მთავარი » ფაილები » ქალი

ვიტამინები და მინერალები ორსულობისას
2012-04-10, 9:20 PM
ვიტამინები და მინერალები ორსულობისას

ყოველი ორსული ოცნებობს, ჯანმრთელი და ძლიერი შვილი გაუჩნდეს. რა როლი ეკისრება ნაყოფის განვითარებისთვის ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს, რა შეიძლება გამოიწვიოს მათი ცვლის დარღვევამ? ამ საკითხებზე სასაუბროდ ქალთა მე-10 კონსულტაციის მეან-გინეკოლოგსმზია დევდარიანს მივმართეთ.


- როგორია მოთხოვნა ვიტამინებზე ორსულებში?
- წამყვანი კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, ორსულთა 70-80%-ს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი აქვს, ანუ მათი უმეტესობა გაუცნობიერებლად საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე ჩვილის ჯანმრთელობასაც.

ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვების დროს ქალის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნილება ერთიორად იმატებს. თუ ორსულობის დროს მართებულად იკვებებით, თქვენი ორგანიზმი რეგულარულად იღებს აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს - ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი იზრდება.


- აუცილებელია თუ არა ვიტამინების მიღება და როდის? 
- მომავალი დედის საკვებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა უარყოფითად აისახება ნაყოფის განვითარებაზე. სადღეისოდ არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ ბავშვის მუცლადყოფნისას კვების დარღვევა ზრდის ზრდასრულ ასაკში მრავალი დაავადების განვითარების რისკს. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია სპეციალური ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების მიღებით. მედიკოსები გვირჩევენ, ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების მიღება დავიწყოთ დაგეგმილ ორსულობამდე 3 თვით ადრე, გავაგრძელოთ ორსულობის ბოლომდე და ძუძუთი კვების დროსაც. ვიტამინომინერალური კომპლექსები შემადგენლობით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი საკმარისი რაოდენობით არ შეიცავდეს იმ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ორსულისთვის არის აუცილებელი, ამიტომ უმჯობესია, სპეციალურად ორსულთათვის განკუთვნილი კომპლექსი შევიძინოთ. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ საკვებ დანამატებსა და ვიტამინურ კომპლექსებზე იმედის დამყარება არ არის მართებული, რადგან ეს მაინც ხელოვნურად სინთეზირებული პრეპარტებია. უმჯობესია, ორსულმა და მეძუძურმა დედამ აუცილებელი ვიტამინები და მინერალები ნატურალური პროდუქტებიდან მიიღონ.


- მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი. რა მნიშვნელობა აქვს რკინას ორსულისთვის?
- რკინა მომავალი დედისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მინერალია. იგი მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების - წარმოქმნაში, შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში და უზრუნველყოფს ქსოვილებში ჟანგბადის ტრანსპორტირებას, რაც აუცილებელია ნაყოფის ჟანგბადით მომარაგებისთვის. რკინის ნორმალური შემცველობა ორგანიზმში ხელს უწყობს მყარი იმუნიტეტის ფორმირებას, ბავშვის ნერვულ-ფსიქიკურ განვითარებას - ლოგიკური აზროვნების, მეტყველების, სწავლის უნარის განვითარებას. გახსოვდეთ: მზარდი ნაყოფისთვის რკინა აუცილებელია სისხლის უჯრედების წარმოსაქმნელად. რკინა სჭირდება მომავალ დედასაც, რადგან ორსულობის დროს თითქმის 50%-ით იმატებს სისხლის მოცულობა.


- რატომ ემართებათ ორსულებს, მეტადრე - განმეორებით მშობიარეებს, რკინადეფიციტური ანემია?
- ორსულობის ბოლოს პრაქტიკულად ყველა ქალს აქვს რკინის ფარული დეფიციტი, ხოლო რკინადეფიციტური ანემია ორსულთა მესამედს უვითარდება. ეს, ისევე, როგორც ავიტამინოზი, ორსულებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა, რომლის პროფილაქტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს კვებას. რკინადეფიციტური ანემია მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის დაახლოებით 8-20%-ს აღენიშნება. ყოველი ორსულობის, მშობიარობისა და ლაქტაციის დროს რკინის დანაკარგი 900 მგ-ს შეადგენს. რკინის მარაგის აღსადგენად ორგანიზმს 4-5 წელი სჭირდება. თუ ქალმა ხელმეორედ ამ ვადაზე ადრე იმშობიარა, მას აუცილებლად განუვითარდება ანემია. რკინის დეფიციტი გარდაუვალია იმ ქალებისთვის, რომლებსაც ოთხზე მეტი შვილი ჰყავთ. ანემია, ჩვეულებრივ, ორსულობის მეორე ნახევარში ვლინდება. მას თან სდევს ჟანგბადოვანი შიმშილი და ამის შედეგად განვითარებული პათოლოგია. ორსულობის დროს ისედაც იმატებს ჟანგბადის მოთხოვნილება, ანემია კი უფრო მეტად აღრმავებს ჰიპოქსიას - ჟანგბადოვან შიმშილს. რკინადეფიციტური ანემია განიხილება როგორც ტოტალური ორგანული პათოლოგია, რომელიც ყველა ორგანოსა და ქსოვილის - კანის ეპითელიუმის, სასუნთქი, კუჭ-ნაწლავისა და იმუნური სისტემების, თავის ტვინის - ფუნქციურ და მორფოლოგიურ დაზიანებას იწვევს.


- რა გავლენას ახდენს რკინის დეფიციტი ნაყოფის განვითარებაზე?
- ანემიის დროს ნაყოფის ზრდა-განვითარება შეფერხებულია. მძიმე ანემიის შემთხვევაში მოსალოდნელია ნაყოფის სიკვდილიც. ანემიით დაავადებულ ორსულთა ახალშობილებს აქვთ წონის მკვეთრი დეფიციტი და შედარებით ნელა აღიდგენენ ნორმას. რკინის დეფიციტი და მისი არასაკმარისი დაგროვება ხელს უწყობს ახალშობილებში რკინადეფიციტური ანემიის ჩამოყალიბებას, ჰემოგლობინის წარმოქმნის დარღვევას, გონებრივი და მოტორული განვითარების შეფერხებას, ქრონიკული ჰოპოქსიის ჩამოყალიბებას, იმუნური სისტემის დათგუნვას- რას გვეტყვით ფოლიუმის მჟავაზე? 

- ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნაყოფის ნერვული სისტემის, სახელდობრ, ზურგის ტვინის განვითარებისთვის. იგი აქვეითებს ნაადრევი მშობიარობის რისკს. ქალებმა, რომლებსაც ორსულობა აქვთ დაგეგმილი, ნაყოფის ნერვული ღეროს პათოლოგიების თავიდან ასაცილებლად დაორსულებამდე უნდა დაიწყონ ამ ვიტამინის მიღება და ორსულობის მე-12 კვირამდე განაგრძონ.


- რა ფუნქცია აკისრია კალციუმს ორსულის ორგანიზმში? 
- გარდა იმისა, რომ კალციუმი ამაგრებს მომავალი დედის ძვლებსა და კბილებს, ამ ნივთიერების გარეშე შეუძლებელია ნაყოფის ძვლოვანი ქსოვილისა და კბილების ჩამოყალიბება, რაც დაახლოებით მუცლადყოფნის მე-8 კვირიდან იწყება. ორსულობას, წესისამებრ, თან ახლავს კალციუმის ცვლის დარღვევა. თუ ქალი ჯანმრთელია, ცვლილებები შესამჩნევი არ იქნება, მაგრამ თუ ორგანიზმში კალციუმის ცვლა ორსულობამდეც იყო დარღვეული, ორსულობისას ის მაშინვე პოვებს კლინიკურ გამოხატულებას.


- რამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულებში კალციუმის დეფიციტი? 
- კვლევები გვიჩენებს, რომ ბევრი ორსული საკვებიდან ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის კალციუმს. მათ სადღეღამისო რაციონში კალციუმის რაოდენობა მხოლოდ 700 მგ-მდეა, მაშინ როცა ნორმა 1200მგ-ს უტოლდება.


- რა ელის დედას კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში? 
- როდესაც ორსულის ორგანიზმი ვერ იღებს საკმარის კალციუმს ნაყოფის ჩონჩხის ასაგებად, იგი მას საკუთარი მარაგიდან მოიხმარს. სახელდობრ, თავისივე ძვლებში არსებულ კალციუმს ხარჯავს. ამის შედეგად ორსულის ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცე იკლებს, ვითარდება ოსტეოპოროზი. პირველ დარტყმას ზედა და ქვედა ყბა იღებს. ალვეოლური წანაზარდები, რომლებიც კბილის ბუდეს ქმნის, კარგავს კალციუმს და საბოლოოდ ყალიბდება პაროდონტიტი. გარდა ამისა, ორსულობისას კალციუმის დეფიციტმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ისეთი პათოლოგიური მდგომარეობების განვითარებას, როგორებიცაა:

  • ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია (არტერიული წნევის მომატება);
  • პრეეკლამფსია (ორსულობის მეორე ნახევრის ერთ-ერთი საშიში გართულება);
  • ნეიროვეგეტაციური დარღვევები.

კალციუმით სათანადო მომარაგება ამცირებს ორსულობის თანმხლებ დისკომფორტს: კუნთოვან ტკივილს, გულისცემის გახშირებას. წვივის კუნთების კრუნჩხვა, კრამპი (რომელიც ხშირად ვითარდება ღამით), კლასიკური სიმპტომია ორსულებში კალციუმის დეფიციტისას.


- რა ემუქრება ნაყოფს კალციუმის დეფიციტის დროს?
- ნაყოფის ჩონჩხის ჩამოყალიბება ინტენსიურად იწყება მუცლადყოფნის მე-6-7 თვეს. მზარდ ნაყოფს ბევრი კალციუმი სჭირდება. ის აუცილებელია ბავშვის ყველა ქსოვილის - როგორც ჩონჩხისა და კბილების, ისე ნერვული სისტემის, გულისა და კუნთოვანი ქსოვილების, თვალის, ყურების, კანის, თმისა და ფრჩხილების განვითარებისათვის. უდიდეს როლს ასრულებს კალციუმი გულისა და სისხლის შემდედებელი სისტემის მუშაობაში. დადგენილია, რომ დედის ორგანიზმიდან პლაცენტის გავლით ნაყოფს საათში 13 მგ, ხოლო დღეში 300 მგ-მდე კალციუმი მიეწოდება. დაბადებისას ახალშობილის ჩონჩხი 20-30 გ კალციუმს შეიცავს. კალციუმის დეფიციტმა შესაძლოა ნაყოფის ზრდის შეფერხება გამოიწვიოს.


- რა უნდა ჭამოს ორსულმა, კალციუმი რომ არ მოაკლდეს?
- კალციუმის შემცველი პროდუქტები აუცილებლად უნდა შედიოდეს ორსულის რაციონში. კალციუმის ძირითადი წყაროა რძე და რძის ნაწარმი (ყველი, ხაჭო, კეფირი, იოგურტი), ზოგიერთი ბოსტნეული (კომბოსტო, ნიორი, ნიახური, ოხრახუში, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო), ხილი და კენკრა (ხურტკმელი, მოცხარი, მარწყვი, ბალი, გარგარი). ზოგიერთი საკვები (მარცვლეული, მჟაუნა, ისპანახი) კალციუმის შეწოვას აფერხებს. მათ შემადგენლობაში შედის ფიტინისა და მჟაუნას მჟავები, რომლებიც კალციუმთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნიან უხსნად მარილებს - ფიტატებსა და ოქსალატებს, ამიტომ აუცილებელია, გავითვალისწინოთ საკვები პროდუქტების ურთიერთთავსებადობა. ვინაიდან რძის პროდუქტებში ბევრი ცხიმია, ეცადეთ, მიირთვათ ცხიმგამოცლილი ხაჭო, მოხდილი რძე, მაწონი.


- შეიძლება თუ არა ორსულებისთვის კალციუმის პრეპარატებით მკურნალობა?
- თუ დღიურ რაციონში საკმარისი რაოდენობის კალციუმი არ შედის, ორსულმა უნდა მიიღოს კალციუმის დანამატები. კალციუმის მარაგის შევსება შეიძლება ტაბლეტირებული კალციუმით. ელემენტარული კალციუმი, რომელსაც, კალციუმის ციტრატისა და ლაქტატისგან განსხვავებით, ორგანიზმი ადვილად ითვისებს, ყველაზე მეტია კალციუმის კარბონატში. აქედან კალციუმის დაახლოებით 40% შეიწოვება, მაშინ როცა კალციუმის გლუკონატის ბიოათვისებადობა არ აღემატება 4%-ს. კალციუმის დანამატი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად დღეში 2-ჯერ, ვინაიდან ერთ ჯერზე ორგანიზმს მხოლოდ 600 მგ კალციუმის ათვისება შეუძლია. ერიდეთ კალციუმის ისეთ დანამატებს, რომლებიც შეიცავს ძვლის ფქვილს ან დოლომიტს. მათში შესაძლოა იყოს დარიშხანი და სხვა ტოქსიკური სუბსტანციებიც.


- რას გვეტყვით მაგნიუმის შესახებ? 
- მაგნიუმი კალციუმთან ერთად შედის ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფაში, სხვადასხვა კუნთის, მათ შორის - გულის მუშაობაში. მაგნიუმის უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს ქვედა კიდურებისა და მუცლის კუნთების სპაზმი, ნაადრევი ჭინთვები და ნაადრევი მშობიარობა. მაგნიუმის მოთხოვნილება ორსულობის დროს დღეში 310 მგ-ია. მაგნიუმისა და რკინის ან კალციუმისა და რკინის ერთდროული მიღებისას ორგანიზმს ამ ნივთიერებების ათვისება უჭირს, ამიტომ რეკომენდებულია, მაგნიუმისა და რკინის პრეპარატები ორსაათიანი შუალედებით მიიღოთ. რკინის პრეპარატის მიღების შემდეგ ორი საათის განმავლობაში ნუ მიირთმევთ მაგნიუმისა და კალციუმის შემცველ საკვებს- რას გვეტყვით D ვიტამინის შესახებ? 

- ეს ვიტამინი აუცილებელია, პირველ რიგში, ძვლების ნორმალური ფორმირებისა და განვითარებისთვის. იგი უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საკმარის შემცველობას დედისა და ბავშვის ორგანიზმში, აუცილებელია გულისა და სისხლძარღვების მუშაობისთვის, ახდენს ბავშვებში რაქიტის პროფილაქტიკას. ორსულობისას D ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილება 5 მგ-ია.


- რა ფუნქციას ასრულებს ორსულის ორგანიზმში იოდი?
- იოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომლის გარეშეც ნაყოფის ნორმალური განვითარება შეუძლებელია. პრაქტიკულად ჯანმრთელი ქალი ორსულობისას იოდის დეფიციტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება. ორსულობა იოდის ფარულ დეფიციტს კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან ამ დროს ამ მიკროელემენტის მოთხოვნილება 200-300 მკგ-მდე იმატებს. თუ ქალმა საკმარისი იოდი არ მიიღო, როგორც დედის, ისე ნაყოფის ორგანიზმში თავს იჩენს იოდდეფიციტი და ვითარდება თირეოიდული ჰორმონების უკმარისობა. თუ ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ძლიერდება და თირეოიდული ჰორმონების წარმოქმნა იმატებს. ამ დროს იოდზე მოთხოვნა 200-300 მკგ-მდე იზრდება. ამ მიკროელემენტის მოთხოვნილება განსაკუთრებით დიდია ორსულობის პირველ ნახევარში, როდესაც ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი ჯერ კიდევ არ ფუნქციობს. ორსულობის მე-14-16 კვირიდან ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი ამოქმედდება, ხოლო მშობიარობის დროისთვის მისი ჰიპოფიზ-ფარისებრი ჯირკვლის სისტემა სავსებით ჩამოყალიბებული და ფუნქციურად აქტიურია.


- რა გავლენას ახდენს იოდისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა ნაყოფის ორგანიზმზე? 
- ბავშვის ორგანიზმი იოდის დეფიციტისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ეს იმიტომ, რომ ნაყოფს, მოზრდილისგან გასხვავებით, იოდის დეფიციტთან შეგუება არ შეუძლია. ამიტომ ორსულობის დროს იოდის უმნიშვნელო დეფიციტიც კი შესაძლოა ნაყოფისთვის მეტად მნიშვნელოვანი დარღვევის მიზეზად იქცეს. პირველ რიგში, ხელი შეუშალოს ბავშვის ფსიქიკურ, გონებრივ და მოტორულ განვითარებას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ჩამოყალიბებისთვის. მუცლადყოფნის პერიოდში ეს ჰორმონები აკონტროლებს პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის ჩამოყალიბებასა თუ მომწიფებას, გავლენას ახდენს ფილტვის ქსოვილის, თავის ტვინის, ძვალსახსროვანი სისტემის განვითარებაზე. განსაკუთრებით ძლიერია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გავლენა თავის ტვინის ფორმირებასა და ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაზე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ასტიმულირებს ძვლის წარმოქმნას, აჩქარებს ძვლებში მინერალების (უმთავრესად - კალციუმისა და ფოსფორის) ჩალაგებას. გავლენას ახდენს ცილის სინთეზზე, უჯრედების ზრდაზე, ააქტიურებს ქსოვილთა სუნთქვას, ხელს უწყობს ნაყოფის განვითრებას, აძლიერებს მეტაბოლიზმს - ზრდის ფერმენტებისა და ვიტამინების მოთხოვნილებას.


- რით შეიძლება გართულდეს ორსულობა იოდის დეფიციტის დროს? 
- იოდის დეფიციტი შესაძლოა თვითნებური აბორტის ან ნაყოფის განვითარების შეფერხების (გაყინული ორსულობის) მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, იოდის დეფიციტი ზრდის ორსულობის ან მშობიარობის გართულების ალბათობას. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ადეკვატურად არ ვუმკურნალეთ, მოსალოდნელია ანემია, პლაცენტის უკმარისობა, ჰიპერტენზია, გესტოზი, ეკლამფსია, ახალშობილი შეიძლება რომელიმე მანკით ან თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით დაიბადოს. არც მკვდარი ნაყოფის დაბადებაა გამორიცხული. მეძუძურ დედებში იოდის დეფიციტი შესაძლოა რძის შემცირებისა და გაქრობის მიზეზად იქცეს.- როდის შეიძლება დაიწყოს და როგორ უნდა ჩატარდეს იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა? 

- მართალია, ნაყოფის თავის ტვინში მნიშვნელოვანი პროცესები ორსულობის მთელი პირველი ტრიმესტრის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ ნერვული სისტემის ფორმირება ორსულობის მე-3-4 კვირას იწყება. ამ დროს ქალმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ ორსულად არის. ამიტომ სასურველია, იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა ჯერ კიდევ დაორსულებამდე, ანუ ორსულობის დაგეგმვის დროს დავიწყოთ. იოდის მიწოდება მთელი ორსულობისა და ძუძუთი კვების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. დიეტით იოდის დეფიციტის კომპენსირება პრაქტიკულად შეუძლებელია. საკვები პროდუქტების უმეტესობა ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს იოდს. გარდა ამისა, დიეტა ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმში იოდის თანაბარ გადანაწილებას. არსებობს მრავალი პრეპარატი, რომლებიც ორსულებში ვიტამინურ-მინერალური უკმარისობის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება, მაგრამ იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია გამოვიყენოთ პრეპარატები იოდის დოზირებული შემცველობით - ეს საშუალებას მოგვცემს, ზუსტად ვაკონტროლოთ ორსულის ორგანიზმში იოდის რაოდენობა.


ვიტამინები
A ვიტამინი აუცილებელია პლაცენტის ნორმალური განვითარებისთვის, ფილტვების მომწიფებისთვის, მონაწილეობს მხედველობითი პიგმენტების წარმოქმნაში, ძვლებისა და კბილების შენებაში. მისი დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ზრდის დარღვევა, ღვიძლისა და თვალების განვითარების დარღვევა. ამიტომ არის, რომ ღვიძლი, A ვიტამინის უხვი შემცვლობის გამო, ორსულებისთვის აკრძალულია. ა ვიტამინზე სადღეღამისო მოთხოვნა ორსულობისას 1,1 მგ-ია. E ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ორსულობისა და ლაქტაციის ჰორმონების სინთეზში, მნიშვნელოვანია ნაყოფის ნორმალური ზრდისთვის. მისი დეფიციტი შესაძლოა ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის მიზეზად იქცეს.


B ჯგუფის ვიტამინები 
B1 თავიდან გვაცილებს ადრეული ტოქსიკოზის გამოვლენას. ის აუცილებელია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. B1 ვიტამინზე სადღეღამისო მოთხოვნა ორსულობისას 1,2 მგ-ია. ვიტამინი B2 მონაწილეობს სისხლის უჯრედების წარმოქმნაში, აუცილებელია ნაყოფის ზრდისთვის და ორგანიზმს ენერგიით ავსებს მთელი ორსულობის დროს, აუცილებელია თუთიის, სელენისა და ვიტამინ B6-ის ნორმალური ცვლისთვის. ამ ვიტამინის მოთხოვნილება ორსულობის დროს დღეში 1,5 მგ-ს უტოლდება. B6 არეგულირებს ნერვულ სისტემაში შემაფერხებელ პროცესებს, აქვეითებს გაღიზიანებადობას და ორსულობის I ნახევარში ტოქსიკოზის გამოვლენას. ამასთანავე, უზრუნველყოფს ნაყოფის ნერვული სისტემის სწორ განვითარებას. ორსულის ორგანიზმი დღეში 1,9 მგ B6 ვიტამინს ითხოვს. B12 აუცილებელია ნაყოფის ზრდის სტიმულაციისთვის, სისხლის პროდუქციისთვის, ნერვების დასაცავად, უჯრედული ბირთვების ასაშენებლად.  ვიტამინ B12-ის მოთხოვნილება ორსულობის დროს დღეში 3,5 მგ-ია.

 

კატეგორია: ქალი | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 4123 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.4/5
სულ კომენტარები: 1
1 ika-gabe  
0
happy happy happy happy

სახელი *:
Email *:
კოდი *: