მთავარი » ფაილები » მამაკაცი

პროსტატის დაავადებები
2012-04-10, 9:47 PM

რა ფუნქცია აკისრია პროსტატას, რატომ ხშირდება მისი დაავადებები ასაკთან ერთად, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა? ამ და სხვა საკითხებზე ბერმანის კლინიკის უროლოგიდავით კობერიძე 
გვესაუბრება.

- რა არის პროსტატა და რა ფუნქცია აკისრია მას?
- პროსტატა, წინამდებარე ჯირკვალი, მამაკაცის სასქესო ორგანოა. ის შარდის ბუშტის ყელის ქვემოთ მდებარეობს და ჯირკვლოვან-კუნთოვანი აგებულება აქვს, წონით კი 20 გრამია (+ 4 გრამი).

წინამდებარე ჯირკვალში გადის შარდსადენი - ურეთრა. წინამდებარე ჯირკვალი გამოყოფს სეკრეტს, რომელიც შეადგენს სპერმის დიდ ნაწილს და აუცილებელია სპერმატოზოიდების მოძრაობისა და კვებისათვის.

- წინამდებარე ჯირკვლის რომელ დაავადებებს გამოყოფდით?
- წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები პირობითად შეიძლება დავყოთ ორ დიდ ჯგუფად - ანთებით და სიმსივნურ პათოლოგიებად. ანთებითი დაავადებები ხანგრძლივობისა და მიმდინარეობის კვალობაზე შესაძლოა იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული, ხოლო სიმსივნეთა შორის განასხვავებენ კეთილთვისებიან (ადენომა) და ავთვისებიან (კიბო) დაავადებებს.

- ჩვენს მკითხველთა უმრავლესობა პროსტატიტს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს უკავშირებს. რამდენად საფუძვლიანია ეს შეხედულება?
- პროსტატიტი ხშირად მართლაც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს უკავშირდება, მიზეზი კი შარდსადენიდან წინამდებარე ჯირკვალში ინფექციის გავრცელებაა. აღნიშნული დაავადებების შედეგად აღმოცენებული ურეთრიტის - შარდსადენის მწვავე ანთების - დაგვიანებული და ზოგჯერ არასწორი მკურნალობა ხელს უწყობს ანთებითი პროცესის გავრცელებას პროსტატაზე, ჯერ მწვავე, შემდეგ კი ქრონიკული პროსტატიტის აღმოცენებას.

- რომელი მიკროორგანიზმები იწვევენ პროსტატიტს, შესაძლებელია თუ არა, დაავადების კლინიკური გამოვლინების მიხედვით ვივარაუდოთ, რომელია მისი გამომწვევი მიკროორგანიზმი?
- პროსტატიტი შესაძლოა გამოიწვიოს გონოკოკმა, ქლამიდიამ, აგრეთვე არასპეციფიკურმა მიკროორგანიზმებმა - სტრეპტოკოკმა, სტაფილოკოკმა და სხვა. თუმცა დაავადების გამოვლინება არასპეციფიკურია. ეს იმას ნიშნავს, რომ წინამდებარე ჯირკვლის ანთების კლინიკა ყველა გამომწვევის შემთხვევაში ერთნაირია. დაავადების სურათის მიხედვით შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომელი მიკროორგანიზმია პროსტატის ანთების მიზეზი.

- რა ახასიათებს მწვავე პროსტატიტს?
- მწვავე პროსტატიტის დროს პაციენტს შეიძლება აწუხებდეს ხშირი შარდვა, წვა შარდვისას, მოშარვის შემდეგ შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, ტკივილი ბოქვენზედა მიდამოში (ეს არის შარდის ბუშტის საპროექციო არე), ტკივილი საზარდულის, სათესლე ჯირკვლების არეებში, შორისისა და უკანა ტანის მიდამოში, ზოგადად ნებისმიერ ადგილზე, რომელიც ახლოსაა ჯირკვლის ანატომიური მდებარეობის არესთან, მაგალითად, კუდუსუნის, წელის არეში. შესაძლოა აღმოცენდეს შარდის ნაკადის შემცირება, წყვეტილი შარდვა. არ არის გამორიცხული მწვავე პროსტატიტის დროს ზოგჯერ შარდის შეკავების აღმოცენებაც.

- რა ახასიათებს ქრონიკულ პროსტატიტს?
- ქრონიკული პროსტატიტი ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მსგავსად ხასიათდება გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობით. გამწვავებისას დაავადების კლინიკური სიმპტომების მთელი სპექტრი იჩენს თავს, რაც ნიშნავს, რომ გამოვლინდება ზემოთ ჩვენს მიერ აღწერილი მწვევე პროსტატიტის სიმპტომები, რემისიისას კი დაავადების ნიშნები მინიმალურია ან საერთოდ არ ვლინდება. დაავადების გამწვავებას პაციენტები ხშირად სხეულის გადაცივებას უკავშირებენ.

- როგორ შეიძლება, თავიდან ავიცილოთ პროსტატიტის აღმოცენება?
- ვინაიდან მწვავე პროსტატიტი უმეტესად სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია შემთხვევითი სქესობრივი კავშირის თავიდან აცილება. გარდა ამისა, საჭიროა საშარდე გზების ინფექციის დროული მკურნალობა, რათა ინფექციური პროცესი არ გავრცელდეს წინამდებარე ჯირკვალზე. დადგენილია, რომ პროსტატიტის შემთხვევათა უმეტესი ნაწილი მეორეულია, ხშირ შემთხვევაში  დაკავშირებულია საშარდე მილიდან წინამდებარე ჯირკვალზე ინფექციის გავრცელებასთან.

- შესაძლებელია თუ არა, პროსტატიტი სხვა გენეზისაც იყოს?
- პროსტატიტის შემთხვევათა მცირე ნაწილი დაკავშირებულია ორგანიზმში არსებული ბაქტერიული ანთებითი პროცესების პროსტატაში გავრცელებასთან სისხლის ანუ ჰემატოგენური გზით. თუმცა აღნიშნული გენეზის პროსტატიტის სიხშირე, როგორც აღვნიშნეთ, მცირეა. ამავე დროს, მსგავს შემთხვევებში აღინიშნება ბაქტერიული ინფექციის საკმაოდ თვალსაჩინო ზოგადი სიმპტომები. შესაბამისად, პროსტატიტის მიზეზიც ნათელია. მეორეული პროსტატიტის მკურნალობა უპირველეს ყოვლისა, ძირითადი დაავადების მკურნალობას გულისხმობს.

- შესაძლებელია თუ არა, მწვავე პროსტატიტი რაიმე სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს?
- თუ დაავადებას სათანადოდ არ ვუმკურნალეთ, არ არის გამორიცხული პროსტატის აბსცესის ანუ მისი შემოფარგლული ჩირქგროვის ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაში საჭიროა პუნქცია (ნემსით ჩხვლეტა) და ჩირქის ევაკუაცია. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ქირურგიული ჩარევაც. სწორედ ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა მწვავე პროსტატიტის დროულ მკურნალობას.

- ჩვენი მკითხველები ხშირად აღნიშნავენ, რომ პროსტატის მდგომარეობის დასადგენად ექოსკოპია ჩაიტარეს. დაგვეთანხმებით, აღნიშნული კვლევა მართლაც პოპულარობით სარგებლობს პაციენტთა შორის. რა ინფორმაციას გვაძლევს ექოსკოპიური კვლევა?
- ექოსკოპია მართლაც მნიშვნელოვანი კვლევაა წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით. ის საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ პროსტატის ზომები, მისი ექოსტრუქტურა. ქრონიკული პროსტატიტის შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ჯირკვალში კალცინატების არსებობა. პროსტატის გარკვეული ზომები და კვანძების არსებობა შესაძლოა მიგვითითებდეს სიმსივნურ პათოლოგიებზე და ასე შემდეგ.- გარდა ექოსკოპიისა, რომელი კვლევები ტარდება პროსტატის დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით?

- მნიშვნელოვანია პროსტატის სეკრეტის მიკროსკოპია - სეკრეტის მიღება და მისი უჯრედული შემადგენლობის მიკროსკოპიული შესწავლა. გარდა ამისა, ტარდება ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომლის მეშვეობითაც ხდება გამომწვევი მიკრობების იდენტიფიკაცია. ზოგჯერ ექიმი ვარაუდობს ქლამიდიურ ინფექციას, ჰერპესის ვირუსით ინფიცირებას ან ტოქსოპლაზმოზს. ამ შემთხვევაში ინიშნება სპეციალური ლაბორატორიული ვირუსოლოგიური კვლევები აღნიშნული ინფექციების დიაგნოსტიკის მიზნით.

- ბევრს მიაჩნია, რომ მამაკაცებისთვის კარგად ნაცნობი დაავადება, პროსტატის ადენომა ასაკთან ერთად იჩენს თავს...
- მსგავს შეხედულებას მართლაც აქვს საფუძველი. პროსტატის ზომების მატება, რაც მისი ქსოვილის სიმსივნურ ჰიპერპლაზიასთან არის დაკავშირებული, ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო თვალშისაცემია. პროსტატის ადენომა 60 წლის ასაკისათვის პაციენტთა 50%-ს აღენიშნება, 80 წლის ასაკისათვის 90%-ს, ხოლო 90 წლის ასაკისათვის  პრაქტიკულად ნებისმიერ მამაკაცს ექნება, უბრალოდ, კარგად მოგეხსენებათ, აღნიშნულ ასაკს ადამიანთა მხოლოდ ნაწილი აღწევს.

- როგორც თქვენ ბრძანეთ, პროსტატის ადენომა კეთილთვისებიანი პათოლოგიაა. შეიძლება თუ არა მისი იგნორირება? აუცილებელია თუ არა მკურნალობა, მით უფრო - ოპერაციული?
- პროსტატის ადენომა მართლაც კეთილთვისებიანი დაავადებაა. რომ არა მისი პროგრესული ზრდა, რაც შარდსადენის დახშობის საშიშროებას ქმნის, პრობლემას მართლაც არ შექმნიდა. ადენომის ზომების მატებას მოსდევს ზეწოლა შარდსადენზე, რაც არღვევს შარდვის პროცესს. პაციენტს უვითარდება მოშარდვის დარღვევა ანუ დიზურია, ხშირი შარდვა განსაკუთრებით შემაწუხებელია ღამით, შარდი გამოიყოფა წყვეტილი ნაკადით, წვეთ-წვეთად, შარდის ბუშტში კი ნარჩენი შარდი აღინიშნება. ნარჩენი შარდი თავის მხრივ ინფექციის წყაროა, ამიტომ პროსტატის ადენომის დროს ხშირია შარდის ბუშტის ანთება - ცისტიტი. თუ ადენომამ დიდ ზომას მიაღწია, შესაძლებელია შარდსადენის სრული დახშობაც. ამ შემთხვევაში ვითარდება შარდის შეკავება. თირკმელებით შარდი ნორმალურად გამოიყოფა, შარდის ბუშტში გროვდება, მაგრამ იქიდან გამოყოფა ვეღარ ხდება.

- რით შეიძლება პაციენტის დახმარება ამ შემთხვევაში?
- პროსტატის ადენომასთან დაკავშირებული შარდის შეკავების შემთხვევაში ტარდება შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, რათა ბუშტში დაგროვილი შარდი გამოიყოს. ზოგჯერ კი შარდის ბუშტის დასაცლელად საჭირო ხდება სპეციალური სამედიცინო ინსტრუმენტის - ტროაკარის მეშვეობით შარდის ბუშტის საპროექციო არეში ჩხვლეტა და შარდის ბუშტში დრენაჟის ანუ სტომის ჩაყენება. შემდგომში ისმება ოპერაციული მკურნალობის საკითხი.

- შესაძლებელია თუ არა პროსტატის ადენომის თავიდან აცილება?
- არსებობს მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ პროსტატის ჰიპერპლაზიის პროცესს, შესაბამისად ამცირებენ დაავადების პროგრესირების სისწრაფეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია არსებული დაავადების უკუგანვითარება. უბრალოდ, ხდება მისი შეფერხება.

- რაიმე დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებით ხომ არ გამოირჩევა პროსტატის კიბო?
- სამწუხაროდ, არ არსებობს პროსტატის კიბოსათვის პათოგნომური (მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი და ტიპური) ნიშნები. პროსტატის კიბოს დროს მამაკაცს ისეთივე ჩივილები აქვს, როგორიც ადენომის შემთხვევაში. თუ სახეზეა ქსოვილების სიმსივნური დესტრუქცია (დაშლა), აღინიშნება სისხლიანი შარდვა, თუმცა არც ეს არის პროსტატის კიბოსთვის პათოგნომური ნიშანი, სისხლიანი შარდვა შესაძლოა აღინიშნებოდეს საშარდე სისტემის სხვა დაავადებების დროსაც.

- ბევრს გაუგონია ლაბორატორიული კვლევა პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრის მიზნით. არის თუ არა ამ ანტიგენის არსებობა სიმსივნის მაუწყებელი?
- პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი არ არის სიმსივნისათვის დამახასიათებელი აბსოლუტური მარკერი. ეს არ არის 100%-იანი მაჩვენებელი, ის ყველა სიმსივნით დაავადებულ პაციენტს როდი აქვს დადებითი. უფრო მეტიც, ცნობილია, რომ პროსტატის კიბოთი დაავადებულების 25%-ს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ნორმალური მაჩვენებელი აქვს, იმ პირთაგან კი ვისაც მაღალი მაჩვენებელი აღენიშნება, სამიდან ერთ პაციენტს უდასტურდება კიბო. ამგვარად, მსგავსი ლაბორატორიული კვლევის შედეგები არ გვაძლევს არც ერთმნიშვნელოვნად პროსტატის კიბოს გამორიცხვის და არც მისი დიაგნოზის დადასტურების საშუალებას. სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების მსგავსად, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენიც უნდა განვიხილოთ დანარჩენ სიმპტომებთან და მონაცემებთან ერთობლიობაში. უბრალოდ, ცალსახად აშკარაა ერთი რამ - თუ პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის მაჩვენებელი მომატებულია, აუცილებელია შემდგომი კვლევები პროსტატის კიბოს დიაგნოზის გამოსარიცხად.

კატეგორია: მამაკაცი | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 4704 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: