მთავარი » ფაილები » ნარკოლოგია

ჩვენი დროის გლობალური პრობლემა
2012-04-10, 10:52 PM
ჩვენი დროის გლობალური პრობლემა

ნარკოტიკების მოხმარებას მრავალი ათასი წლის ისტორია აქვს, მაგრამ ბოლო დრომდე ეს არ ყოფილა მწვავე პრობლემა. ინდუსტრიამდელი ეპოქის საზოგადოებაში ნარკოტიკებს (ოპიუმის ყაყაჩო, შხამასოკო და სხვა) უმთავრესად რელიგიური რიტუალების დროს, ტკივილის გასაყუჩებლად და საბრძოლო ენერგიის სტიმულირებისთვის იყენებდნენ. საყოფაცხოვრებო ნარკომანია იშვიათი გახლდათ.


ნარკომანიის განვითარება
ევროპამ ნარკოტიკები (ჰაშიში და ოპიუმი) მე-19 საუკუნის დასაწყისში გაიცნო - ისინი იქ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შეიტანეს. ნარკოტიკები როგორც ტკივილგამაყუჩებელი და "ცნობიერების გამაფართოებელი" საშუალებები ძალზე პოპულარული გახდა, თუმცა თავდაპირველად მათ მხოლოდ ბოჰემური საზოგადოება მოიხმარდა.

ოპიუმის ომების შემდეგ (მე-19 საუკუნის შუა წლები; ამ დროს ნარკოტიკებით ვაჭრობა ლეგალიზებული იყო) ნარკოტიკები მთელ მსოფლიოს მოედო, მაგრამ მას უმთავრესად მაინც გარკვეული წრეები (დამნაშავეთა სამყარო, ბოჰემური ელიტა, ყოფილი სამხედროები) მოიხმარდნენ, ხოლო ნარკოტიკებით ვაჭრობის აკრძალვის შემდეგ მათი მოხმარება "სოციალური ფსკერით" შემოიფარგლებოდა. გარდატეხა მეოცე საუკუნის სამოციან წლებში მოხდა, როცა "ახალგაზრდულმა რევოლუციამ" "საყოველთაო კეთილდღეობის" ატმოსფეროში ნარკოტიკების მოხმარებაში ჩაითრია ჯერ ახალგაზრდა თაობა, მერე კი ამერიკისა და დასავლეთ ევროპის საშუალო ფენაც. რამდენიმე წლის მანძილზე განვითარებულ ქვეყნებში ნარკომანიის მასშტაბი რამდენჯერმე გაიზარდა. "ოქროს მილიარდის" ქვეყნებში ნარკომანიის ზრდის ტენდენცია ოთხმოცდაათიან წლებამდე მყარი იყო, მერე და მერე კი, ნაწილობრივ - შიდსის შიშით, ნაწილობრივ კი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარობის ზრდის გამო, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებამ შესამჩნევად იკლო. სამაგიეროდ, იგი მკვეთრად გაიზარდა "მესამე მსოფლიოს", ანუ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც იმხანად წინა პლანზე წამოვიდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. საბოლოო ჯამში მეოცე საუკუნის ბოლოს ნარკომანიას ჩვენი დროის გლობალური პრობლემა უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნარკომანია ყველა ქვეყანაში საფრთხედ აღიქმება, თანამედროვე საზოგადოებაში მას უმთავრესად მაინც განვითარებული ქვეყნების სოციალურ პრობლემად მიიჩნევენ და არა განვითარებადი ქვეყნებისა. სხვათა შორის, საინტერესოა ისიც, რომ იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ნარკოტიკების წარმოების ცენტრებად ითვლება (ავღანეთი, მიანმა, კოლუმბია, პერუ), ნარკოტიკების მოხმარება უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. თუმცა გასათვალისწინებელია ნარკომანიის სტატისტიკის შედარებითი პირობითობა: ვინაიდან საზოგადოება ასეთ საქციელს გმობს, ნარკოტიკების მომხმარებელთა სრული აღრიცხვის წარმოება შეუძლებელია, შედეგად ნარკომანთა მნიშვნელოვანი წილი ლატენტური (ფარული, გამოუვლენელი) რჩება.


გაერო ნარკომანიის შესახებ
1987 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 26 ივნისი ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე მოხმარებისა და მათი უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 2005 წლის დასაწყისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულებათა განყოფილებამ ნარკოტიკების შესახებ მორიგი "მსოფლიო მოხსენება" გამოსცა, რომელიც 2000-2004 წლებს მოიცავდა. ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებული იყო დასკვნა, რომ მსოფლიოში ეგრეთ წოდებული მძიმე ნარკოტიკების მოხმარება საერთო ჯამში მცირდება. ამავე დროს რუსეთი გადაიქცა ევროპაში ჰეროინის ყველაზე დიდ ბაზრად და იქ ამ ნარკოტიკის მოხმარება განუწყვეტლივ იზრდება. ბოლო დროს შეინიშნება ეგრეთ წოდებული "მსუბუქი ნარკოტიკების" პოპულარობის მკვეთრი ზრდა, განსაკუთრებით - მარიხუანასი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული უკანონო ნარკოტიკია. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში იმატებს ამფეტამინის რიგის სტიმულატორების გავრცელების ტემპიც (ევროპაში ძირითადად ექსტაზის მოიხმარენ, ხოლო ამერიკაში - მეტამფეტამინებს). მათ კი კოკაინი და ოპიატები მოსდევს.


პროგნოზი
გაეროს სპეციალისტების აზრით, ნარკოტიკების ბაზარზე პროცესების განვითარება მთლიანად არის დამოკიდებული ავღანეთში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც თავმოყრილია ოპიუმის ყაყაჩოს ძირითადი ნათესები და სადაც უკანასკნელ წლებში იწარმოება მსოფლიო ოპიუმის სამი მეოთხედი. ამასთანავე, ამერიკაში (კოლუმბია, პერუ და ბოლივია) უკვე მეოთხე წელია ნარჩუნდება კოკის ნათესებისა და კოკაინის წარმოების საერთო სტაბილიზაცია, ხოლო მათი რაოდენობა მცირდება. სამწუხაროდ, ფართოვდება კანაბისის ბაზარი - მისი მოხმარება იზრდება სამხრეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში, აფრიკაში.


ნარკომანია 
"რატომ გახდა ეს საკითხი ასე აქტუალური?" - იკითხავთ თქვენ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ახლა, ამ წამს, იყენებს ნარკოტიკს. ძლიერსა თუ სუსტს, მნიშვნელობა არ აქვს. ნარკომანია - ეს დაავადებაა. ნარკომანია ქრონიკული პროგრედიენტული (ლათ. პროგრედიორ - წინსვლა; დაავადების განვითარება სიმპტომების გაძლიერებით) დაავადებაა, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება იწვევს. ნარკომანია და ალკოჰოლიზმი არსით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მათი წარმოშობის მექანიზმი პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ბევრი ნარკომანი ნარკოტიკს ალკოჰოლით ცვლის და მიაჩნია, რომ ამით ნარკომანიის პრობლემა დაძლია. რა თქმა უნდა, ცდება. ნარკომანია და ალკოჰოლიზმი - ეს ისეთი პრობლემებია, რომლებიც კომპლექსურად უნდა გადაიჭრას. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში აუცილებელია არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ რეაბილიტაციაც. სხვაგვარად მკურნალობა სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს. მხოლოდ ფსიქოლოგიის, მედიცინისა და სოციოლოგიის ერთობლივი ძალისხმევა იძლევა რეალურ ეფექტს ნარკომანიის მკურნალობის დროს. ნარკომანიისგან განკურნების პროგრამები, წესისამებრ, მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სულიერ და სოციალურ რეაბილიტაციაში დაეხმაროს. და კიდევ: ნარკომანიის დროს ფსიქოთერაპიის აუცილებელი პირობაა წამალზე დამოკიდებულების ფესვებზე მუშაობა. თანამედროვე სამყაროში, რომელიც სავსეა ხმაურიანი, მჭიდროდ დასახლებული ქალაქებით, დაბინძურებული გარემოთი და სტრესით, ადამიანს ძალიან უჭირს სულიერი წონასწორობის შენარჩუნება. რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებს შეუძლია, ნებისმიერი ჩვენგანი ამოაგდოს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან. სამწუხაროდ, ბევრი ჰყვება ცდუნებას და დაგროვილ დაძაბულობას ალკოჰოლისა და ნარკოტიკების საშუალებით იხსნის. ამის შედეგი კი უმძიმეს სტატისტიკაზე აისახება: ნარკომანიისა თუ ალკოჰოლიზმის მსხვერპლთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით - წამალდამოკიდებულება, საქართველოში ბოლო დროს მართლაც თეთრ ჭირად იქცა. სამწუხაროდ, ვერც რელიგია, ვერც სქესი და ასაკი, ვერც ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. შეიძლება ითქვას, მან ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ სადღეისოდ მეტად აქტუალურია ნარკომანიის კვალიფიციური მკურნალობის საკითხი. მაგრამ ვიდრე უშუალოდ მკურნალობის მეთოდებს გაგაცნობდეთ, გვინდა ნათელი მოვფინოთ ზოგიერთ ისეთ საკითხს, რომლებზეც ჩვეულებრივ, საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ზერელე წარმოდგენა აქვს. პირველ რიგში აუცილებელია ერთმანეთისგან გავარჩიოთ ცნებები: "ნარკოტიკების მოხმარება", "ნარკომანია" და "ნარკოტიზმი". ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, პრინციპში, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების ანალოგიურია: სამივეს "მავნე სიამეებს" მიაკუთვნებენ, რადგან ეს ნივთიერებები მომხმარებელს სიამოვნების შეგრძნებას კი ანიჭებენ, მაგრამ ამასთანავე დიდ ზიანს აყენებენ ორგანიზმს. ნარკოტიკებს მხოლოდ "სიამოვნებისთვის" კი არ იღებენ, არამედ ზოგჯერ ექიმის დანიშნულებითაც, როგორც სამკურნალო (ტკივილგამაყუჩებელ, საძილე, ფსიქომასტიმულირებელ) საშუალებას. როდესაც ნარკოტიკებს რეგულარულად მოიხმარენ, ორგანიზმში ისეთი ცვლილებები ხდება, რომელთა შედეგადაც ყალიბდება ნარკოტიკებზე ფსიქიკური და/ან ფიზიკური დამოკიდებულება. ამის შედეგად ნარკოტიკების მიღება აუცილებელი ხდება ტკივილის შეგრძნებათა ("ლომკის") მოსახსნელად. მდგომარეობას, რომლის დროსაც ადამიანი ნარკოტიკების რეგულარულად მიღების მოთხოვნილებას განიცდის, ნარკომანიას უწოდებენ. ნარკოტიზმი კი სოციალური მოვლენაა, რომელიც მოსახლეობის რომელიმე ნაწილის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებითა და შესაბამისი შედეგებით გამოიხატება. თუმცა ხშირად "ნარკომანიაზე" საუბრისას გულისხმობენ როგორც ნარკოტიკის მომხმარებლის ინდივიდუალურ მდგომარეობას, ასევე მასობრივ ნარკომოხმარებას.

ჩვენი დროის გლობალური პრობლემა

საქართველოში გავრცელებული ნარკოტიკები
ძალზე სამწუხაროა, რომ ნარკომანია გაახალგაზრდავდა. ნარკომანებისა და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა ასაკმა 16 წლამდე დაიწია, ალაგ-ალაგ კი ამაზე უმცროსი ასაკის მოზარდებიც ჰყვებიან ბადეს... სუბუტექსი და ჰეროინი - ეს ის ნარკოტიკებია, რომლებსაც საქართველოს ნარკობაზარი უჭირავს. სხვადასხვა მონაცემებით, სუბუტექსის რაოდენობამ საქართველოში იკლო, სამაგიეროდ ჰეროინისა - გაიზარდა. რაც შეეხება "პლანს" და მარიხუანას, მათი მოხმარებაც და მოწოდებაც ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას. შემდეგ მოდის ექსტაზი. შედარებით იშვიათია ამფეტამინების რიგის ნარკოტიკები და კიდევ უფრო იშვიათი - კოკაინი. ამ უკანასკნელის ერთი გრამი რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მასობრივ მოხმარებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს. და აი, ამ ფონზე პერვიტინი ანუ ვინტი იქცა ამ ნარკოტიკების საშინელ ალტერნატივად ჩვენს ქვეყანაში. მან თითქოს მოახერხა, უკანა პლანზე გადაეწია და ერთგვარად მიეჩქმალა უფრო მძიმე და საშიში ჰეროინის ჯგუფის ნარკოტიკები, მაგრამ, მოგეხსენებათ, როგორც არ უნდა მალო, ჭირი თავს მაინც არ დამალავს... ახალგაზრდებს შორის პერვიტინზე დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნაა. ამასთანავე, ის ერთგვარი ტრამპლინი გახლავთ ჰეროინზე გადასასვლელად. ვინტი, რომელსაც ვენაში იკეთებენ, სწრაფად კლავს პიროვნებას და ადამიანს ზომბიდ აქცევს. ვინტი შედარებით რთული ქიმიური რეაქციების შედეგად მიიღება. ამ ნარკოტიკის მთავარი "ღირსება" მისი სიიაფეა, რაც მის ფართოდ გავრცელებას ნიშნავს. ვინტთან ახლოს დგას ჯეფიც, რომელიც ასევე ბოლო დროს გავრცელდა საქართველოში. მას განსაკუთრებული სიამოვნება არ მოაქვს. უბრალოდ, აუმჯობესებს განწყობას და ძალების მოზღვავების შეგრძნებას იწვევს. ამ ნარკოტიკის მიღება ძალიან მოკლე ხანში ჭკუასუსტობის განვითარებას უწყობს ხელს.


მკურნალობა და რეაბილიტაცია
მსოფლიოში ნარკომანიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე ხშირად მკურნალობის ოთხეტაპიანი მეთოდი გამოიყენება. პირველ ეტაპზე ხდება "დახმარების მისაღებად მოტივაციის შექმნა". ძლიერი მოტივაცია - ეს ნარკოტიკული დამოკიდებულების წარმატებული მკურნალობის საფუძველია. ამ დროს მნიშვნელოვანია არა მარტო პაციენტის, არამედ მის გარშემო მყოფთა მოტივაციაც. მომდევნო ეტაპზე თანამედროვე პრეპარატების საშუალებით ხდება აბსტინენციური სინდრომის კუპირება, უბრალო ენით რომ ვთქვათ, "ლომკის" მოხსნა. ეს ეტაპი, წესისამებრ, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება. მეორე ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პრეპარატი გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი ისეთია, რომ პაციენტს აძინებს - მიიჩნევა, რომ ძილში აბსტინენციის დაძლევა გაცილებით ადვილია, ზოგიერთი კი ძილის ეფექტის გარეშე ხსნის "ლომკის" სიმპტომებს. მეორე ეტაპზევე ერთვება საქმეში მძლავრი ფსიქოთერაპიული საშუალებები, რომლებიც ასევე უწყობს ხელს ადამიანის გამოჯანმრთელებას. პაციენტის მდგომარეობა განუწყვეტლივ კონტროლდება, მათ შორის - ლაბორატორიული მეთოდებითაც, ექიმი ნარკოლოგების მიერ. ეს ეტაპი დაახლოებით ათი დღე გრძელდება. მესამე ეტაპი უცხოეთის მრავალ ქვეყანაში რეაბილიტაციის ეტაპია. დეტოქსგავლილი ადამიანები ქალაქგარეთ არსებულ კომფორტაბელურ სახლებში, მეურნეობებში მიჰყავთ. აქ, ქალაქიდან მოშორებით, ისინი მთლიანად რეაბილიტაციის პროცესზე არიან კონცენტრირებულნი. ბუნება ხომ ადამიანს გარესამყაროსთან ჰარმონიის, სულიერი სიმშვიდის განცდას უღვიძებს და საკუთარი ადგილის პოვნაში ეხმარება. ფსიქოთერაპიულ დახმარებას ამ ეტაპზეც დიდი როლი აკისრია. ნარკოდამოკიდებულისა და მისი ოჯახის წევრების რეაბილიტაცია ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია. აქტიურ დასვენებასა და ყოველდღიურ შრომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის წინა ეტაპებზე მიღწეული შედეგების გასამყარებლად. მეოთხე ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. ამ დროს ხდება ადამიანის რესოციალიზაცია, სხვაგვარად რომ ვთქვათ - მისი საზოგადოებაში დაბრუნება, დასაქმება. უკვე ყოფილ ნარკოდამოკიდებულს, წესით, ამ ეტაპზეც უნდა ჰქონდეს კონტაქტი ფსიქოთერაპევტებთან და მათი დახმარებით წყვეტდეს პრობლემებს. აი, ასეთია ის მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყენებენ ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ. ნარკომანიის კომპლექსური მკურნალობა საქართველოში სათანადოდ არ არის განვითარებული. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ საქართველოში არსებულ ნარკოლოგიურ ცენტრებში ნარკომანიის მკურნალობა ხშირად სწორედ მეორე ეტაპით მთავრდება. მაღალი კლასის პერსონალის სიმცირეს არ განვიცდით, მაგრამ კომპლექსური მკურნალობა ბოლომდე არ და ვერ მიდის. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო პაციენტებს დარჩენილი ორი ეტაპის გასავლელი თანხის მოძიება უჭირთ და მხოლოდ დეტოქსიკაციით შემოიფარგლებიან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენში სარეაბილიტაციო ცენტრები არ არსებობს. ეს ფუნქცია მეტ-ნაკლებად ეკლესია-მონასტრებს აქვთ შეთავსებული. მოძიებული ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს მომავალში დაიწყება მშენებლობა საკმაოდ ძლიერი სარეაბილიტაციო ცენტრისა, რომელიც ქალაქგარეთ განთავსდება და რომელიც, როგორც გვპირდებიან, ევროპულ დონეზე იქნება აღჭურვილი. ეს ცენტრი უახლოეს ერთ-ორ წელიწადში დაიწყებს ფუნქციობას. მეოთხე ეტაპს ანუ ყოფილ ნარკოდამოკიდებულთა დასაქმებას რაც შეეხება, არც ამ მხრივ არის ჩვენში საქმე კარგად. სიტყვით ბევრი ბიზნესმენი დგას მათ გვერდით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყოფილი ნარკომანის საქმეში ჩაბმა არავის სურს. ეს უფრო მეტად აძლიერებს საზოგადოებისგან გარიყულობის შეგრძნებას, რაც საბოლოოდ იმით მთავრდება, რომ ადამიანი ისევ უბრუნდება ნარკოტიკს. სახელმწიფოს თავისი გასჭირვებია და ყოფილი წამალდამოკიდებულებისთვის არ სცხელა. მართალია, ეგრეთ წოდებული "მეტადონის პროგრამა" სახელმწიფოებრივ დონეზეა აყვანილი, მაგრამ მხოლოდ ამით, ანუ ერთი ნარკოტიკის მეორით შეცვლით, მდგომარეობა არათუ ვერ გამოსწორდება, არამედ ვერც კი შეიცვლება. მით უმეტეს, რომ ეს პროგრამაც, ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, ფასიანი გახდა. ის უფრო მეტად საზოგადოების დეკრიმინალიზაციისკენ არის მიმართული და ადამიანის გამოჯანმრთელებას არ ითვალისწინებს. ეს ყველაფერი რეალურად რომ შევაფასოთ, სავალალო სურათს მივიღებთ: მკურნალობის მხოლოდ ნახევარი გზის გავლა სიტუაციას ვერ ცვლის და შედეგად პაციენტთა უმრავლესობა ისევ ძველ ჭაობს უბრუნდება. სულ სხვაგვარად არის საქმე უცხოეთში. იქ თითოეული ადამიანი საზოგადოების წევრად ითვლება და საზოგადოების თითოეული წვერი თავს ვალდებულად მიიჩნევს, ნამკურნალევ და სწორ გზაზე დამდგარ ყოფილ ნარკომანს დახმარების ხელი გაუწოდოს, არ გარიყოს ის, თავი ისევ ადამიანად აგრძნობინოს... გარდა ამისა, ასეთ ადამიანებზე სახელმწიფოც ზრუნავს. ბოლოს და ბოლოს, დამოუკიდებელი საქმის დაწყების საშუალებას აძლევს მათ. შედეგად იხსნება ისეთი დაწესებულებები, სადაც ყოფილი ნარკოდამოკიდებულები მუშაობენ, რომლებიც რთულ პერიოდში ერთმანეთს და სხვებსაც ეხმარებიან, ეს კი პატარა საქმე არ გახლავთ. აქვე - ერთი ფაქტიც: კარგი იქნება, თუ იმ ჯარიმის თანხები, რომელსაც დაკავებულებს ახდევინებენ ნარკოტიკის შენახვისა თუ მოხმარების გამო, მათი მკურნალობისკენ იქნება მიმართული. სხვათა შორის, აშშ-ში, რომელიც ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება, შემდეგი მოდელი მუშაობს: ადამიანებს, რომლებსაც წამლის მოხმარების და სხვა ამგვარ ფაქტებზე აკავებენ, სთავაზობენ ალტერნატივას: ან მკურნალობასა და სარეაბილიტაციო ცენტრს, ან ციხეს. თუ სარეაბილიტაციო ცენტრში დააშავა, ციხეში უშვებენ. ფაქტია, რომ სახელმწიფოს პაციენტის მკურნალობა უფრო იაფი უჯდება, ვიდრე პატიმრის შენახვა. იძულებით მკურნალობას ჩვენნაირი დემოკრატიის მქონე ქვეყანაში ვერავის მოსთხოვ, მაგრამ სხვა სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინება ვითომ ურიგო იქნება?ნარკომანიის მკურნალობის გამოცდილება აშშ-ში

ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდებთან ერთად აშშ-ში ნარკომანიის მკურნალობისთვის 50 წელიწადზე მეტია იყენებენ 12 ნაბიჯის პროგრამას. ეს მეთოდიკა თავიდან ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ შემუშავდა, მოგვიანებით კი ნარკომანიის სამკურნალოდაც გამოიყენეს. ამ ხნის განმავლობაში 12 ნაბიჯის პროგრამამ როგორც სარეაბილიტაციო პროგრამამ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. მისი დახმარებით გამოჯანმრთელებული ნარკომანები წარმატებით მუშაობენ და თავს ანებებენ ნარკოტიკების მოხმარებას. დღეს მას მსოფლიოს სულ უფრო მეტი კლინიკა და სარეაბილიტაციო ცენტრი იყენებს. ეს პროგრამა საქართველოშიც არის დანერგილი და მასში ექიმ ნარკოლოგებსა და ფსიქოლოგებთან ერთად ძირითადი დატვირთვა სასულიერო პირებზე მოდის. არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრიც, რომელიც მონასტერში მამათა მეურვეობის ქვეშ ცხოვრებას ითვალისწინებს. არსებობს მკურნალობა ნარკოტიკული ნივთიერებების გარეშე და არსებობს ნარკოტიკების მეშვეობით მკურნალობის მეთოდებიც (ალბათ გაგიგონიათ, რომ ზოგიერთი პაციენტისთვის უნარკოტიკო დეტოქსიკაცია არ შეიძლება - სიცოცხლისთვის სახიფათოა). პირველ მათგანზე - ნარკოტიკების გარეშე მკურნალობაზე - უკვე მოგახსენეთ. მეორე, ნარკოტიკებით მკურნალობა კი, სამწუხაროდ, საქართველოში დანერგილი არ არის. საქართველოში დეტოქსიკაცია ნარკოტიკის გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ალტერნატიულ გზად ითვლება მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამა. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კი წარმატებით იყენებენ ნარკოტიკის კლებითი დოზებით მკურნალობის მეთოდებს. საერთოდ, ამერიკასა და ევროპაში თანამედროვე ნარკოლოგიურ კლინიკებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში ნარკოტიკის გარეშე დეტოქსიკაციას იმ პაციენტებისთვის იყენებენ, რომლებსაც აქვთ მოტივაცია, ნარკოტიკის მოხმარებას თავი დაანებონ. ესენი ძირითადად ის ახალგაზრდები არიან, რომელთაც ახალი დაწყებული აქვთ ნარკოტიკის მიღება და ჯანმრთელობაც ხელს უწყობთ, ასევე - შენარჩუნებული აქვთ სოციალური სტატუსი და სხვა. სხვა შემთხვევებში კი დეტოქსიკაცია უმეტესად ნარკოტიკების კლებითი დოზებით ხდება. ამ დროს იყენებენ მეტადონს, სუბუტექსს, სუბუქსონს, კოდეინის შემცველ ნივთიერებებს. საქართველოში კი ადამიანს, რომელიც მკურნალობას გადაწყვეტს, არ აქვს არჩევანი, რადგან მკურნალობა-დეტოქსიკაცია მხოლოდ ნარკოტიკის გარეშეა შესაძლებელი (მეორე უკიდურესობა - ჩანაცვლებითი თერაპია - უკვე ვახსენეთ). არსებობს ნარკომანიის მკურნალობის კიდევ ერთი თანამედროვე, ერთი შეხედვით უჩვეულო მეთოდიც: ნარკოდამოკიდებული პირი ხელოვნური კომის მდგომარეობაში გადაჰყავთ და პარალელურად დეტოქსიკაციას უტარებენ. ნარკომანიის მკურნალობისას იყენებენ ჰიპნოზსა და შთაგონებასაც. შორეულ აზიაში არსებულ ზოგიერთ სასულიერო ცენტრში, სადაც პროფესიონალი ექიმები კი არა, უფრო "მოგვები" "მოღვაწეობენ", რომელთა კვალიფიკაციაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ბნელ გამოქვაბულებში ათავსებენ, ზოგჯერ კი მათ ცოცხლად დამარხვასაც არ ერიდებიან... ამას, რა თქმა უნდა, მეცნიერულ მეთოდებთან საერთო არაფერი აქვს. დაბოლოს, ფაქტია, რომ მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტის არსებობის მიუხედავად, ნარკომანია დღემდე ერთ-ერთ იმ უმძიმეს დაავადებად რჩება, რომლის განკურნება ექიმების დახმარებასთან ერთად პირველ რიგში პაციენტის მონდომებაზე, სახელწიფოს მდგომარეობასა და სოციალურ ფონზეა დამოკიდებული. სხვაგვარად არაფერი გამოვა. ფაქტია ისიც, რომ დღეს საქართველოში ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი როგორც ინფორმაციის გაცემის, ასევე თავად მკურნალობისა და რეაბილიტაციის სტრუქტურის სისტემის დასახვეწად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თავად პაციენტსაც უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება, დეტოქსიკაცია უნარკოტიკოდ ჩაიტაროს თუ ნარკოტიკის კლებითი დოზებით, ძლიერი ნარკოტიკი აირჩიოს თუ სუსტი. ჩანაცვლებითი თერაპიაც ძალიან კარგია, მაგრამ მას თავისი ფუნქციები და კრიტერიუმები აქვს. აუცილებელია ალტერნატივა, და ეს პრინციპი მთელ მსოფლიოში დიდი ხანია მოქმედებს.
კატეგორია: ნარკოლოგია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 1377 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: