მთავარი » ფაილები » ქირურგია

რა არის განგრენა
2012-04-11, 8:17 AM

mkurnali.geგანგრენა წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმში ქსოვილთა ნეკროზს, იმავე კვდომას. ნეკროზი შეიძლება განიცადოს ორგანიზმის სხვადასხვა, გარესამყაროსთან როგორც უშუალოდ, ასევე ანატომიური არხებით დაკავშირებულმა ქსოვილმა (კანის, ფილტვების, ნაწლავების და სხვა ორგანოთა ქსოვილებმა). მკვდარი ანუ განგრენოზული ქსოვილი მუქი ყავისფერი ან შავი ფერისაა. ასეთ შეფერილობას განაპირობებს რკინის სულფიდი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინში შემავალი რკინისაგან ჰაერში არსებული გოგირდწყალბადის პირობებში.

განგრენის კლასიფიკაცია ეფუძნება:

  • დაღუპული ქსოვილის კონსისტენციას (მშრალი და სველი განგრენა),
  • ეტიოლოგიას ანუ ქსოვილის დაღუპვის ძირითად გამომწვევ მიზეზს (ინფექციური, ალერგიული, ტოქსიკური და სხვა),
  • პათოგენეზს ანუ პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის თავისებურებას (ელვისებური, აიროვანი, ჰოსპიტალური განგრენა).

განგრენის გამომწვევ მიზეზებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ:

1. ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა,
2. მექანიკური და ქიმიური ზეგავლენა,
3. ფიზიკური ზეგავლენა.

განგრენა შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ანაერობულმა ანუ უჟანგბადო გარემოს ბინადარმა კლოსტრიდიას სახეობის (Cl. Perfringens) ბაქტერიებმა. ამ განგრენას ანაერობულ განგრენას უწოდებენ;
  • ნაწლავის ჩხირმა (Escherichia);
  • აერობაქტერიებმა (Aerobacter);
  • სტრეპტოკოკებმა (Streptococcus);
  • პროტეუსის სახეობის ბაქტერიებმა (Proteus).

კლოსტრიდიას სახეობის ბაქტერიებისაგან განსხვავებით (რომლებიც ძირითადად კუნთოვანი ქსოვილის ნეკროზს იწვევენ), ნაწლავის ჩხირი, აერობაქტერიები, სტრეპტოკოკები და პროტეუსები კანქვეშა ქსოვილებში მრავლდებიან. მათ ფაკულტატურ ანაერობებს უწოდებენ, რადგან ჩვეულებრივ, ჟანგბადის შემცველ გარემოში გამრავლების გარდა, უჟანგბადო გარემოშიც შეუძლიათ არსებობა. განგრენის მკურნალობა ქირურგიულია. გულისხმობს დანეკროზებული ქსოვილების მოკვეთას, ამპუტაციას დემარკაციული ხაზის მიხედვით. დარჩენილი ქსოვილების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ანტიბიოტიკები.

მშრალი განგრენა
მშრალი განგრენა, ჩვეულებრივ, ქვედა კიდურებს აზიანებს. ამ დროს კიდურის მკვებავი სისხლძარღვების გამავლობის შემცირება და დაცობა შედარებით ნელა - თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში - მიმდინარეობს. ასე რომ, ორგანიზმს საკმარისი დრო აქვს, რათა დამცავი რეაქციით მოახდინოს მიმდინარე პათოლოგიურ პროცესზე რეაგირება და დაიწყოს ფიზიოლოგიური დემარკაცია (იგივე იზოლაცია) მომაკვდავი ქსოვილისა ჯანმრთელისაგან. ნეკროზი თავდაპირველად კიდურების კიდურა (განაპირა) ნაწილებს ანუ ტერფის თითებს მოიცავს, შემდგომ მთელ ტერფსა და ქვედა კიდურის სხვა ნაწილებზეც ვრცელდება. საწყის ეტაპზე ჩნდება ძლიერი ტკივილი, რომლის შემცირება მხოლოდ ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებებით არის შესაძლებელი. მოგვიანებით ქსოვილები მგრძნობელობას კარგავს და მუმიფიცირებულ სახეს ანუ მოყავისფრო-მოშავო იერს იძენს, მოცულობაში მცირდება, ვიზუალურად მკვეთრად არის გამოყოფილი ცოცხალი ქსოვილებისაგან, სუნი არ აქვს. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ნორმალურია და თუ მშრალი განგრენა სველში არ გადავიდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდურის დაზიანებული ნაწილის ამპუტაციას (მოკვეთას) უხშირესად კოსმეტიკური, გაუტკივარებისა და მოსალოდნელ გართულებათა თავიდან აცილების მიზნით მიმართავენ.


სველი განგრენა 
სველ განგრენას, მშრალისაგან განსხვავებით, სრულიად საწინააღმდეგო ნიშნები ახასიათებს - ვითარდება მწვავედ, ორგანოს მკვებავი სისხლძარღვის უცაბედად დაცობის გამო. რაც მთავარია, სველი განგრენის მთავარი სპეციფიკური ფაქტორი ინფექციის თანდართვაა. პირველადი დაავადება, რომელმაც საფუძველი დაუდო სველ განგრენას - მძიმე დამწვრობა, მოყინვა, ტრავმა, კიდურის მწვავე არტერიული უკმარისობა - მკვეთრად არის ხოლმე გამოხატული. ორგანო მიცვალებულის ორგანიზმში არსებულ სახეს იძენს: მოცულობაში იზრდება, მომწვანო ფერისაა, ზეწოლისას ისმის სპეციფიკური ხმა (კრეპიტაცია, ვინაიდან ქსოვილი გოგირდწყალბადით არის გაჯერებული), აქვს უსიამოვნო ლპობის სუნი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. სიცოცხლის გადარჩენას დაზიანებული ორგანოს ამპუტაცია უზრუნველყოფს. სველი განგრენა შესაძლოა შინაგან ორგანოებშიც განვითარდეს: ნაწლავში, პანკრეასში ანუ კუჭუკანა ჯირკვალში, ფილტვებში, როგორც რთული ანთებითი ფორმების უკიდურესი გართულება.


აიროვანი განგრენა 
აიროვან განგრენას სხვაგვარად ანაერობულ განგრენასაც უწოდებენ, რადგან მისი გამომწვევი მიკრობი უჟანგბადო, ანაერობულ პირობებში ცხოველმყოფელობს. დაავადებას უპირატესად კლოსტრიდიას სახეობის ბაქტერია (Cl. Perfringens) იწვევს. ის ქუჩის მტვერსა და ნიადაგში ბინადრობს. ანაერობული განგრენა ემუქრება ჭრილობებს, რომლებიც დაბინძურებულია მიწით, ცუდად მარაგდება სისხლით, ცუდად ან საერთოდ არ არის დამუშავებული ქირურგიულად, აქვს დანეკროზებული უბნები. აიროვანი განგრენის გამომწვევი სწრაფად მრავლდება და ასნებოვნებს ქსოვილებს. ის უხვად გამოყოფს აირების წარმომქმნელ, ქსოვილთა დამშლელ ეგზო- და ენდოტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობს ინფექციის სწრაფ გავრცელებას და უჯრედთა კვდომას. აღნიშნული ინფექციით დასნებოვნებიდან უკვე 5-6 საათში ადამიანის მდგომარეობა მძიმდება. ვითარდება ცხელება და ტაქიკარდია. კანი მორუხო-მოლურჯო ელფერს იძენს. ჭრილობა მკვეთრად მტკივნეულია, კიდეები გაფერმკრთალებული, შეშუპებული და უსიცოცხლო აქვს, ჭრილობის ფსკერი მშრალია. ჭრილობის ხილულ კუნთოვან მასებს მოხარშული ხორცის შესახედაობა აქვთ, ჭრილობის კიდეებზე ზეწოლისას ქსოვილებიდან გამოიყოფა აირთა ბუშტუკები, რომელთაც სიდამპლის სუნი ასდით. პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება და საბოლოოდ ვითარდება შოკი.

 

კატეგორია: ქირურგია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 1680 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: