მთავარი » ფაილები » მედიცინის სიახლენი

ხველა
2012-04-10, 9:15 PM

ზამთარი გაციების გარეშე იშვიათად ჩაივლის. გაციება სხვადასხვანაირად ვლინდება, მაგრამ ხველა მისი მუდმივი თანამგზავრია. როგორ ავაცილოთ ბავშვს თავიდან შემაწუხებელი ხველა? ამის შესახებ პედიატრი მაკა შარაშენიძე გვესაუბრება.


- გაციება სხვადასხვანაირად ვლინდება, მაგრამ არსებობს საერთო ნიშნებიც, რომელთა მიხედვით მისი ამოცნობა ადვილია:


  • შემცივნება და ტემპერატურის მომატება;
  • ცემინება და სურდო;
  • ზოგადი სისუსტე და სახსრების ტკივილი;
  • ხველა.

ხველა ორგანიზმის რთული დამცველობითი რეაქციაა. იგი სასუნთქი გზების, კერძოდ, მათი მგრძნობიარე რეცეპტორ-უჯრედების გაღიზიანების შედეგად წარმოიშობა. ეს რეცეპტორები განლაგებულია ხახის, ხორხის, ტრაქეის, ბრონქების ლორწოვან გარსებზე, გამღიზიანებლის როლი კი შეიძლება შეასრულოს აქროლადმა ქიმიურმა ნივთიერებამ, მშრალმა ჰაერმა, მტვერმა... სავსებით ჯანმრთელმა ბავშვმა დღეში შესაძლოა რამდენიმეჯერ წამოახველოს. ამან არ უნდა შეგვაშინოს - ასეთი ხველა მხოლოდ ყელის ჩაწმენდას ემსახურება. ხველის დროს სასუნთქ გზებში საგრძნობლად იმატებს ჰაერის წნევა და ამოსუთქვისას წარმოიქმნება ჰაერის ნაკადი, რომელიც გამოაძევებს დაგროვილ ნახველს (მასთან ერთად კი ბაქტერიებს, ვირუსებს), მტვრის ნაწილაკებს, მცირე ზომის უცხო სხეულებს და სხვა. ამიტომ ყოველთვის როდია სასურველი ხველის დათრგუნვა - იგი, გარდა იმისა, რომ დაავადების ნიშანია, გამღიზიანებელთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებასაც წარმოადგენს.


- რას უნდა ნიშავდეს ხველის გახანგრძლივება?
- გახანგრძლივებული ხველა, ჩვეულებრივ, თან სდევს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ ინფექციას. ხველა წარმოიშობა ინფექციის როგორც ზედა (ცხვირი, ხახა, ხორხი), ისე ქვედა (ტრაქეა, ბრონქები, ფილტვები) სასუნთქ გზებში ლოკალიზაციის დროს. ხველა შეიძლება იყოს მშრალიც და სველიც, ანუ თან სდევდეს ნახველის გამოყოფა. მშრალი ხველა წარმოიშობა ლარინგიტის, ფარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქული ასთმის, ასთმური ბრონქიტის, ყივანახველის დროს. სველი ხველა შესაძლოა იყოს რინოფარინგიტის (ცხვირ-ხახის არეში მიმდინარე ანთებითი პროცესის) ნიშანი. ამ დროს წარმოქმნილი ლორწო ჩაედინება ხახაში, აღიზიანებს სასუნთქ გზებს და იწვევს ხველას. ნახველი შეიძლება წარმოიქმნას ბრონქებში ბრონქიტისა და პნევმონიის დროს და ესეც სველ ხველას განაპირობებს. ხშირად ხველა ფილტვებში მიმდინარე ანთებითი პროცესის (პნევმონიის) ნიშანია.


- როდის უნდა გამოვიძახოთ ექიმი?
- ექიმის გამოძახება აუცილებელია, თუ:

  • რამდენიმე დღეა, მოიმატა ტემპერატურამ (38 გრადუსზე მეტად);
  • სუნთქვის სიხშირე 2 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის წუთში 60-ზე მეტია, 12 თვემდე - 50-ზე მეტი, 1 წელს გადაცილებული პატარებისთვის კი 40-ზე მეტი;
  • ბავშვი პირს არ აკარებს საკვებს;
  • სუნთქვის დროს უჩივის ტკივილს მკერდის არეში.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ ხველა რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდა. თუ შეამჩნიეთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ბავშვი წამოახველებს აქტიური მოძრაობის, თამაშის დროს ან დილაობით, გაღვიძებისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს - ეს შესაძლოა რომელიმე ქრონიკული დაავადების მანიშნებელი იყოს, მათ შორის - ბრონქიტისა, ქრონიკული პნევმონიისა, ბრონქული ასთმისა და ტუბერკულოზისაც კი. ხანგრლივი ხველა მძიმედ აისახება ბავშვის მდგომარეობაზე: პატარას უტყდება ძილი, მუდმივად გაღიზიანებულია, ჭირვეულობს, ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) გამო სტკივა თავი, ეუფლება ასთენია (ზოგადი სისუსტე).

კატეგორია: მედიცინის სიახლენი | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 1369 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: