მთავარი » ფაილები » ქირურგია

ტროფიკული წყლული და სპილოვნობა მკურნალობის მეთოდები
2012-04-11, 8:16 AM
ტროფიკული წყლული და სპილოვნობა მკურნალობის მეთოდები

თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის, შაქრიანი დიაბეტისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წინააღმდეგ აქტიურად არ იმოქმედეთ, გაცილებით დიდი უსიამოვნება გელით: მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავალში ასეთი ადამიანების დაახლოებით 60%-ს ტროფიკული წყლულები - ჩირქოვანი, პირშეუკრავი იარები - განუვითარდება. ასეთი წყლულები შეიძლება წლობით არ შეხორცდეს. ტროფიკული წყლულების სიმძიმეზე ისიც მეტყველებს, რომ მას ქირურგები მკურნალობენ.

”ტროფე” ბერძნულად ”კვებაა”. ტროფიკული წყლული კანის ან ლორწოვანის დეფექტია, რომელიც ორგანიზმის ქსოვილთა სისხლით მომარაგებისა და კვების მოშლის შედეგად ვითარდება. ტროფიკულ წყლულს სხვადასხვა რამ იწვევს. ზოგჯერ მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება. არსებობს რამდენიმე დაავადება, რომელთა ფონზეც ვითარდება წყლული. ამ დაავადებათაგანია არტერიული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, საჯდომი ნერვის დაზიანება. ათიდან 7-8 შემთხვევაში კი წყლული ვითარდება ქრონიკული ვენური უკმარისობის ფონზე. ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს ვენებში სისხლის შეგუბება ირგვლივ მდებარე ქსოვილების კვებისა და ჟანგბადით მომარაგების მოშლას იწვევს. ვენური უკმარისობის ამოცნობა ძნელი არ არის: იგი გამოვლინდება ფეხში სიმძიმის შეგრძნებით, რომელიც მთელი ღამის ძილისა და მოსვენების შემდეგაც კი არ ცხრება. ქსოვილების კვების მოშლისას კანი თხელდება, ფერს იცვლის, ალაგ-ალაგ ქერცლით იფარება, რეგენერაციული (აღდგენითი) პროცესი მკვეთრად ქვეითდება. ტროფიკული წყლულები მოულოდნელად წარმოიშობა თუ არსებობს წინასწარ განსაზღვრული გამშვები მექანიზმები? წყლულის წარმოქმნის მიზეზად უმნიშვნელო ტრავმაც კი შეიძლება იქცეს; ვთქვათ, სავარძლის კიდეს წამოედეთ, ავტობუსში ვიღაც დაგეჯახათ, მოიქავეთ კოღოს ნაკბენი... ასეთი დაზიანებები თავისთავად სულაც არ არის საშიში, მაგრამ რაკი ზიანდება ქსოვილი, რომლის კვებაც მოშლილია, იწყება თანმხლები მოვლენები: მომატებული ვენური წნევის გამო იზრდება სისხლის პლაზმის მოცულობა, იგი გამოჟონავს კაპილარის კედლებიდან, იმატებს შეშუპება, რომელიც ხელს უშლის ჭრილობის (ნაკბენის, აქერცლილის) შეხორცებას. ასე თანდათანობით ყალიბდება ტროფიკული წყლული. ადგილობრივი იმუნიტეტი დათრგუნულია, აღდგენითი პროცესები - მკვეთრად დაქვეითებული, ამიტომ ორგანიზმს არ ძალუძს, გარეგანი ჩარევის გარეშე მოერიოს დაავადებას. წყლული ინფექციის ხარჯზე ვითარდება. რაც უფრო დიდი ხნისაა იგი (ზოგიერთ პაციენტს წყლული წლობით - 5-20 წლის განმავლობაში - არ უცხრება), მით უფრო ნაყოფიერი ნიადაგი ხვდებათ ბაქტერიებს გამრავლებისთვის. წყლულის განმეორებითი ინფიცირებაც ხშირია. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკები სასურველ შედეგს არ იძლევა, რადგან დაავადების ძირითადი მიზეზი აღმოფხვრილი არ არის. ვარიკოზული წყლული კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს შეიძლება განვითარდეს. ვარიკოზული წყლული ორგვარია. ერთ შემთხვევაში იგი მცირე ზომისაა, დათრომბილი, ნეკროზული (მკვდარი) კაპილარის ან კანის ატროფიისა (განლევა, კვების მოშლა) და ნეკროზის შედეგია. ასეთი წყლული მეტად მტკივნეულია, არ ახასიათებს დაჩირქება, მაგრამ ძნელად ხორცდება. მეორე შემთხვევაში წყლული დიდია, უსწორმასწოროკიდეებიანი, ჭუჭყიანი, ზოგჯერ სისხლმდენი ფსკერით. ტროფიკული წყლული უმთავრესად ქვედა კიდურებზე ჩნდება. ზოგჯერ იგი მუფთასავით შემოეხვევა წვივს და უხვი ჩირქოვანი გამონადენი ახასიათებს. თრომბოფლებიტის შემდგომი ტროფიკული წყლულის მიზეზია გადატანილი თრომბოფლებიტი. ამ დროს დაზიანებულია ღრმა ვენები და სისხლი იქიდან გულისკენ კი არ მიედინება, არამედ, პირიქით, კანქვეშა ვენებში უკუდის. ხანგრძლივი უკუდენის გამო იშლება ქვედა კიდურის შესაბამისი ადგილის კვება, ჟანგბადით მომარაგება და იწყება ზემოაღწერილი პროცესები. არსებობს ტერფის გამხვრეტი ტროფიკული წყლულიც, რომელიც ფეხისგულზე ლოკალიზდება. ხშირად იგი საჯდომი ნერვის დაზიანების შედეგი გახლავთ. წყლული ტუბერკულოზური, დიაბეტური, სიფილისური და სიმსივნური წარმოშობისაც შეიძლება იყოს. ტროფიკული წყლულის გაქრონიკულებას ხელს უწყობს ორგანიზმის ადგილობრივი და ზოგადი მოშლილობანი, ქსოვილის კვების დაქვეითება, ავიტამინოზი, დიაბეტი და სხვა.


მკურნალობის მეთოდები
ტროფიკული წყლული მომაკვდინებელი დაავადება არ არის, მაგრამ ბევრი უსიამოვნება ახლავს თან, ამიტომ მკურნალობის დაწყებას ნუ დააგვიანებთ. არსებობს მკურნალობის ორი გზა - ქირურგიული და კონსერვატიული. აქვე გეტყვით, რომ მათი დაპირისპირება არ ღირს - ორივეს თავ-თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს. ქირურგები უმეტესად ვენების ოპერაციას ამჯობინებენ. სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებისა და ქსოვილების კვების აღდგენის შემდეგ, წესით, წყლული უნდა შეხორცდეს. მაგრამ აქ თავს იჩენს ერთი პრობლემა: ქირურგთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჩირქოვანი კერის არსებობისას ვენებზე ოპერაციის გაკეთება საშიშია. იწყება პაციენტის კონსერვატიული მკურნალობა და იგი მოჯადოებულ წრეში ხვდება: წყლული არ ხორცდება, რადგან ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევა არ არის აღმოფხვრილი, ხოლო ოპერაციას არ აკეთებენ იმიტომ, რომ ეშინიათ ჩირქოვანი გართულებისა. რა თქმა უნდა, ბევრ პაციენტს მედიკამენტური მკურნალობისა და სამკურნალო შეხვევების შედეგად წყლულები უხორცდება, მაგრამ გაივლის დრო და იარა ისევ დააღებს პირს. გასაგებია, რომ ასე გაგრძელდება, სანამ არ მოისპობა ფეხში ვენური შეგუბების მიზეზი. ბევრ პაციენტს ქირურგები კონსერვატიული მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მეთოდს - კომპრესიულ თერაპიას სთავაზობენ, თუმცა პაციენტები მასზე რატომღაც ხშირად ამბობენ უარს, არადა ელასტიკური ბანდით ქვედა კიდურების შეხვევის ეფექტი მეტად თვალსაჩინოა - ვენების დიამეტრი მცირდება, სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება ქრება.

ტროფიკული წყლული და სპილოვნობა მკურნალობის მეთოდები

გარდა იმისა, რომ კომპრესია ხელს უწყობს ტროფიკული წყლულების შეხორცებას, იგი პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაც არის. ერთი სიტყვით, ტროფიკული წყლულის მკურნალობა ადვილი არ არის. საჭიროა მისი მიზეზის ლიკვიდაცია, ძირითადი დაავადების მკურნალობა, ვიტამინების გამოყენება, აბაზანები, ფიზიოთერაპიული საშუალებები, ბაროკამერა. ვენების ტონუსის ასაწევად გამოიყენება პრეპარატები: ესკუზანი, ტროქსევაზინი, ვენორუტონი, ახალი თაობის პრეპარატებიდან - დეტრალექსი, კურიოზინი, ენდოთელონი და სხვა. სამწუხაროდ, ზოგჯერ არც ერთი წამალი არ იძლევა სასურველ შედეგს. საჭიროა ხანგრძლივი წოლა, კიდურის შემაღლებულ მდგომარეობაში მოსვენება, თაბაშირის არტაშნის ან ყრუ ნახვევის დადება. არის შემთხვევები, როცა წყლულის მომზადების შემდეგ შედეგი მოაქვს კანის გადანერგვას ან შეცვლილი ქსოვილების ამოკვეთას და დეფექტის დახურვას. ნაწიბურის დაწყლულებისას კი აუცილებელია მისი მთლიანად მოცილება, რადგან ასეთი ქრონიკული წყლული ადვილად გადაგვარდება კიბოდ. რაც შეეხება პროფილაქტიკას, გეტყვით, რომ ვენების დაავადების დროს საჭიროა დავიცვათ დიეტა: მკვეთრად შევზღუდოთ მარილი და სანელებლები; უარი ვთქვათ მძიმე ფიზიკურ დატვირთვაზე, არ ავწიოთ მძიმე საგნები, დიდხანს არ ვიყოთ უმოძრაოდ. საერთო ტონუსის ასამაღლებლად სასარგებლოა ცივი წყლის გადავლება. ცხელი აბაზანები მავნებელია. მავნებელია ზედმეტად შემოტმასნილი ტანსაცმელიც, ისევე როგორც საჭიროების გარეშე ბანდაჟისა და მუცლის მაკორექტირებელი სარტყლების ტარება. ყურადღება მიაქციეთ წონასაც. ზედმეტი მასა მრავალი დაავადების რისკფაქტორია. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია კი ასეთია: თავი არიდეთ თვითმკურნალობას, რადგან ტროფიკული წყლული შეიძლება ისეთი მიზეზების გამო წარმოიშვას, რომელთა გამოვლენა მხოლოდ ექიმს შეუძლია. მართებული დიაგნოზისა და ხანგრძლივი (დაჟინებული) მკურნალობის შედეგად პრაქტიკულად ყველა პაციენტი შეიძლება განიკურნოს ტროფიკული წყლულისგან. მთავარი მკურნალობის დროულად დაწყებაა. სპილოვნობა (სპილოს დაავადება, ელეფანტიაზი, ელეფანტიაზისი) სხეულის რომელიმე ნაწილის (კიდურების, სათესლე პარკის) მდგრადი გადიდებაა კანისა და კანქვეშა უჯრედების ავადმყოფური ზრდის (ჰიპერპლაზიის) ხარჯზე, რომელიც გამოწვეულია ლიმფის მუდმივი შეგუბებით და შეშუპების განვითარებით. დაავადება უმთავრესად ტროპიკულ სარტყელშია გავრცელებული. მას იწვევს ფილარია - წვრილი მრგვალი პარაზიტი, რომელიც მოსკიტებს გადააქვთ. ამის გამო ინფექციას ფილარიოზსაც უწოდებენ. თუმცა სპილოვნობა შეიძლება ბრუგიოზის გამომწვევმა პარაზიტმა ნემატოდამაც (ბრუგია მალაყი) გამოიწვიოს. დაავადება მაშინაც შეიძლება განვითარდეს, როცა ადამიანს ლიმფური სისტემის თანდაყოლილი მანკი აქვს ან დარღვეული აქვს ლიმფის ცირკულაცია.


სიმპტომები და მიმდინარეობა
სპილოვნობის დროს კანის დაავადებული უბნები მეჭეჭებითა და წყლულებით იფარება. დაზიანებულ მიდამოში შეინიშნება ვენური და ლიმფური სტაზი (შეგუბება), ქსოვილთა შეშუპება და შემაერთებელი ქსოვილის გაღიზიანება. კანსა და კანქვეშა უჯრედისში ვითარდება ჰიპერტროფიული პროცესები, რომელიც გამოწვეულია კანსა და კუნთებშორის მიდამოში შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდით და ძვლის გასქელებით. ჰიპერტროფიას მოსდევს ორგანოების ფორმისა და მოცულობის შეცვლა, შემთხვევათა უმრავლესობაში აღინიშნება ქვედა კიდურების დაზიანება - ფეხები სქელდება და სპილოს ფეხებს ემსგავსება. სწორედ აქედან მომდინარეობს დაავადების სახელწოდება. ცნობილია დაავადების სხვა ფორმებიც (მაგალითად, სათესლე პარკის სპილოვნობა). ელეფანტიაზის წარმოქმნისა და განვითარების პროვოცირება სხვა დაავადებებმაც შეიძლება მოახდინოს, მაგალითად, თრომბოფლებიტმა, რომელიც ლიმფურ სადინარებში ინფექციის განვითარებისთვის საჭირო პირობებს ქმნის.


მკურნალობა და მკურნალობის ახალი მეთოდები
2007 წელს მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ გაშიფრეს პარაზიტ ბრუგია მალაყი-ს გენომი, რამაც შესაძლოა მკურნალობის პრინციპულად ახალი და ეფექტური მეთოდიკის შექმნამდე მიგვიყვანოს. გარდა ამისა, პრესაში ბოლო დროს გამოქვეყნებული სტატიების თანახმად, ეგვიპტელმა ექიმებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს დაავადების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. ისინი ორ ახალ პრეპარატს - დიეთილკარბამაზინსა და ალბენდაზოლს იყენებდნენ. ჩვეულებრივ კი მკურნალობა კონსერვატიულია და მიზნად ისახავს ანთებითი პროცესის ჩაქრობას, ქვედა კიდურებში ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესებას. მძიმე შემთხვევებში ზოგჯერ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდსაც მიმართავენ.



კატეგორია: ქირურგია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 4196 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: