მთავარი » ფაილები » ქალი

ორსულობა და ვირუსული ინფექციები
2012-04-10, 9:24 PM
ორსულობა და ვირუსული ინფექციები

ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი, პაპილომავირუსი, გრიპი, წითურა. რა გავლენას ახდენს ეს და სხვა ვირუსები ქალის ორგანიზმზე ორსულობის დროს, განწირულია თუ არა მაშინ ბავშვი ორსულის ინფიცირებებისას, ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგს, ალეკო დიაკონიძეს



- ბატონო ალეკო, სქესობრივი გზით გადამდები რომელი ვირუსული ინფექციაა ყველაზე მეტად გავრცელებული და რით არის ის საშიში?
- უროგენიტალური ანუ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) დიდ საფრთხეს უქმნიან რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ეს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ დიდი სოციალური პრობლემაც არის. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დასნებოვნებულთა 32-73%-ს აქვს უნაყოფო ქორწინება და ამ ინფექციათა 25% ვირუსული წარმოშობისაა. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ორსულებშიც კი, კლინიკურად მკვეთრად გამოხატული ნიშნებით იშვიათად მიმდინარეობს, უმთავრესად მაინც დუნე, წაშლილი ფორმები, ანუ უსიმპტომო მატარებლობა გვხვდება, ამიტომ პაციენტები იშვიათად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. შედეგად დიაგნოსტიკა და მკურნალობა გვიანდება და ნაკლებეფექტურია. ამ ინფექციათა შედეგები სავალალოა, ისინი იწვევენ უშვილობას, ნაადრევ ან მოგვიანებით აბორტს, მკვდრადშობადობას, ნაყოფის სიმახინჯეებს, ადრეულ ასაკში ბავშვთა სიკვდილიანობას. ყველაზე საყურადღებოა ქალის ინფიცირება ორსულობის დროს. რა გავლენას მოახდენს დაავადება ნაყოფზე, დამოკიდებულია შემდეგ პირობებზე:

  • ინფიცირების მომენტში ორსულობის ვადაზე;
  • დედის იმუნიტეტზე;
  • დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების თვისებებზე.


- ორსულობის რა ვადაზეა საშიში ინფიცირება?
- დედის ინფიცირება ორსულობის ადრეულ ვადაზე (ჩასახვის მე-5-6 დღიდან 12 კვირამდე) ყველაზე ხშირად იწვევს ნაყოფის დაღუპვას და გამოძევებას. შესაძლოა, გამოიწვიოს ნაყოფის სიმახინჯეებიც. ორსულობის უფრო გვიანდელ პერიოდში, 12 კვირის შემდეგ, ბავშვის ორგანოები ძირითადად უკვე ჩამოყალიბებულია, ამიტომ მართალია, ინფექციურ აგენტს რაიმე სიმახინჯის გამოწვევა არ შეუძლია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, გამოიწვიოს ნაყოფის ორგანოების, პლაცენტისა და სანაყოფე გარსების მიკრობული დაზიანება და ანთებითი გადაგვარება. ამ დროს მოსალოდნელია მოხდეს ნაადრევი მშობიარობა და ამ მშობიარობის შედეგად დაიბადოს სუსტი, უდღეური ახალშობილი.


- როგორ ხდება ინფიცირება?
- დედისგან ბავშვს ინფექცია შეიძლება გადაედოს ორი გზით - ჰემატოგენურად (სისხლით) და აღმავალი გზით. ჰემატოგენური გზით გავრცელებისას გამომწვევი დედის სისხლთან ერთად ხვდება პლაცენტაში, იქიდან კი ჭიპლარის გავლით - ნაყოფის ორგანიზმში.


- რით არის საშიში ეს ვირუსები? 
- მუცლადყოფნის პერიოდში დაავადებისა და სიკვდილიანობის მიზეზებს შორის უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში მკვეთრად იმატა ვირუსული ეტიოლოგიის ინფექციების წილმა. ორსულებში ეს დაავადებები უმთავრესად ფარულად მიმდინარეობს, ორსულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიუყენებლად, მაგარამ გადაედება ნაყოფს, იწვევს მის სიკვდილს, სიმახინჯეს ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებას. მუცლადყოფნის პერიოდში ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ნერვულ-ფსიქიკური დაავადებებისთვის დამახასიათებელია მძიმე მიმდინარეობა და მკურნალობა ნაკლებეფექტურია. ცნობილი გახდა, რომ ვირუსულმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს დნმ-ს მოლეკულაში გენეტიკური კოდის ცვლილება და თანდაყოლილი სიმახინჯეების მიზეზად იქცეს. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნაადრევი მშობიარობაც, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ვირუსული ინფექციები გვეველინება. დღენაკლულ ბავშვებში განვითარების მანკი გვხვდება 10-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე დროული მშობიარობისას. ასევე გაცილებით ხშირია მათ შორის სიკვდილიანობაც.


- რას გვეტყვით ჰერპესის შესახებ, რა საფრთხეს უქმნის იგი ქალს? 
- გენიტალური ჰერპესი თავს იჩენს მტკივნეული წყლულებითა და ბუშტუკოვანი გამონაყარით გარეთა სასქესო ორგანოების ან სწორი ნაწლავის (ანუსის) გარშემო. გასკდომის შემდეგ წყლულები ტოვებს მტკივნეულ იარებს. ახასიათებს ტკივილი და წვა, განსაკუთრებით - მოშარდვის, სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ, სიარულის დროს. ტკივილი ახლავს თან სქესობრივ კავშირსაც. გარდა ამისა, დაუცველი სქესობრივი კავშირი საშიშია პარტნიორისთვის, რადგან ვირუსი გადაედება სქესობრივი კონტაქტის დროსაც. წყლულები ჩნდება ინფიცირებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემედეგ. მათ გაჩენას შესაძლოა წინ უძღოდეს ან დაერთოს თავის ტკივილი, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მატება; წყლულები და უსიამოვნო შეგრძნებები 1-2 კვირაში გაივლის, მაგრამ ვირუსი ორგანიზმში რჩება და მისი დამცველობითი ძალების შესუსტებისთანავე დაავადება ისევ მწვავდება. საშიშია, თუ სასქესო ორგანოების ჰერპესი დედისგან შვილს გადაედო - ახალშობილთა ჰერპესმა შესაძლოა ბავშვის სიკვდილი ან მყარი ნევროლოგიური დაზიანება გამოიწვიოს. სასქესო ორგანოების ჰერპესი ზრდის შიდსის გადადების, ანუ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკს.

- როგორ გადაედება ეს დაავადება?
- სასქესო ორგანოების ჰერპესისთვის დამახასიათებელია ინფექციის კონტაქტური მექანიზმით გავრცელება. უმეტესად ინფიცირების წყაროა უსიმპტომო პირი. შესაძლოა ახალშობილის დასნებოვნება მშობიარობის დროს. იშვიათად გვხვდება აუტოინოკულაცია (თვითდაავადება) და საავადმყოფოს ინფექცია (მაგალითად, ჰერპესული კონიუნქტივიტი).


- როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას და როგორ დავიცვათ მისგან თავი? 
- მკურნალობენ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, რომლებიც აჩქარებენ გამონაყარის ალაგებას და ამცირებენ დაავადების რეციდივის რისკს, მაგრამ ვირუსს საბოლოოდ ვერ ანადგურებენ. არ არის დადგენილი, რამდენად ამცირებს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები დაავადების გადადების რისკს უსიმპტომო მიმდინარეობის დროს. აუცილებელია ადგილობრივი მკურნალობაც. კერძოდ, გამონაყარის არსებობის დროს ავადმყოფმა სასქესო ორგანოები უნდა ჩაიბანოს დღეში 2-3-ჯერ. რეკომენდებულია ბამბის თეთრეულის ტარება. მტკივნეული გამონაყრის დროს იყენებენ ანტისტატიკების შემცველ კრემებს.


- როგორ დავიცვათ ბავშვი?
- მეტად მნიშვნელოვანია ახალშობილთა ჰერპესის პროფილაქტიკა. თუ დედა სასქესო ორგანოების პირველადი ჰერპესით არის დაავადებული, ნაყოფის დასნებოვნების რისკი განსაკუთრებით მაღალია ორსულობის მესამე ტრიმესტრში. თუ ორსულს მშობიარობის წინ სასქესო ორგანოების ჰერპესის სიმპტომები გამოეხატა, აუცილებელია საკეისრო კვეთის ჩატარება. მშობიარობის წინ ანტივირუსული პრეპარატებით პროფილაქტიკური მკურნალობა საკეისრო კვეთის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.


- რას გვეტყვით პაპილომავირუსზე? 
- ადამიანის პაპილომავირუსული (აპვ) ინფექცია კარგა ხანს კეთილთვისებიან დაავადებად მიიჩნეოდა. დღეს მას მსოფლიოში მეტად გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიაკუთვნებენ. აპვ ინფექცია უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ყველა დანარჩენი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ერთად აღებული. აპვ ინფექციის შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამ ვირუსით ინფიცირებულია დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი. ცნობილია პაპილომავირუსის 100-ზე მეტი ტიპი,  რომლებსაც ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკის და მაღალი რისკის აპვ ვირუსებად. დაბალი რისკის ადამიანის პაპილომავირუსები იწვევენ მახვილწვერა კონდილომას, მაღალი რისკის ადამიანის პაპილომავირუსი კი ასოცირდება საშვილოსნოს ყელის დისპლაზიასთან და საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და სასქესო ასოს კიბოსთან. მრავალირცხოვანი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევა მოწმობს, რომ მაღალი რისკის ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებებითა და კიბოთი დაავადების მიზეზს. დაავადებულს აქვს მეჭეჭები სასქესო მიდამოების არეში. თუ მეჭეჭები მხოლოდ საშოშია, მათი აღმოჩენა მხოლოდ ექიმს შეუძლია შესაბამისი გასინჯვის შედეგად. კონდილომები შეიძლება იყოს ბრტყელი, ნაკლებად შესამჩნევი, ასევე იზრდებოდეს ან ან მრავლდებოდეს. ისინი თანდათან ყვავილოვან კომბოსტოს ემსგავსებიან. მახვილწვერა კონდილომა ხშირად ტკივილის ან უსიამოვნო შეგრძნების გარეშე მიმდინარეობს. შესაძლოა მსხვილი მახვილწვერა კონდილომა დაწყლულდეს და მეორეულად დაინფიცირდეს, რასაც თან ახლავს ტკივილი, ქავილი და არასასიამოვნო სუნი. შარდსადენი მილის მახვილწვეტიანმა კონდილომამ შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების ნაწილობრივი, ზოგჯერ კი სრული ობსტრუქცია (ჩაკეტვა).


- როგორ ხდება ინფიცირება? 
- დამახასიათებელია ინფექციის სქესობრივი გზით გავრცელება. დასნებოვნებას ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსის მიკროტრავმები. შესაძლებელია ახალშობილის დაინფიცირებაც მშობიარობის დროს. აპვ-ით ინფიცირება უმეტესად 30 წლამდე ხდება. პაპილომავირუსი გადაეცემა არა მარტო სქესობრივი გზით, არამედ პირსახოცისა და თეთრეულის მეშვეობითაც.


- როგორ მკურნალობენ პაპილომავირუსულ ინფექციას?
- მკურნალობის თანამედროვე მეთოდები არ იძლევა აპვ ინფექციისგან საბოლოოდ განკურნების საშუალებას, ამიტომ მკურნალობა მიმართულია მახვილწვერა კონდილომების მოცილებისკენ, ასევე - კიბოსწინარე და სასქესო ორგანოების კიბოს დროული გამოვლენისკენ. მიმდინარეობს მუშაობა აპვ საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. პაციენტებმა, რომლებსაც მახვილწვერა კონდილომა აღმოაჩნდებათ, უნდა ჩაიტარონ გამოკვლევა შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების გამოსავლენად. საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა რეკომენდებულია ყველა ქალისთვის, რომელიც კი სქესოვრივ ცხოვრებას ეწევა.


- რას გვეტყვით ციტომეგალოვირუსზე?
- ციტომეგალოვირუსულ ინფექციას მიაკუთვნებენ სასქესო ინფექციების რიცხვს, თუმცა ინფიცირება შესაძლებელია არა მარტო სქესობრივი, არამედ საყოფაცხოვრებო და ჰაერწვეთოვანი გზითაც. ეს დაავადება განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის. ასეთ დროს ხშირად ზიანდება თავის ტვინი და ღვიძლი, რის შედეგაც მომავალი ბავშვი შეიძლება დაიღუპოს.

- რას გვეტყვით ბავშვთა ვირუსულ ინფექციებზე? რომელი მათგანისა უნდა გვეშინოდეს, როგორ დავიცვათ ორსული ინფექციისგან და როგორ მოვიქცეთ, როდესაც ინფიცირება უკვე მოხდა? 
- ბავშვთა ვირუსული ინფექციებიდან ყველაზე საყურადღებოა წითურა. ის ძალიან საშიშია ორსულებისთვის, რადგან აზიანებს ნაყოფს. წითურა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. იმის გასარკვევად, აქვს თუ არა ქალს წითურას საწინააღმდეგო იმუნიტეტი, აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულებზე. თუ სისხლში ანტისხეულები არის, მაშინ ბავშვი და დედა ამ დაავადებისგან დაცულნი არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩასახვამდე რამდენიმე თვით ადრე საჭიროა წითურის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. წითურას ვირუსი ინფიცირებისას დედისგან ნაყოფს პრაქტიკულად ყოველთვის გადაედება და აზიანებს მას. თანდაყოლილმა წითურამ შეიძლება დააზიანოს ბავშვის ნებისმიერი ორგანო, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი ტრიადა: კატარაქტა, სიყრუე და გულის თანდაყოლილი მანკი.


- რა ქნას ორსულმა, თუ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი? 
- დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ ორსულმა უნდა გაიკეთოს სისხლის ანალიზი ანტისხეულებზე, რომელიც გვიჩვენებს, გადატანილი აქვს თუ არა ქალს ბავშვობაში წითურა, ხოლო თუ არა, რა სტადიაშია ამჟამად დაავადება. თუ Ig G ანტისხეულების ტიტრი მაღალია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქალს ამ დაავადებისადმი იმუნიტეტი აქვს, დაორსულებამდე უკვე ავად იყო წითურათი ან გაიკეთა წითურას საწინააღმდეგო ვაქცინა და ბავშვი დაცულია დედის ანტისხეულებით, რაც ბლოკავს ვირუსის მოქმედებას. Iგ M-ის მაღალი ტიტრი კი იმაზე მეტყ-ველებს, რომ დაავადება ადრეულ (მწვავე) სტადიაშია და აუცილებელია იმის დადგენა, ორსულობის რომელ ტრიმესტრში მოხდა ინფიცირება. ეს ორსულისთვის ყველაზე საშიში ვარიანტია, რადგან ამ დროს ვირუსი შეიძლება პლაცენტაში შეიჭრას და ბავშვს ავნოს. თუ ინფიცირება ორსულობის I ტრიმესტრში მოხდა, ნაყოფის დასნებოვნების ალბათობა 60%-ია, II ტრიმესტრში - 50-15%, ხოლო III ტრიმატრში - 10-15%.


- რა ემართება ამ დროს ნაყოფს?
- თანდაყოლილი წითურას სინდრომი მოიცავს: თვალების დაზიანებას (სრული ან ნაწილობრივი სიბრმავე), ყურის დაზიანებას (სრული ან ნაწილობრივი სიყრუე) და გულის თანდაყოლილ მანკებს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ თანდაყოლილი წითურას დროს ახალშობილებს შეიძლება გამოაჩნდეთ ისეთი გვიანდელი გართულებები, როგორებიცაა პანენცეფალიტი, შაქრიანი დიაბეტი.


- როგორ დავიცვათ თავი? 
- ორსულობის დროს ინფიცირებისგან ქალმა თავი რომ დაიცვას, დაორსულებამდე უნდა ჩააბაროს სისხლი წითურას ანტისხეულებზე. თუ ანტისხეულები არ აღმოაჩნდა, მოსალოდნელ ორსულობამდე 3 თვით ადრე აცრა უნდა გაიკეთოს.


- რას გვეტყვით ყბაყურაზე?
- ყბაყურა ანუ ეპიდემიური პაროტიტი ორსულებში იშვიათად გვხვდება. ორსულთათვის პაროტიტით ავადობა და გართულებების (მასტიტის, ოოფორიტის, ენცეფალიტის) რისკი ისეთივეა, როგორიც მთელი მოსახლეობისა. ორსულობის I ტრიმესტრში მაღალია თვითნებითი აბორტის ალბათობა. ეპიდემიური პაროტიტი არ ზრდის ნაყოფის თანაყოლილი მანკების რისკს.


- საშიშია თუ არა ჩუტყვავილა? 
- ჩუტყვავილა ასევე ბავშვთა დაავადებაა. მოზრდილები შედარებით იშვიათად ავადდებიან და ორსულებშიც იშვიათად გვხვდება, მაგრამ იმისთვის, რომ ამ მცირერიცხოვან ჯგუფში არ მოხვდეთ, ორსულობის დაგეგმვისას აუცილებლია ანალიზი ჩუტყვავილას ანტისხეულებზე. ორსულობის ადრეულ ვადებზე დედის ინფიცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვითნებითი აბორტი, მკვდრადშობადობა და ნაყოფის სიმახინჯეები: კანის ნაწიბურები, კიდურების ჰიპოპლაზია, თავის ტვინის ატროფია, ზრდაში ჩამორჩენა, მიკროფთალმია, კატარაქტა, მაგრამ, წითურასგან განსხვავებით, ნაყოფის სიმახინჯეების განვითარების რისკი ამ დროს დაახლოებით 1%-ია. ადრეულ ვადებზე დაავადების დროს მოსალოდნელია ნაყოფის ნაადრევი გამოძევება ან სიკვდილი.  ჩუტყვავილა არ განიხილება ორსულობის შეწყვეტის ჩვენებად. უფრო საშიშია ქალის ინფიცირება ორსულობის ბოლოს. ახალშობილისთვის რისკი განსაკუთრებულია, როდესაც დედა ავადდება მშობიარობამდე 2 დღით ადრე და მშობიარობიდან 5 დღის განმავლობაში. თუ ინფიცირება მოხდა მშობიარობამდე 4-5 დღით ადრე, თანდაყოლილი ჩუტყვავილას ალბათობა შეადგენს 10-20%-ს, ხოლო სიკვდილიანობა 20-30%-ის. თანდაყოლილი ჩუტყვავილა შეიძლება მიმდინარეობდეს ძალიან მძიმედ, თან სდევდეს ახალშობილის ბრონქოპნევმონია და შინაგანი ორგანოების დაზიანება. დედის დაავადებისას ექიმები ხშირად ცდილობენ, შეაყოვნონ მშობიარობა 5-7 დღით, თუკი ეს შესაძლებელია; ორსულსა და ახალშობილს მშობიარობისთანავე უკეთებენ სპეციფიკურ იმუნოგლობულინს, რომელიც ინფიცირებისგან იცავს. ახალშობილი გადაჰყავთ ინფექციურ სტაციონარში, სადაც იგი ანტივირუსულ მკურნლობას გადის.


- რას გვეტყვით წითელაზე? 
- წითელაც საშიშია ორსულებისთვის. ორსულობის ადრეულ სტადიებზე ინფიცირებისას შემთხვევათა 20%-ში მოსალოდნელია თვითნებითი აბორტი ან ვითარდება ნაყოფის განვითარების მანკი. ცუდი ის არის, რომ ოლიგოფრენია (ჭკუასუსტობა) და ნერვული სისტემის დაზიანება ორსულობის ამ ეტაპზე ძნელად დიაგნოსტირდება, ამიტომ დანამდვილებით თქმა იმისა, მოხვდა თუ არა ორსული იმ 20%-ში, შეუძლებელია. წითელას გართულებებიდან ნაყოფისთვის განსაკუთრებით საშიშია ბაქტერიული პნევმონია, რომელმაც შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს. ორსულობის დაგეგმვისას ორსულმა უნდა ჩააბაროს სისხლი წითელას ანტისხეულებზე და აუცილებლობის შემთხვევაში ჩაიტაროს წითელას საწინააღმდეგო აცრა. ორსულობის პირველი კვირების შედეგ წითელა უმეტესად ნაყოფის დაზიანების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ ორსულობის ბოლო კვირებზე იმატებს თანდაყოლილი წითელათი ბავშვის დაბადების რისკი. ამ დროს სიკვდილიანობა ანტიბიოტიკოთერაპის დაწყებამდე შეადგენდა 20-30%-ს დროულ ახალშობილებში და 50%-ს უდღეურ ბავშვებში. თანდაყოლილი ან შეძენილი წითელა თავიდან რომ ავიცილოთ, ორსულს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინიფიცირებულთან, უტარდება პასიური იმუნიზაცია, რომლის დროსაც იმუნური შრატის გლობულინი კონტაქტიდან 6 დღის განმავლობაში შეჰგყავთ.  პროფილატიკური იმუნიზაციისგან გასხვავებით, წითელას საწინააღმდეგო აცრას ორსულებს არ უკეთებენ, რადგან არსებობს ნაყოფზე მავნე ზემოქმედების თეორიული რისკი.

კატეგორია: ქალი | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 5629 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 3.6/5
სულ კომენტარები: 2
2  
aq eqims rogor unda mivweroooo

1  
hemickda pexmzimoba 14 kviraze nakopi iko dagupuli da suntkva ar ismineboda kvela analizi gaketebuli mkonda pexmzimobis dros var herpes da citomegalovirusis matarebeli razec analizebi gaketebuli mkonda 2 clis cin da dabali procentebit makvs es virusebi nitxres rom mizezi trombi iknebodao ra heizleboda kopiliko mizezi da ra icvevs trombs?

სახელი *:
Email *:
კოდი *: