულობის განვითარების შემთხვევაში საკმაოდ დიდია ორსულობის შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის არასწორი მდებარეობის (მენჯით წინამდებარეობის) ალბათობა.


- შესაძლებელია თუ არა ამ დეფექტის აღმოფხვრა?
- არათუ შესაძლებელი, საკმაოდ ადვილია. ამისთვის იყენებენ ჰისტეროსკოპიულ მეთოდს – საშვილოსნოში შეჰყავთ სპეციალური ოპტიკური ხელსაწყო, რომელიც საშვილოსნოს ღრუს დანახვის საშუალებას იძლევა. პარალელურად შესაძლებელია საშვილოსნოში ქირურგიული ინსტრუმენტების შეტანა და ოპერაციული ჩარევის განხორციელება. ოპერირებულ პაციენტებს გართულებათა ალბათობა 80-90%-დან 10-15%-მდე უმცირდებათ.


- რას გვეტყვით ერთრქიან საშვილოსნოზე? 
- ერთრქიანი საშვილოსნოს მიზეზი მიულერის ერთ-ერთი სადინარის განუვითარებლობაა, რომლის შედეგადაც ქალს საშვილოსნოს მხოლოდ ერთი მილი აქვს. ამ დროს ორსულობის ბოლომდე მიყვანა საშვილოსნოს ზომაზეა დამოკიდებული. ერთრქიანი საშვილოსნოს შემთხვევაში დიდია მუცლის მოშლის ალბათობა. მისი მკურნალობის ეფექტური მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს. ერთრქიანი საშვილოსნო ხშირად შერწყმულია განვითარების სხვა ანომალიასთან (აგნეზია – თირკმლის არარსებობა – საშვილოსნოს არარსებული მილის მხარეს) და სამეანო გართულებებთან (ნაყოფის განუვითარებლობა, არასწორი მდებარეობა, ნაადრევი მშობიარობა, სამშობიარო ძალების სისუსტე).


- რა არის ორრქიანი საშვილოსნო? 
- საშვილოსნოს განვითარების მანკების უდიდესი წილი მოდის ე.წ. ორრქიან საშვილოსნოზე (გვხვდება ქალების 0,1-0,5%-ში). ორრქიანი საშვილოსნოს განვითარების მიზეზი მიულერის მილების შერწყმის დარღვევაა, რაც საშვილოსნოს ერთი ყელისა და ორი ღრუს განვითარებას იწვევს. ორრქიანი საშვილოსნო სხვადასხვა დონეზე ორად არის გაყოფილი და განაყოფები ერთმანეთს ქვედა ნაწილებით ერწყმის. ზოგჯერ, მკვეთრი განშრევების შემთხვევაში, იქმნება ორი ერთრქიანი საშვილოსნოს შთაბეჭდილება, ზოგჯერ კი გაყოფა ძალზე სუსტად არის გამოხატული და ორივე რქა თითქმის სრულად (ფუძის გამოკლებით) ერწყმის ერთმანეთს, ხოლო შერწყმის ადგილას წარმოიქმნება უნაგირისმაგვარი ჩაღრმავება. ამ შემთხვევაში საშვილოსნოს უნაგირას უწოდებენ. გახლეჩის ხარისხიდან გამომდინარე, გამოყოფენ ანომალიის სამ ვარიანტს - უნაგირა საშვილოსნოს, ორრქიანი საშვილოსნოს არასრულ და სრულ ფორმებს. უნაგირა საშვილოსნო განივად არის გაგანიერებული და აქვს უნაგირის ფორმის მცირე ჩაღრმავება, რომელიც საშვილოსნოს ფუძეზე მდებარეობს. ასეთი ფორმის საშვილოსნოს დროს ჩასახვა შესაძლებელია, მაგრამ ვინაიდან საშვილოსნოს განვითარების მანკს, წესისამებრ, სხვა პათოლოგიებიც ახლავს თან (მაგალითად, შარდგამომყოფი სისტემის მხრივ), შესაძლოა, ორსულობა ნაადრევად შეწყდეს. თუ უნაგირა საშვილონოს აქვს ტიხარი, ორსულობა ხშირად სპონტანური აბორტით სრულდება. უნაგირა საშვილოსნოს ხშირად ერწყმის მენჯის შევიწროება. საშვილოსნოს პათოლოგია ნაყოფის არასწორ მდებარეობას იწვევს, რაც ბუნებრივი გზით მშობიარობას შეუძლებელს ხდის. ამ შემთხვევაშიც საკეისრო კვეთას მიმართავენ. უნაგირა საშვილოსნოს დიაგნოსტირება ჰისტეროსალპინგოგრაფიით, ჰისტეროგრაფიით და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ხდება. ორრქიანი საშვილოსნოს არასრული ფორმის დროს ორ რქად განცალკევება ხდება მხოლოდ საშვილოსნოს ზედა მესამედში. ამ დროს საშვილოსნოს რქების ზომა და ფორმა, ჩვეულებრივ, ერთნაირია. ორრქიანი საშვილოსნოს სრული ფორმის შემთხვევაში რქები ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გადაიშლება. მათ შორის არსებული კუთხის ზომა საკმაოდ ფართო დიაპაზონში ვარირებს. სწორედ ამ კუთხის სიდიდით განისაზღვრება ანომალიის გამოხატულების ხარისხი.


- როგორ ინერგება ასეთ საშვილოსნოში კვერცხუჯრედი?
- ამ დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ემაგრება ერთ-ერთი რქის კედელს და იწყებს განვითარებას. ერთი ყელის მქონე ორრქიანი საშვილოსნოს შემთხვევაში ორსულობა უმეტესად ერთ-ერთ რქაში ვითარდება, ძალიან იშვიათად – ორივეში ერთად, ანუ ბლასტოცისტის იმპლანტაცია წარმატებით ხდება ორივე რქაში და მაშინ ორსულობა მათში ერთდროულად ვითარდება.

ქალის სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების განვითარებისა და მდებარეობის ანომალიები

- როგორ მიმდინარეობს ამ დროს ორსულობა და მშობიარობა, არის თუ არა მოსალოდნელი რაიმე პრობლემა?
- განვითარების ასეთი თანდაყოლილი მანკის მიუხედავად, ორსულობა და მშობიარობა შეიძლება ნორმალურად, გაურთულებლად წარიმართოს, მაგრამ ორრქიანი საშვილოსნოს დროს იმატებს ნაადრევი მშობიარობისა და ორსულობის სხვადასხვა პათოლოგიის - პლაცენტის წინამდებარეობის, მისი დაბალი მიმაგრების, ნაყოფის არასწორი მდებარეობის - რისკი. ეს ყველაფერი ართულებს ორსულობის მიმდინარეობას და ქმნის გართულების საფრთხეს. ერთ-ერთი გართულებაა საშვილოსნოს კუმშვადობის დარღვევა. ასეთ დროს ნაყოფის გამოძევება უმეტესად ორსულობის პირველ ტრიმესტრში ხდება. ემბრიონის ნორმალურ ზრდას ხელს უშლის საშვილოსნოს ღრუს სიმცირე, რქების არასაკმარისი სისხლით მომარაგება ძგიდის მიდამოში, ისთმოცერვიკალური უკმარისობა და სხვა. არცთუ იშვიათად დედისა და ბავშვისთვის ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად ექიმები იძულებული ხდებიან, მიმართონ საკეისრო კვეთას, რადგან საშვილოსნოში ბავშვის მოძრაობა ტრავმირების გარეშე შეუძლებელი ხდება. ყოველივე ამის გამო საშვილოსნოს ანომალიის მქონე ორსული ექიმის მუდმივი დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს საკუთარ ჯანმრთელობას.


- რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს საშვილოსნოს განვითარების ეს ანომალია?
- ეჭვს აჩენს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, დისმენორეა, ანომალიური სისხლდენები საშვილოსნოდან, უშვილობა და ორსულობის შენარჩუნების გაძნელება. დიაგნოსტიკა შესაძლებელია საშვილოსნოს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის, ჰისტეროსალპინგოგრაფიის, ჰისტეროსკოპიისა და ლაპაროსკოპიის მეშვეობით.


- შესაძლებელია თუ არა ამ მანკის მკურნალობა?
- საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საშვილოსნოს ანომალიის ქირურგიული გზით აღმოფხვრა. ოპერაცია ეფექტურია, ოპერირებულ პაციენტებში ორსულობის შეწყვეტის საშიშროება 90-95%-იდან 25-30%-მდე მცირდება.


- რა არის საშვილოსნოს გაორება?  
- ამ დროს მიულერის სადინართა შერწყმა მთლიანად არის დარღვეული. ამის გამო საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი ორდება (ორივე საშვილოსნო ნორმალურზე მცირე ზომისაა). ამ ანომალიას, ჩვეულებრივ, ერწყმის საშვილოსნოს ტიხარი. ამასთანავე, ზოგჯერ შეიმჩნევა ერთ-ერთი საშვილოსნოს დახშობა, რასაც ჰემატომის განვითარებამდე მივყავართ: საშვილოსნოში, რომელსაც არ აქვს კავშირი საშოსთან, გროვდება მენსტრუალური სისხლი და ძლიერ ტკივილს იწვევს. ასეთი სიმპტომები აღენიშნებათ მოზარდებს მენსტრუაციული ციკლის დაწყებასთან ერთად. საშვილოსნოს გაორების დროს ჩასახვა ძნელდება, იმატებს ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის არასწორი მდებარეობის, ასევე თვითნებური აბორტის საფრთხე. ამ დროს მნიშვნელოვანია იმის დადგენა, შესაძლებელია თუ არა ორსულობის ბოლომდე მიყვანა. ამას გამოკვლევებით ადგენენ. თუ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია, მაშინ ასეთ ქალებს დაორსულების ნებას აძლევენ. წესისამებრ, ორსულობა ერთ-ერთ საშვილოსნოში ვითარდება. მეორე საშვილოსნო ამ დროს უმნიშვნელოდ დიდდება, მისი ლორწოვანი გარსი კი ორსულობისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს განიცდის. თუ ორსულობა შეწყდა, საშვილოსნოსშიგა სისხლდენის საფრთხის გამო არაორსული საშვილოსნოს ლორწოვან გარსსაც გამოფხეკენ. საშვილოსნოს გაორებისას ხშირად აღინიშნება საკვერცხეების ჰიპოფუნქცია, ჰორმონული უკმარისობა და საშვილოსნოს განუვითარებლობა, მაგრამ ეს შვილის ყოლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. საჭიროა ორსულობისთვის გულდასმით მომზადება და მთელი ორსულობის განმავლობაში გინეკოლოგის უწყვეტი მეთვალყურეობა.


- რას გვეტყვით ქალის სასქესო ორგანოების მდებარეობის ანომალიებზე?  
- სასქესო ორგანოების მდებარეობის ანომალიად მიიჩნევა მათი ისეთი მუდმივი მდგომარეობა, რომელიც სცდება ფიზიოლოგიური ნორმების საზღვრებს და არღვევს მათ ნორმალურ თანაფარდობას. ყველა სასქესო ორგანო ურთიერთკავშირშია, ამიტომ ანომალიური მდგომარეობა უმეტესად კომპლექსური ხასიათისაა - ერთდოულად იცვლება საშვილოსნოს, მისი ყელის, საშოს და სხვა ორგანოთა მდებარეობა. ასეთი დარღვევების კლასიფიკაცია საშვილოსნოს მდებარეობის დარღვევის ხასიათს ეფუძნება. ეს დარღვევებია:

  • სასქესო ორგანოების გადაადგილება ჰორიზონტალურ სიბრტყეში (მთელი საშვილოსნოსი მარცხნივ, მარჯვნივ, წინ, უკან; არასწორი ურთიერთკავშირი საშვილსნოს ტანსა და ყელს შორის დახრილობის და გადახრის გამოხატულების მიხედვით; მობრუნება-მოგრეხა);
  • წანაცვლება ვერტიკალურ სიბრტყეში (საშვილოსნოს დაწევა, გამოვარდნა, აწევა და ამობრუნება; საშოს დაწევა და გამოვარდნა).


წანაცვლება ჰორიზონტალურ სიბრტყეში 
საშვილოსნოს წანაცვლება ყელით მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან უმეტესად სიმსივნეების ან სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების შემდგომი შეხორცებითი პროცესების დროს ხდება. დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ ულტრასონოგრაფიას და რენტგენოგრაფიას. სიმპტომები ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული. მკურნალობა მიზნად ისახავს მიზეზის აღმოფხვრას. სიმსივნის დროს ხდება ოპერაციული ჩარევა, შეხორცებითი პროცესების დროს ტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები და გინეკოლოგიური მასაჟი. პათოლოგიური გადახრები სხეულსა და ყელს შორის ერთდროულად განიხილება. ნორმაში არსებობს საშვილოსნოს გადახრის ორი ვარიანტი: წინ - ანტევერსიო-ანტეფლეხიო და უკან - რეტროვერსიო-რეტროფლეხიო. საშვილოსნოს ყელსა და სხეულს შორის კუთხე გახსნილია უკან ან წინ და საშუალოდ 90 გრადუსს უტოლდება. როცა ქალი ფეხზე დგას, საშვილოსნოს ტანი თითქმის ჰორიზონტალურად მდებარეობს, ყელი კი მის მიმართ კუთხით, თითქმის ვერტიკალურად. ნორმაში საშვილოსნოს მდებარეობა შეიძლება ამ ორგანოების ავსების მიხედვით შეიცვალოს.

ქალის სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების განვითარებისა და მდებარეობის ანომალიები

- როდის ხდება ასეთი პათოლოგიური გადახრა? 
- პათოლოგიური გადახრა ხდება ინფანტილიზმის ადრეულ ასაკში (პირველადი გადახრა) და გენიტალიების ანთებითი და შეხორცებითი პროცესების დროს (მეორეული გადახრა). ამასთან, საშვილოსნო შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ისე უმოძრაო (ფიქსირებული).


- რას უჩივის ამ დროს ქალი?
- ჰორიზონტალური სიბრტყის მიმართ საშვილოსნოს გადახრის ყველა ვარიანტს ბევრი საერთო სიმპტომი აქვს. ახასიათებს მტკივნეული შეგრძნებები მუცლის ქვედა ნაწილში ან გავის მიდამოში, ალგოდისმენორეა, გახანგრძლივებული მენსტრუაცია. ზოგჯერ შეინიშნება დიზურიული მოვლენები, ტკივილი დეფეკაციის დროს, თეთრად შლის გაძლიერება. ვინაიდან ეს ანომალია ანთებითი პროცესების ან ენდოკრინული პათოლოგიის შედეგია, შესაძლოა, თან ახლდეს ამ დაავადებების სიმპტომები, იქცეს უშვილობის ან პათოლოგიური ორსულობის მიზეზად.


- როგორ ადგენენ ამ ანომალიას?
- გინეკოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევებით.


- როგორ მკურნალობენ? 
- მკურნალობა მიმართულია მიზეზის აღმოფხვრისკენ. ინიშნება ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ხდება ენდოკრინული დარღვევების კორექცია. გამოხატული პათოლოგიის დროს შესაძლოა ნაჩვენები იყოს ქირურგიული ჩარევა, რომლის მეშვეობითაც აღმოფხვრიან საშვილოსნოს შეხორცებებს და ამ ორგანოს ანტევერზიო-ანტეფლექსიოს მდგომარეობაში აფიქსირებენ. საშვილოსნოს მობრუნება და გადაგრეხა იშვიათია, ჩვეულებრივ გამოწვეულია საშვილოსნოს ან საკვერცხის სიმსივნით და მისი მოცილებისას ქრება. სასქესო ორგანოების წანაცვლება ვერტიკალური ღერძის მიმართ განსაკუთრებით ხშირად გვხვდება პერიმენოპაუზის პერიოდში. ახალგაზრდებში იშვიათია. საშვილოსნოს ამობრუნება ძალზე იშვიათი პათოლოგიაა, გვხვდება სამეანო პრაქტიკაში მოუცილებელი პლაცენტის დაბადებისას, გინეკოლოგიაში - სუბმუკოზური მიომური საშვილოსნოს კვანძის დაბადებისას. ამასთან, საშვილონოს სეროზული გარსი შიგნით არის განლაგებული, ლორწოვანი კი გარეთ. მკურნალობა გულისხმობს ტკივილის გაყუჩებას და ამობრუნებული საშვილოსნოს ჩასწორებას. გართულების - მასიური შეშუპების, ინფექციის, მასიური სისხლდენის - დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა და საშვილოსნოს ამოკვეთა. საშვილოსნოს აწევას უმთავრესად მეორეული ხასიათი აქვს. შესაძლოა, გამოწვეული იყოს ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობით, ასევე - საშოს სიმსივნით, საქალწულე აპკის ატრეზიის დროს - საშოში სისხლის დაგროვებით და სხვა.


- როგორ ავიცილოთ თავიდან ეს ანომალიები?
- სასქესო ორგანოთა მდებარეობის ანომალიების პროფილაქტიკა გულისხმობს: ეტიოლოგიური (გამომწვევი) ფაქტორების აღმოფხვრას, სამშობიარო გზების დაზიანებათა კორექციას (ყველანაირი ჩახევის გულდასმით გაკერვა), მშობიარობის ოპტიმალურ მართვას, დაწევისადმი მიდრეკილებების დროს - ვარჯიშს, სასქესო ორგანოების დაწევისას, გამოვარდნის პროფილაქტიკის მიზნით, დროულ ოპერაციულ მკურნალობას.


- რა არის მკერდის ასიმეტრიის მიზეზი?
- ქალების 80%-ზე მეტს აქვს სარძევე ჯირკვლების ამა თუUიმ ხარისხის ასიმეტრია, თუმცა უმეტესად - იმდენად უმნიშვნელო (ერთი ზომის ფარგლებში), რომ ვერც კი ვამჩნევთ. სარძევე ჯირკვლების შედარებით შესამჩნევი დისპროპორცია საკმაოდ იშვიათია და, ჩვეულებრივ, ჯირკვლოვანი ქსოვილის თანდაყოლილ ჰიპოპლაზიას უკავშირდება. ასეთი მკერდი ორსულობის დროს არ იზრდება, თუმცა რძეს (შედარებით ნაკლებს, მაგრამ მაინც) გამოიმუშავებს. სხვა შემთხვევაში განსხვავებული სიდიდის მკერდი შესამჩნევია, როდესაც ქალი ტანთ გახდილია, მაგრამ რაკი განსხვავება დიდი არ არის, ქალს ეს უხერხულობის განცდას არ უქმნის და ყურადღებას არ იქცევს. ასეთ დროს საქმეს შველის განსაკუთრებული თეთრეული, რომელიც ამ ასიმეტრიის დაფარვის საშუალებას იძლევა.


- შესაძლებელია თუ არა ამის გამოსწორება?
- ბევრი რამ არის დამოკიდებული მიზეზებზე. ერთია, როცა საუბარია ცხიმოვან ქსოვილზე, და სრულიად სხვა - როდესაც დიდი ზომის ჯირკვალი სიმსივნეს ფარავს. უკანასკნელ შემთხვევაში უნდა მივმართოთ არა პალასტიკურ ქირურგს, არამედ ონკოლოგს და მამოლოგს, რომლებიც დასვამენ სწორ დიაგნოზს და დანიშნავენ ადეკვატურ მკურნალობას მკერდის ასიმეტრიის მიზეზის მოსაშორებლად. მკერდი ასიმეტრიული ხდება ძუძუთი კვების დროსაც. ამის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლების განსხვავებული დაცლაა. ხდება ხოლმე, რომ ერთ ჯირკვალში რძეზე მოთხოვნა მეტია, მეორეში კი ნაკლები. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • ბავშვის არასწორი მოჭიდება ერთ-ერთ ძუძუზე;
  • არათანაბარი გამოწველა (თუ დედა ძუძუს იწველის);
  • ერთ-ერთი სარძევე ჯირკვლის უპირატესი გამოყენება;
  • ღამის კვება მარტო ერთი ძუძუთი;
  • შეგუბების მკურნალობა არყით ან ქაფურით (სპირტი და ქაფური ჰორმონ ოქსიტოცინის ანტაგონისტებია, ამიტომ მათი კომპრესების შედეგად შესაძლოა შეგუბებასთან ერთად ლაქტაციაც გაქრეს).


- როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?
- ზოგჯერ მკერდის ზომის გასწორება ძნელი არ არის, თუ მცირე ზომის ჯირკვალს უფრო მეტად დატვირთავთ:

  • მუდმივად კვებეთ ჩვილი პატარა ძუძუთი, თუ გაჭირვეულდა, გადადით დიდზე, შემდეგ ისევ პატარას დაუბრუნდით. თუ დიდი ძუძუს გადავსებას იგრძნობთ, ისიც აუცილებლად მოაწოვეთ, მაგრამ დიდი ხნით არა.
  • თუ ბავშვი პატარა ძუძუს წოვაზე უარს ამბობს, დაელოდეთ, სანამ ძილი მოერევა და რწევისას შეუმჩნევლად ჩაუდეთ ეს ძუძუ.
  • დვრილი, იმის გამო, რომ ტრავმირებულია, არ დაინდოთ, უბრალოდ ბავშვს ასწავლეთ სწორად ჩადება, უმჯობესია, კონსულტანტის მეთვალყურეობით.

ამის შედეგად პატარა ძუძუ ყოველთვის ცარიელი იქნება და ბავშვი აქტიურად ასტიმულირებს მასში რძის წარმოქმნას, ხოლო დიდი ნაკლებად იმუშავებს და მასში შედარებით ნაკლები რძე ჩადგება. თუ ბავშვი არასწორად იდებდა ძუძუს ან ლაქტაცია მედიკამენტურად იყო დათრგუნული, კონსულტანტის დახმარების გარეშე ფონს ვერ გახვალთ. ის პრობლემების მოგვარების ზუსტ სქემას შემოგთავაზებთ. ლაქტაციის გამიზნული დათრგუნვისას, ასევე - ჯირკვლოვანი ქსოვილის თანდაყოლილი ჰიპოპლაზიის დროს ამ ღონისძიებებმა შესაძლოა შედეგი ვერ გამოიღოს. რაც არ უნდა  იყოს, იცოდეთ: ბავშვს ორივე ძუძუ აწოვეთ. ეს სარეძევე ჯირკვლის ასიმეტრიის პროფილაქტიკის საუკეთესო გზაა.


კატეგორია: ქალი | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 4378 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Nana khutsaidze  
0
გთხოვთ მიპასუხოთ, ვინ არის სტატიის ავტორი ?

სახელი *:
Email *:
კოდი *: