მთავარი » ფაილები » ნარკოლოგია

პათოლოგიური სიმთვრალე
2012-04-10, 10:35 PM
პათოლოგიური სიმთვრალე

მყავს 25 წლის ვაჟი. ცოლიანია. ბუნებით თვინიერია, არც სასმელს ეტანება თავისი ინიციატივით, მაგრამ სხვების ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევა (რაც ძნელი გასაკონტროლებელია). როცა დალევს, მიდრეკილია პათოლოგიური სიმთვრალისკენ. ჩემი მხრივ ლოცვას არ ვაკლებ. რას მირჩევთ წამლობის მხრივ? თქვენი იმედიღა დამრჩა.




სპირტიანი სასმლის მიღებისთანავე ალკოჰოლი კუჭიდან  და ნაწლავებიდან შეიწოვება. სისხლში მისი კონცენტრაცია თანდათანობით იმატებს და 2-3 საათში მაქსიმუმს აღწევს. მიღებული ალკოჰოლის 10% ფილტვების, თირკმელებისა და კანის საშუალებით შეუცვლელი სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან. დანარჩენი სპეციალური ფერმენტების ზემოქმედებით იჟანგება. ჟანგვა ნელა მიმდინარეობს. დადგენილია, რომ თუმცა ალკოჰოლი სისხლიდან 4-5 საათში (მეტისმეტად ბევრის მიღებისას - 12 საათში) ქრება, მისი მოქმედების კვალი მთელი ორი კვირის განმავლობაში რჩება ორგანიზმის ქსოვილებსა და უჯრედებში. ალკოჰოლი თავდაპირველად ღვიძლსა და კუნთებში კონცენტრირდება, მერე კი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აღწევს, ჯერ ქერქქვეშა წარმონაქმნებსა და ნათხემს მოიცავს, მერე - თავის ტვინის ქერქს (სწორედ აქ ნარჩუნდება მისი გავლენა ყველაზე მეტხანს). ტვინზე ალკოჰოლის ზემოქმედების მოლეკულური მექანიზმი ჯერჯერობით ზუსტად არ არის განსაზღვრული, თუმცა ცნობილია, რომ ალკოჰოლის ზემოქმედებით ხდება თავის ტვინის დოფამინერგული სისტემის გააქტიურება (დოფამინი არის ნეირორეგულატორი, რომლის მეშვეობითაც ნეირონებს შორის კომუნიკაცია ხორციელდება. დოფამინერგული სისტემა მოიცავს დოფამინის გამომყოფ ნეირონებს ანუ ნერვულ უჯრედებს). ცნობილია ისიც, რომ ალკოჰოლის მცირე დოზა ააქტიურებს გაემ-ბენზოდიაზეპინის რეცეპტორულ კომპლექსს და, რაც მთავარია, უარყოფითად მოქმედებს უჯრედების მემბრანებზე, იწვევს მათი მოქმედების დესტაბილიზაციას, საზოგადოდ, თრგუნავს მათ ფუნქციას. ამის კვალობაზე, ალკოჰოლის დიდი დოზები უჯრედებზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს. ალკოჰოლური თრობა ეტაპობრივად განვითარებადი პროგრესირებადი პროცესია. მისი პირველი სიმპტომები დამოკიდებულია სპირტიანი სასმლის შედგენილობასა და კონცენტრაციაზე, მიღებული ალკოჰოლის რაოდენობაზე, ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ნერვული სისტემის აგზნებადობასა და ზოგიერთ სხვა ფაქტორზე. საერთოდ, რაც უფრო იზრდება ალკოჰოლის დოზა, მით უფრო იმატებს და მოუწესრიგებელი ხდება ფსიქიკური და მოძრაობითი აქტივობა, სულ უფრო მეტად ჭირს მეტყველებისა და ქცევის კონტროლი. ადამიანი თანდათან კარგავს საკუთარ შესაძლებლობათა შეფასებისა და ანალიზის უნარს, თავისი სხეულის შეგრძნებას, წონასწორობა და კოორდინაცია კი ისე ერღვევა, რომ თუ რამეს არ დაეყრდნო, სიარულსაც ვეღარ ახერხებს. სიმთვრალის ამ ეტაპზე ხშირად ვლინდება ფარული ინსტინქტები და ხასიათის ის თვისებები, რომლებიც სიფხიზლისას, ჩვეულებრივ, მიჩქმალულია. სიმთვრალის მომდევნო ეტაპებზე აღქმისა და ცნობიერების პროცესები განსაკუთრებით ითრგუნება. სმენა თითქოს იხშობა, ადამიანს სისუსტე ეუფლება, ეშვება და ღრმა ძილს ეძლევა. განსაკუთრებით ძლიერი სიმთვრალე შეიძლება გადაიზარდოს კომაში - უგონო მდგომარეობაში, რომელიც ღრმა ძილს მოგვაგონებს. ამ დროს მეტ-ნაკლებად ირღვევა გულის მუშაობა, სუნთქვის რიტმი, მგრძნობელობა და რეფლექსები. სპირტიანი სასმელების ჭარბი და სისტემატური მოხმარება ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას, უარყოფითად აისახება ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციებზე. ზიანდება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემა, რაც სხვადასხვა სახის ფსიქოზს, პოლინევროზს, პოლინევროპათიასა და ნევრიტს აძლევს დასაბამს. ალკოჰოლის პერმანენტულად მომხმარებლებს სხვადასხვა დარღვევა აღენიშნებათ, უმეტესად - ღვიძლის გადაგვარება, ჰალუცინაციები. სისტემატური მოხმარების შემდეგ ალკოჰოლის მიღების  მყისიერი შეწყვეტისას აღიძვრება უკურეაქციის სიმპტომები: ტრემორი (კანაკალი), ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება, შეუძლოდ ყოფნის განცდა, გულისრევა, გულყრა და ალკოჰოლური დელირიუმი. ამ უკანასკნელს ახასიათებს ოფლიანობა, ტრემორი, ატონიური წარმოშობის საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა, მოუსვენრობა, შფოთვა, წინაგულების ფუნქციის დარღვევა, ფსიქიკის აღრევა და ჰალუცინაციები. როგორც თქვენი წერილიდან ირკვევა, თქვენი ვაჟი არ არის ალკოჰოლის სისტემატური მომხმარებელი, არც სპირტიანი სასმელების მიღებისადმი დაუოკებელი ლტოლვა და მიდრეკილება აქვს, უბრალოდ, ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს და დეპერსონალიზაციამდე მიდის. სცადეთ, მშვიდად გაესაუბროთ, აღუწეროთ ის მდგომარეობა, რომელშიც ვარდება სიმთვრალის დროს, ცალკეული სიტუაციების ანალიზით იმოქმედოთ მის პიროვნულ თავმოყვარეობაზე, გააგებინოთ, რა დამამცირებელ ვითარებაში იგდებს თავს და, რაც მთავარია, როგორ ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას. ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ დღეს უამრავი პრეპარატი არსებობს, თუმცა თქვენი ვაჟისთვის უმჯობესი იქნება ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპია გაცილებით ეფექტურია, როცა ამ პროცესში მონაწილეობს მეუღლე. გარდა ამისა, ფსიქოთერაპიული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია განკურნების სურვილი, გარეშე პირთა მხარდაჭერა, ოჯახის წევრების ხელშეწყობა. თუ თქვენი ვაჟი ადვილად ექცევა სხვათა გავლენის ქვეშ, ეცადეთ, ჩამოაშოროთ იგი ამ წრეს, ურჩიოთ (და დაეხმაროთ), ხელი მოჰკიდოს მისთვის ღირებულ და მნიშვნელოვან საქმეს, რათა სმის დამძალებელ ნაცნობებთან ურთიერთობისთვის ვეღარ მოიცალოს.

კატეგორია: ნარკოლოგია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 566 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: