მთავარი » ფაილები » მამაკაცი

რა ემუქრება მამაკაცს
2012-04-10, 9:35 PM
რა ემუქრება მამაკაცს

მამაკაცის შარდსასქესო სისტემას მრავალი დაავადება ემუქრება. ჩვენ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. გვესაუბრება უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი შალვა მშვილდაძე.


ბალანიტი და ბალანოპოსთიტი
- რა არის ბალანიტი და ბალანოპოსთიტი? რა საერთო აქვთ მათ ან რა განასხვავებთ ერთმანეთისგან?
- ბალანიტი ასოს თავის ანთებაა, ხოლო პოსტიტი - ასოს თავის მფარავი კანის, ჩუჩის, შიდა ფურცლის ანთება. ეს ორი დაავადება უმეტესად ერთდროულად მიმდინარეობს, ამიტომ ორივეს ერთად ბალანოპოსთიტს უწოდებენ.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პათოლოგიები? 
- სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა, ყველაზე ხშირად - კანდიდამ, ქლამიდიამ და გონორეამ. ბალანოპოსთიტის რისკფაქტორია შაქრიანი დიაბეტი. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც დაავადებაში ჰიგიენის არასათანადო დაცვას მიუძღვის ბრალი. ზოგჯერ ის საშარდე მილში კათეტერის დიდხანს დაყოვნების შედეგია. ბალანოპოსთიტი უმეტესად ფიმოზიან პაციენტებს ემართებათ.


- როგორია ბალანიტისა და ბალანოპოსთიტის კლინიკური გამოვლინებები?
- დაავადებას ახასიათებს ასოს თავისა და ჩუჩის ქავილი, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი, დაწყლულება. ზოგჯერ თან ახლავს უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი ან ნადები.


- როგორ სვამენ დიაგნოზს?
- უმეტესად - დათვალიერებით. თუ გაჩნდა ეჭვი რაიმე სახის ანთების სპეციფიკური გამომწვევის არსებობის, მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის თაობაზე, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ანალიზი.


- როგორ მკურნალობენ?
- მკურნალობა გამომწვევის შესაბამისად ინიშნება. ის შეიძლება იყოს როგორც სისტემური, ისე ლოკალური. უმთავრესად ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიმიკოზური მკურნალობა, ადგილობრივად ინიშნება აბაზანები, მალამო, სპრეი.


- რას გულისხმობს ამ დაავადებების პროფილაქტიკა?
- პირველ რიგში, საჭიროა ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხოლო თუ პაციენტს ფიმოზი აქვს, კონსულტაციისთვის უროლოგს უნდა მიმართოს.


- ფიმოზი ზემოთაც ახსენეთ. მოდი, მისი არსიც განვმარტოთ.
- ფიმოზი ასოს თავის მფარავი კანის შევიწროებაა, რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი გადაწევა და ჭირს ასოს თავის გამოჩენა. ეს იწვევს მრავალ უხერხულობას, ართულებს ჰიგიენის სრულფასოვან დაცვას, რაც, თავის მხრივ, ბალანოპოსთიტის ერთ-ერთი მიზეზია. ფიმოზი პრობლემებს იწვევს სქესობრივი კონტაქტის დროსაც. ძალდატანებით გადაწევისას ჩუჩა შესაძლოა დასკდეს, ნახეთქების შეხორცებისას კი ყალიბდება ნაწიბურები, რაც კიდევ უფრო ავიწროებს კანს. ფიმოზი ხშირია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. საყურადღებო მდგომარეობაა პარაფიმოზი: ძალით გადაწევისას ჩუჩა აღარ ბრუნდება უკან. ყალიბდება ობსტრუქციული რგოლი, რომელიც იწვევს ასოს თავისა და ჩუჩის შეშუპებას. ასეთ დროს საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება ასოს თავისა და კანის ნეკროზი. ოპერაცია გულისხმობს ობსტრუქციული რგოლის ჩაკვეთას და ჩუჩის თავის ადგილზე დაბრუნებას.


- შესაძლებელია თუ არა ფიმოზის მკურნალობა?
- ფიმოზის მკურნალობის ძირითადი მეთოდია ცირკუმციზიო - ასოს თავზე ჩუჩის შემოკვეთა. მოზრდილებს ამ ოპერაციას, წესისამებრ, ადგილობრივი ანესთეზიით უკეთებენ და პაციენტი იმავე დღეს ეწერება სახლში. ხშირი ბალანოპოსთიტის დროს, რომელთა მიზეზია ფიმოზი, ოპერაცია აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ცნობილია, რომ ასოს სიმსივნე უმეტესად ფიმოზის მქონე პაციენტებს ემართებათ. იშვიათია ფიმოზის ისეთი ნაირსახეობა, რომლის დროსაც საკმარისია ჰორმონშემცველი მალამოების ადგილობრივი გამოყენება.


- რა არის ვარიკოცელე და რა იწვევს მას?
- ვარიკოცელე ეწოდება სათესლე ჯირკვლის ვენური წნულის ვარიკოზულ გაგანიერებას. ის, წესისამებრ, მარცხენამხრივია, რაც მარცხენა სათესლე ჯირკვლის ვენის ანატომიური თავისებურებით აიხსნება. მარცხნიდან წამოსული ვენები უერთდება თირკმლის ვენას და ქმნის მის მიმართ 900-იან კუთხეს. მარჯვენა სათესლის ვენა პირდაპირ ქვემო ღრუ ვენას უერთდება. ვარიკოცელე აქვს მამაკაცთა დაახლოებით 20%-ს. მისი დიაგნოსტირება ხდება სათესლე ჯირკვლის პალპაციით. საბოლოო დიაგნოზს სვამენ სათესლე ჯირკვლების დოპლეროგრაფიული გამოკვლევის შედეგად. გასინჯვისას პაციენტი უნდა იდგეს ფეხზე. ზოგჯერ ტარდება ვალსალვას ტესტი - პაციენტს სთხოვენ, გაიჭინთოს ისე, როგორც დეფეკაციის დროს, რათა მენჯის კუნთები დაიძაბოს, მოიმატოს ვენურმა წნევამ და შესაბამისად გაიზარდოს ვენის დიამეტრი. მეორეული ვარიკოცელე ვითარდება სათესლის ვენებზე კომპრესიის გამო, უმეტესად მენჯის, მუცლის ღრუს ან თირკმლის სიმსივნეების დროს.- რა ნიშნებით გამოვლინდება ვარიკოცელე?

- მისი ნიშნებია ყრუ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება სათესლე ჯირკვლის არეში; გაფართოებული ვენები ან თვალნათლივ ჩანს, ან პალპაციით ისინჯება. იშვიათია სათესლე ჯირკვლების ატროფია, დაპატარავება. დაავადების ათიდან 3-4 შემთხვევაში დაქვეითებულია განაყოფიერების უნარი.


- როგორ მკურნალობენ ვარიკოცელეს?
- ქირურგიული გზით. ოპერაციის ჩვენებაა სპერმოგრამის დარღვევები და გაუსაძლისი ტკივილი სათესლე ჯირკვლის არეში. ოპერაციის ოქროს სტანდარტია ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ამოკვეთა და ლიგირება.


- შესაძლებელია თუ არა ვარიკოცელეს პროფილაქტიკა? როგორია მისი პროგნოზი? 
- როგორც გითხარით, ვარიკოცელე ვითარდება მარცხენა სათესლე ჯირკვლის ვენის ანატომიური თავისებურების გამო, ასეთი აგებულება კი თანდაყოლილია. აქედან გამომდინარე, დაავადების პროფილაქტიკა წარმოუდგენელია. პაციენტებს, რომელთაც აქვთ მცირედ ან ზომიერად გამოხატული სიმპტომები, ერთადერთი რამ შეგვიძლია ვურჩიოთ: ატარონ სუსპენზორის სტილის საცვლები. ვარიკოცელე არ არის საშიში, თუ არ გამოიწვია უნაყოფობა ან სათესლე ჯირკვლის დაპატარავება. მკურნალობა უმეტესად ეფექტიანია.


- როდის და რატომ ვითარდება სათესლე ჯირკვლის წყალმანკი?
- სათესლე ჯირკვლის წყალმანკი, ჰიდროცელე, ეწოდება სეროზული სითხის დაგროვებას სათესლე ჯირკვლის გარსებს შორის. ის შეიძლება განვითარდეს გადატანილი ანთების ან ტრავმის შემდეგ, თუმცა შეიძლება იყოს თანდაყოლილი და იდიოპათიურიც. იშვიათად წყალმანკი სათესლე ჯირკვლების ოპერაციული მკურნალობის შემდეგაც ვითარდება.


- როგორ ვლინდება იგი?
- სათესლე პარკი დიდდება, ზღუდავს მოძრაობას, იწვევს დისკომფორტს სიარულის, ჯდომის, მუშაობის, სქესობრივი კონტაქტის დროს. დაავადების დასადგენად საჭიროა ხელით გასინჯვა, ზუსტი დიაგნოსტიკისთვის კი ულტრაბგერით გამოკვლევას იყენებენ.


- როგორ მკურნალობენ?
- ჰიდროცელეს მკურნალობა ქირურგიულია.


- რა არის სემინომა და ვის ემუქრება ის?
- სემინომა სათესლე ჯირკვლის სიმსივნის ერთ-ერთი ვარიანტია. სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები უმეტესად ახალგაზრდობისას ვლინდება, თუმცა სემინომა შედარებით გვიან - 5-10 წლით უფროს მამაკაცებში გვხვდება, უმეტესად - 35-დან 45 წლამდე.


- როგორ ვლინდება ეს დაავადება? 
- უმეტესად - სათესლე ჯირკვლის ქსოვილში სიმსივნური წარმონაქმნის გაჩენით, რომელსაც თავად პაციენტი აღმოაჩენს. ათიდან დაახლოებით ორ შემთხვევაში შეინიშნება ტკივილები სათესლე ჯირკვლის არეში. წელის ტკივილები შესაძლოა განპირობებული იყოს რეტროპერიტონეალური მეტასტაზებით, რომლებსაც კომპიუტერული ტომოგრაფია გამოავლენს. მოსალოდნელია, თუმცაღა იშვიათი, სათესლე ჯირკვლის ატროფიაც.


- როგორ სვამენ დიაგნოზს?
- სათესლე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოსტიკა სათესლე პარკის დათვალიერებით იწყება. ეს სიმსივნის შესახებ პირველ მონაცემებს გვაწვდის. აუცილებელია სისხლში სათესლე ჯირკვლის მარკერების განსაზღვრა. სათესლე ჯირკვლების სიმსივნეთა დიაგნოსტიკაში დიდ როლს ასრულებს ულტრაბგერითი გამოკვლევა. მისი მეშვეობით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლის შიდა სტრუქტურის, სიმსივნის დანახვა და მისი ზომების განსაზღვრა. საბოლოო დიაგნოზს სვამენ ამოკვეთილი სათესლე ჯირკვლის მორფოლოგიური კვლევით.


- როგორ მკურნალობენ? როგორია პროგნოზი?
- სათესლე ჯირკვლის სემინომას ოპერაციული მკურნალობა სჭირდება. ამ დროს ამოკვეთენ დაზიანებულ სათესლე ჯირკვალს სათესლე ბაგირაკთან ერთად. ეს მკურნალობის პირველი ეტაპია. შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ქიმიო- ან სხივური თერაპია. რეტროპერიტონეალური სივრცის ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანების შემთხვევაში ტარდება ლიმფადენექტომია. საზოგადოდ, მართებული მკურნალობის შემთხვევაში სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები ერთ-ერთ ყველაზე კეთილსაიმედო ონკოლოგიურ დაავადებებად მიიჩნევა.


- ზოგადად უროლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის რას ურჩევდით მამაკაცებს?
- რჩევა მარტივია: დაიცვან ჰიგიენა და პირველივე სიმპტომის, მაგალითად, გარეთა სასქესო ორგანოებზე რაიმე წარმონაქმნის შემჩნევისთანავე მიმართონ უროლოგს. ჩვენ არ გვისაუბრია სხვა უროლოგიური დაავადებების პირველად სიმპტომებზე. ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ სისხლიანი შარდი. კონსულტაციისთვის ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს. დასასრულ, შეგახსენებთ, რომ საქართველოში თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს პროსტატის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის უფასო სკრინინგპროგრამა. 50 წელს გადაცილებულ ყველა მამაკაცს მოვუწოდებ, ჩაიტაროს სისხლში PშA-ს გამოკვლევა და ამ მძიმე დაავადებისგან თავი დაიზღვიოს.

კატეგორია: მამაკაცი | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 1740 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: