მთავარი » ფაილები » პედიატრია

ბავშვის ფიზიკური განვითარების მაჩვენებელთა ცვლილებები და მათი მნიშვნელობა
2012-04-10, 9:53 PM
ბავშვის ფიზიკური განვითარების მაჩვენებელთა ცვლილებები და მათი მნიშვნელობა

ფიზიკური განვითარების ძირითადი მაჩვენებლების ცვლილება ორგანიზმზე გარეგანი და შინაგანი არასასურველი ფაქტორების ზემოქმედების შედეგია. უმეტესად სწორედ ნორმიდან გადახრაა ამა თუ იმ დაავადების პირველი გამოვლინება და იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვის ყოველმხრივი გამოკვლევაა საჭირო. რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ დროულად მიაქციოს ყურადღება ამა თუ იმ მაჩვენებლის ცვლილებას? გვესაუბრება პედიატრი ნინო გასვიანი.

- როგორია ახალშობილის სხეულის პროპორციები და რა განსხვავებაა მოზრდილთან შედარებით?
- ბავშვის დაბადებიდან მომწიფებამდე ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები იცვლება. ასევე იცვლება ამ მაჩვენებლების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება ანუ პროპორცია. თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობა მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია. თავის გარშემოწერილობის ცვლილება, ნორმიდან გადახრა ჰიდროცეფალიის ან მიკროცეფალიის სავარაუდო არსებობაზე მიუთითებს. ნორმაში ახალშობილის თავის გარშემოწერილობა 34-35სმ-ია. ერთი წლის განმავლობაში ის 10-12სმ-ით იმატებს, 2 წლისთვის 48სმ-ს უტოლდება, 5 წლისთვის კი 50სმ-ს. ახალშობილის გულმკერდის გარშემოწერილობა თავის გარშემოწერილობაზე 1-2სმ-ით ნაკლებია. ბავშვის ზრდის პროცესში თვალში საცემი ხდება სხეულის პროპორციების ცვლილება. პირველ რიგში ეს ეხება თავსა და ტანს. ახალშობილის თავისა და სხეულის შეფარდებაა 1:4, მოზრდილისა - 1:8. ახალშობილს ქვედა კიდურები მოკლე აქვს, ჭიპი მდებარეობს სხეულის ჰორიზონტალური ხაზის ქვემოთ, ტანი - უფრო გრძელი აქვს. არათანაბარია ცალკეული ორგანოების განვითარების დინამიკა. ერთი წლის ბავშვის თავის ტვინის მასა მოზრილის ტვინის 2/3-ს შეადგენს. ტვინის მასა სხეულის მასასთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება. ბავშვობის ასაკში ლიმფური სისტემის ქსოვილი ჰიპერტროფიულია (დიდი ზომისაა), მაგალითად, ნუშურა ჯირკვლები გამოდის სასის რკალებიდან, და ეს პათოლოგიურ მდგომარეობად არ უნდა შეფასდეს. იგივე ითქმის ღვიძლსა და ელენთაზე - ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 2-3სმ-ით, ელენთა ხელს ხვდება (რაც 2 წლამდე ნორმაა, ამიტომ ახალშობილსა და ჩვილს დიდი მუცელი აქვთ), სასქესო ორგანოების ზრდა კი იწყება 10-12 წლიდან. მოყვანილი მაგალითების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ზრდა სხეულის მასის მომატებას კი არა, არამედ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციურ განვითარებას, მომწიფებასა და ცვლილებას ნიშნავს.


მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია
- არსებობს პათოლოგია, რომელიც დაბადებისთანავე შეიძლება შევამჩნიოთ. ის უმთავრესად ქვედა კიდურების არათანაბარი ზომით, ნაოჭების ასიმეტრიით გამოვლინდება. ეს არის მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია. რას გვეტყვით მის შესახებ?
- მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია სახსრის განვითარების თანდაყოლილი დარღვევაა და საკმაოდ მძიმე პათოლოგიაა. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება მუცლადყოფნის პერიოდის მეოთხე-მეხუთე კვირას იწყება, მისი საბოლოო ფორმირება კი მას შემდეგ ხდება, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს. დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება წარმოიშვას. თუ დედას ან სხვა უახლოეს ნათესავს ბავშვობაში ორთოპედიული პრობლემები ჰქონდა, ამ პათოლოგიის ჩამოყალიბების ალბათობა გაცილებით მეტია. ბარძაყის თავის ამოვარდნილობა დისპლაზიის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა. გენეტიკური ფაქტორები აქ მთავარ როლს ასრულებს. შედარებით ნაკლებ, თუმცა მაინც საგრძნობ გავლენას ახდენს გარემოს მავნე ფაქტორები და ჰორმონული დარღვევები ორსულობის პერიოდში. დისპლაზია უფრო მეტად გვხვდება გოგონებსა და მენჯით წინამდებარეობით დაბადებულ ბავშვებს შორის. გოგონებში ეს დაავადება თითქმის ხუთჯერ უფრო ხშირია. არცთუ იშვიათად ბარძაყის თავის ამოვარნილობა მცირე (2500გ-მდე) წონით დაბადებულებშიც შეიმჩნევა.


- რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, რომ პათოლოგიის გამოვლენა არ დაგვიანდეს?
- პათოლოგიას გამოცდილი ნეონატოლოგი (მიკროპედიატრი) დაბადებისთანავე, სამშობიაროშივე დაადგენს. თუ ასე არ მოხდა, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ნიშნებს, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს. ესენია:

  • ნაოჭების ასიმეტრია - ყურადღებიანი მშობლების შეშფოთებას ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიმპტომი იწვევს, თუმცა დისპლაზიისთვის ყველაზე ნაკლებად დამახასიათებელია. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა სახსრები, ნაოჭების ასიმეტრიის მიუხედავად, ნორმალურად ვითარდება.
  • კიდურების დამოკლება - ეს ნიშანი შესამჩნევია ცალმხრივი დისპლაზიის დროს, როცა ის უკვე მკვეთრად არის გამოხატული.
  • განზიდვის შეზღუდვა - ზურგზე მწოლიარე ბავშვს ფეხებს 90 გრადუსით ვუხრით მუხლსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში და ფრთხილად, ზედმეტი ძალდატანების გარეშე გადავუშლით განზე. ჯანმრთელი ბავშვის მუხლები თითქმის საწოლის ზედაპირამდე უნდა მივიდეს. თუ რომელიმე ან ორივე მხარეს მოძრაობა შეზღუდულია, დისპლაზია უნდა ვივარაუდოთ.
  • სახსრის ტკაცუნი. ამ ხმას გამოსცემს ბარძაყის თავი, როცა ფოსოში სწორდება. ტკაცუნი განზიდვის შემოწმებისას ისმის. ეს სიმპტომი 2-3 თვემდე ასაკის ჩვილებს აღენიშნებათ.
    ლ კიდურების ჭარბი გარეთა როტაცია, ანუ ტერფის გარეთ მიბრუნება. ეს მძინარე ბავშვს თვალნათლივ ეტყობა.


- თუ ჩვილს რომელიმე ეს ნიშანი აღმოაჩნდა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
- მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი აუცილებელია, პატარა ორთოპედს ვაჩვენოთ, მას ჩაუტარდება სახსრების ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს მეთოდი უმტკივნეულო და უსაფრთხოა, თუმცა სახსრის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ვერ გვაწვდის, ამიტომ საბოლოო დიაგნოზისთვის რენტგენოლოგიური გამოკვლევაა საჭირო, რომელიც სახსრის ობიექტური შეფასების საშუალებას იძლევა.


- რას ურჩევთ მშობლებს ბავშვის მოვლის შესახებ?
- თუ დიაგნოზი სამშობიარო სახლშივე დაისვა, პირველივე დღეებიდან შეგიძლიათ ახალშობილი მჭიდროდ არ შეახვიოთ - როცა ბარძაყი განზიდულია, მისი თავი ტაბუხის ფოსოს უახლოვდება. სწორედ ამ მდგომარეობის შენარჩუნებაა აუცილებელი, ამისთვის კი მენჯ-ბარძაყის სახსარში ფეხები რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს განზიდული. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფართო საფენი, ორი პამპერსი ან პატარა ბალიში. სხვათა შორის, თანდაყოლილი ამოვარდნილობა ძალიან იშვიათია აფრიკაში, კორეაში, ვიეტნამში - იმ ქვეყნებში, სადაც ბავშვის მჭიდროდ შეხვევა მიღებული არ არის. სახსრის სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მოძრაობის ადეკვატური სიფართოვე, მოსვენების დროს კი ე.წ. ფიზიოლოგიური, ბუნებრივად შექმნილი მდგომარეობა, როცა ფეხები მუხლებში მოხრილი და გადაშლილია. გარდა ამისა, დედამ უნდა ისწავლოს საგანგებო ვარჯიშები: კიდურების განზიდვა, წრიული მოძრაობები, - და ბავშვს დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ჩაუტაროს. საჭიროა სამკურნალო მასაჟიც, რომელიც ჩვილს სპეციალისტმა უნდა გაუკეთოს. დისპლაზიის იმ ეტაპზე, როცა ამოვარდნილობა უმნიშვნელოა, ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები კორექციისთვის საკმარისია.

ბავშვის ფიზიკური განვითარების მაჩვენებელთა ცვლილებები და მათი მნიშვნელობა

- თუ დიაგნოზი უფრო გვიან დაისვა, რა დამატებითი ღონისძიებები ტარდება?
- თუ დიაგნოზი სამი-ოთხი თვის ასაკში დაისვა, რენტგენოლოგიური გამოკვლევით უფრო ზუსტად ადგენენ დაავადების სიმძიმეს, ხარისხს. ამ დროს უკვე საგანგებო არტაშნების დადებაა საჭირო. მათი ტარების ხანგრძლივობა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურია - რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე. მთავარია მკურნალობის ბოლომდე მიყვანა. ზოგჯერ მშობლები არტაშანს ორთოპედთან შეუთანხმებლად ხსნიან, ეცოდებათ შეწუხებული ბავშვი და ფიქრობენ, რომ დარჩენილი 2-3 კვირა არაფერს ნიშნავს, სინამდვილეში კი ამ დროს ყოველი დღე მნიშვნელოვანია. თუ ჩვილს პათოლოგია 4 თვის შემდეგ აღმოაჩნდა, უკვე სტაციონარული მკურნალობაა საჭირო. ამ დროს რბილ დაჭიმვას მიმართავენ, რაც საბოლოოდ სახსრის ნორმალურ ან თითქმის ნორმალურ მდგომარეობას აღადგენს. ასეთ პოზიციაში სახსარს არტაშნით ან თაბაშირის ნახვევით აფიქსირებენ. დაჭიმვის პროცესი შეიძლება 3 კვირაში დასრულდეს, რის შემდეგაც აუცილებელია სახსრის ფიქსაცია 3-4 თვით.


- რა შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებულ მკურნალობას?
- მკურნალობის გარეშე თანდაყოლილი ამოვარდნილობის დროს არასწორი ბიომექანიკის (მოძრაობის) შედეგად სახსარში ვითარდება დისპლაზიური კოქსართროზი - მენჯ-ბარძაყის სახსრის მძიმე დაავადება, რომელსაც თან სდევს ტკივილი, სიარულის დარღვევა, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა, ყოველივე ამას კი საბოლოოდ ინვალიდობადე მივყავართ. ასეთ დროს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულად არის შესაძლებელი და რაც უფრო მეტად დაგვიანდება ოპერაცია, მით უფრო ნაკლებია სრული გამოჯანმრთელების შანსი. ოპერაციული ჩარევა მაშინაც აუცილებელია, როცა კონსერვატიულ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს - სახსრის ნორმალური პოზიცია ვერ აღდგება. ამ შემთხვევაში ოპერაცია ორი წლის ასაკიდან არის რეკომენდებული, თუმცა ესეც ინდივიდუალურია.


კისერმრუდობა, ტერფმრუდობა და ბრტყელტერფიანობა
- კისერმრუდობა და ტერფრმრუდობა თანდაყოლილი ორთოპედიული პათოლოგიებია. მათი მიზეზი კუნთების არათანაბარი, ასიმეტრიული განვითარებაა. შესაძლებელია თუ არა მათი გამოსწორება და როგორ?
- კუნთოვანი კისერმრუდობა ჩვილ ბავშვთა 5%-ში გვხვდება. ის შეიძლება გამოიწვიოს მკერდ-ლავიწ-დვრილისებური კუნთის მოუმწიფებლობამ და არათანაბარმა განვითარებამ. თანდაყოლილი კისერმრუდობის მიზეზად შესაძლოა იქცეს მშობიარობის დროს მიღებული ტრავმა. რაც უფრო ადრე შევამჩნევთ მას, მით უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა, ამიტომ მშობლებს დაკვირვება მართებთ - პაწიას მხოლოდ სიყვარულით სავსე თვალებით კი ნუ შეხედავენ, კრიტიკულად შეაფასონ მისი ყოველი მოძრაობა დაბანისა თუ გამოცვლისას და კისერმრუდობის შემჩნევისთანავე პაწია ორთოპედს აჩვენონ.


- როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის გამოსწორება?
- არსებობს ვარჯიშებისა და მასაჟების სპეციალური კომპლექსი, რომელიც თავდაპირველად მეთოდისტებთან ერთად უნდა ჩაუტაროთ პატარას, მერე კი, როცა კარგად აითვისებთ - დამოუკიდებლად, შინ. გთავაზობთ ყველაზე ადვილად შესასრულებელ ვარჯიშებს:

  • ბავშვი დააწვინეთ ზურგზე, თქვენ კი უკან დაუდექით. ხელებით დაუჭირეთ თავი, მსუბუქად მიიზიდეთ თქვენკენ, ჯერ გამრუდებულ მხარეს მიაბრუნებინეთ, შემდეგ - ჯანმრთელ მხარეს და ნიკაპი აუწიეთ. ასეთი მოძროაბა ავარჯიშებს კისრის დაზიანებულ მხარეს არსებულ კუნთებს.
  • თუ პატარა ატირდა, ვარჯიში მცირე ხნით შეწყვიტეთ და ბავშვი დაამშვიდეთ.
    ლ ბავშვი დააწვინეთ გვერდზე, გამრუდებული კისრის მხარეს, ხელი თავქვეშ ამოუდეთ და თანდათან გამოაცალეთ, რომ თავი თვითონვე დაიჭიროს.

ორივე ვარჯიში გაიმეორეთ 5-10-ჯერ. ვარჯიშის შემდეგ კეთდება მასაჟი, რომელიც უმჯობესია თავდაპირველად სპეციალისტს მიანდოთ. მასაჟის მიზანია დაზიანებულ მკერდლავიწდვრილისებრ კუნთში ლიმფისა და სისხლის მოძრაობის გაუმჯობესება, მისი მოდუნება, ხოლო საპირისპირო მხარეს - კუნთის სტიმულაცია და ტონუსი. პროცედურა 10-15 წუთი გრძელდება. მკურნალობის კურსი 15-20 პროცედურას მოიცავს. უმჯობესია, მასაჟთან ერთად ფიზიოპროცედურებიც ჩატარდეს. აუცილებელია, პატარას შევუქმნათ სპეციალური პირობები როგორც ძილის, ისე სიფხიზლის დროსაც. კერძოდ:

  • შევუკეროთ კისრის სპეციალური დამჭერი, რათა თავი სწორად ეჭიროს და არა გვერდულად. ამისთვის დაზიანებულ მხარეს კისრის დამჭერი უფრო მაღალი უნდა იყოს, ხოლო ჯანმრთელ მხარეს იკვრებოდეს;
  • შევუკეროთ ბალიში-რგოლი, რომელიც ჯანმრთელ მხარეს უფრო მაღალი იქნება;
  • დავაწვინოთ ჯანმრთელი მხარით კედლისკენ.

ყოველივე ეს აიძულებს პატარას, არ დაზოგოს დაზიანებული კუნთი და ამგვარად მას თვითონვე ავარჯიშებს.   ტერფმრუდობა ძვალსახსროვანი სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიაა. ის სხვადასხვანაირია: ცალმხრივი, ორმხრივი, ორივე ტერფით შიგნიდან გარეთ მიქცეული (ვალგუსური ორიენტაცია) და მიზიდული. თანდაყოლილი ტერფმრუდობა ორი ტიპისაა:

ა) ძვლოვანი - როცა პათოლოგიას ტერფის რომელიმე ძვლის ნაკლებობა განაპირობებს;
ბ) მყესკუნთოვანი - ეს მიმზიდველი კუნთის მყესის პათოლოგიაა.

არსებობს II ხარისხის ნეიროგენული ბუნების ტერფმრუდობაც. ეს დაავადების ერთ-ერთი რთული ფორმაა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ფონზე ვითარდება.

- რას უნდა მიაქციოს დედამ ყურადღება, რომ ტერფმრუდობა არ გამოეპაროს?
- ბავშვის ტერფმრუდობას პირველად ნეონატოლოგი ამჩნევს სამშობიაროში. იგი ესწრება მშობიარობას, იბარებს ახალშობილს და დედას აცნობებს, რომ მის პატარას თანდაყოლილი ტერფმრუდობა აქვს. თუ პათოლოგია ამ ეტაპზე ვერ შეამჩნიეს, დედა უნდა დააკვირდეს, ხომ არ აქვს ჩვილს ცალი ან ორივე ტერფი გარეთ ან შიგნით შებრუნებული ანდა ზურგისკენ მიზიდული. თუ დედამ გამრუდებული ტერფის გასწორება სცადა, ხელის გაშვებისთანავე ის კვლავ პათოლოგიურ მდგომარეობას დაუბრუნდება. ასეა მყესკუნთოვანი დაზიანების დროს, ძვლოვანი დაზიანებისას კი ტერფს ხელით ვერ შეაბრუნებ, ის თითქოს ჩაჭედილია. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტერფის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ტარდება. არცთუ იშვიათად ტერფმრუდობას პირველად ერთი თვის ასაკში, პროფილაქტიკური გასინჯვის დროს აღმოაჩენს პედიატრი. ამ შემთხვევაში ბავშვი ორთოპედთან უნდა გაიგზავნოს.


- როგორ ხდება პათოლოგიის კორექცია?
- თანდაყოლილი ტერფმრუდობის დროს მკურნალობის პირველი ეტაპი მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოპროცედურებს, მათ შორის - აბაზანებსაც. თვენახევრის შემდეგ, თუ ფიზიოპროცედურებმა შედეგი არ გამოიღო, მკურნალობა თაბაშირის ნახვევების ეტაპობრივი დადებით გრძელდება. სულ 7-8 ნახვევია საჭირო. პირველი - 8 დღის შემდეგ, მომდევნოები კი ორ კვირაში ერთხელ იცვლება. მკურნალობა ამბულატორიულია - ბავშვის საავადმყოფოში დაწვენა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ, პატარა შინიდან ატაროთ ორთოპედთან. მკურნალობამ შედეგი რომ გამოიღოს, იგი გამოცდილმა, პროფესიონალმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. მნიშვნელოვანია ნახვევის სწორად დადების ცოდნა. ნახვევი უნდა დაედოს მუხლის სახსარში მოხრილ ფეხ-ბარძაყის შუა მესამედიდან ტერფის თაღამდე. ასეთ მდგომარეობაში აქილევსის მყესი დუნდება, რაც შედეგზეც აისახება - 6-8 თვის ასაკისთვის დეფორმაცია უკვალოდ ქრება. როცა ბავშვი ფეხს აიდგამს, შესაძლოა, ისევ შეაბრუნოს ტერფი. ამის თავიდან ასაცილებლად ექიმი პატარას სპეციალური ფეხსაცმლის ტარებას ურჩევს. ის ბავშვმა დაახლოებით სამ წლამდე უნდა ატაროს. ამ ხნის მანძილზე პატარა დროდადრო ორთოპედს უნდა აჩვენოთ და ზუსტად შეასრულოთ მისი მითითებები. თანდაყოლილი ძვლოვანი ტერფმრუდობის დროს საქმე უფრო რთულადაა. ამ შემთხვევაში მკურნალობა ქირურგიულია. ოპერაცია საჭიროა მაშინაც, როცა სპეციალისტს დაგვიანებით მიმართავენ ან მკურნალობა არაპროფესიონალურად ტარდება. ქირურგიული ჩარევა უმჯობესია 2 წლის შემდეგ მოხდეს.


- რა ნიშნები ახასიათებს ბრტყელტერფიანობას?
- ბრტყელტერფიანობა განივი და გასწვრივი თაღების გასადავებით გამოიხატება. ბრტყელტეფიანობა ზოგჯერ დამოუკიდებლად გვხვდება, ზოგჯერ ტორსისა (ტანის) და ქვედა კიდურების დეფორმაციის სიმპტომია. ხშირად ის თან სდევს ბარძაყის თანდაყოლილ ამოვარდნილობას, ბარძაყის ვალგუსურ დეფორმაციას, ტანდეგობის დარღვევას (ხერხემლის გამრუდებას, განსაკუთრებით - კიფოზურ-ლორდოზულს: კისერ-წელის მალების გამრუდებას), წვივის დიდი ძვლის შიგნით შებრუნებას, სახსრებში მოძრაობის სიჭარბეს, ნეიროორთოპედიულ დაავადებას და სხვა. ბრტყელტერფიანობისთვის დამახასიათებელია:

  • ტერფის დაგრძელება;
  • გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება;
  • ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება;
  • ქუსლის გარეთ მიქცევა;
  • ადვილად დაღლა, ტკივილი, კოჭ-წვივის სახსრის დატვირთვის შემდეგ.


- რა იწვევს ტკივილს?
- ჯანსაღ ტერფს, რომელიც განივი და გასწვრივი თაღებისაგან შედგება, რკალისებური მოხაზულობა აქვს. თანდაყოლილ თუ შეძენილ მიზეზთა გამო ზოგჯერ ეს თაღები სწორდება, თაღების გასადავების გამო ტერფი ბრტყელდება და სიარულისას ზამბარასავით ვეღარ იდრიკება. სწორედ ეს იწვევს ტკივილსა და სწრაფ დაღლას.


- როგორ მკურნალობენ ბრტყელტერფიანობას?
- ბავშვთა ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ უმთავრესად კონსერვატიულ მეთოდს მიმართავენ. თერაპიის მიზანია ნერვკუნთოვანი და მყესიოგოვანი სისტემების ტონუსის აწევა და მოდელირებული (ინდივიდუალურად შერჩეული) სუპინატორით კორექტირებული თაღის ფორმის შენარჩუნება. მკურნალობა კომპლექსურია - მოიცავს დღის რეჟიმს, სამკურნალო ფიზკულტურას, აპარატულ ფიზიოთერაპიას, ბალნეო- და მედიკამენტოთერაპიას. გასათვალისწინებელია  ძირითადი და თანმხლები დაავადებებიც. ფეხის ადგმისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხსაცმლის ცვეთას. თუ ტერფი გაბრტყელებისკენ არის მიდრეკილი, ცვდება ქუსლის შიგნითა ზედაპირი. თუ შეიმჩნევა დეფორმაციის პროგრესირების ტენდენცია, უნიშნავენ სუპინატორებს. უფროსი ასაკის ბავშვების მკურნალობა ასევე სამკურნალო ვარჯიშებითა და მასაჟით იწყება. ტარდება ტერფის თაღამწევი კუნთების ელექტროსტიმულაცია. ეფექტურია წყლის ვარჯიში. მკურნალობის შემდეგ ტერფის სწორი ფორმირებისა და ფუნქციონირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ფეხსაცმელს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტერფის ნორმალური ყრდნობა დგომისა და მოძრაობის დროს. ტერფის ფუნქცია ბევრად არის დამოკიდებული ფეხსაცმლის ქუსლზე, რომელიც კუნთს მუშაობისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის - ამაღლებს გასწვრივ თაღს და აუმჯობესებს მის რესორულ ფუნქციას. ქუსლის სიმაღლე ტერფის სიგრძის მეოთხედს უნდა შეადგენდეს, რაც დაახლოებით 2-3სმ-ს უდრის. ბრტყელი და მრუდე ტერფის კორექციის დროს ქუსლს დამატებით სჭირდება ამაღლება. შეძენილი ბრტყელტერფიანობის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ:

  • ერიდოთ ვიწრო ფეხსაცმელს.
  • ერიდეთ ბევრ სირბილს, დიდხანს ფეხზე დგომას, ფეხები ხშირად დაასვენეთ, რეგულარულად ავარჯიშეთ ტერფები, გაიკეთეთ მასაჟი, აბაზანები.


კრიპტორქიზმი
- კიდევ ერთი თანდაყოლილი პათოლოგიაა კრიპტორქიზმი - სათესლე პარკში ცალი ან ორივე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა. რა იწვევს მას?
- სათესლე ჯირკვლები ნაყოფის მუცლის ღრუში ვითარდება და საზარდულის არხის გავლით ჩამოდის სათესლე პარკში. ამ პროცესის შეფერხება შესაძლოა გენეტიკური ან ჰორმონული დარღვევებით იყოს განპირობებული. საუბარია ჰიპოფიზის იმ ჰორმონების ნაკლებობაზე, რომლებიც სათესლე ჯირკვლის ფუნქციას და მამაკაცის ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავებას ასტიმულირებს. ამ პრობლემით იბადება დროულ ახალშობილთა 3%-ზე მეტი და დღენაკლულთა 30%. ამათგან დროულ ახალშობილთა ნახევარს ჯირკვლები სათესლე პარკში წლამდე თავისით ჩამოსდის. ამ ასაკში ეფექტურია მედიკამენტური (არაქირურგიული) მკურნალობაც.


- სად შეიძლება ჩარჩეს სათესლე ჯირკვალი?
- ჩამოსასვლელ სათესლე ჯირკვალს შეიძლება ჰქონდეს როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი მდებარეობა. პირველ შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე ვარიაცია:

  • რეტრაქციული - ჯირკვალი მდებარეობს სათესლე პარკის ზევით და თავისი ჰიპერაქტიურობის გამო ზევით ააქვს სათესლე ჯირკვლის ამწევი კუნთი;
  • ექტოპიური - სათესლე ჯირკვალს  საზარდულის არხიდან გამოსვლის შემდეგ უკავია არანორმალური პოზიცია.

სხვა ადგილას გაჩერებული ჯირკვლის ადგილმდებარეობის დადგენა მხოლოდ ოპერაციის დროს შეიძლება.


- რა საშიშროებას უქმნის კრიპტორქიზმი ორგანიზმს?
- ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება კრიპტორქიზმს მოჰყვეს, უნაყოფობაა. ახალშობილის ჩამოუსვლელ ჯირკვალში სპერმატოზოიდები ჯერ კიდევ წარმოიქმნება, მაგრამ თუ ჯირკვალი წლამდე არ ჩამოვიდა სათესლე პარკში, იწყება ჯირკვლის ქსოვილის ატროფია და 2 წლისთვის უჯრედების 40%-ში სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი წყდება. 3 წლისთვის ასეთი უჯრედების რიცხვი უკვე 70%-ს აღწევს, ხოლო მოწიფული ასაკისთვის არც ერთი მოფუნქციე უჯრედი აღარ არსებობს. მეორე საფრთხე, რასაც ჩამოუსვლელი ჯირკვალი ორგანიზმს უქადის, ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარებაა. სათესლე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების 10% კრიპტორქული (მუცლის ღრუში ჩარჩენილი) ჯირკვლის წილად მოდის, ხოლო 1% საზარდულის არეში ჩარჩენილის წილად. ჩამოუსვლელი ჯირკვალი მეორე ჯირკვალსაც ვნებს. საქმე ის არის, რომ მუცლის ღრუში (ან სხვაგან) ჩარჩენილი ჯირკვალი ორგანიზმისთვის უცხო სხეულია, რომლის მიმართაც ის ანტისხეულებს გამოიმუშავებს, ანტისხეულები კი ნორმალური ჯირკვლის ფუნქციონირებასაც უშლიან ხელს. დაბოლოს: კრიპტორქიზმი იწვევს სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ვინაიდან ასეთი ვაჟები თანატოლებისგან გარეგნულად განსხვავდებიან. მივმართავთ მშობლებს! თუ თქვენს ვაჟს კრიპტორქიზმი აქვს, ნუ დააყოვნებთ, რაც შეიძლება ადრე აჩვენეთ ბავშვი ქირურგს, რათა ჯირკვალი სათესლე პარკში დროულად ჩამოუტანონ. ამისთვის იდეალურია ასაკი ორიდან ექვს წლამდე. თუ ოპერაცია ამ პერიოდში ჩატარდა, კრიპტორქული ჯირკვლის ნაყოფიერება ათიდან ცხრა შემთხვევაში შენარჩუნებული იქნება.

ბავშვის ფიზიკური განვითარების მაჩვენებელთა ცვლილებები და მათი მნიშვნელობა

მიკროცეფალია
- რა არის მიკროცეფალია?
- მიკროცეფალია - ეს არის პათოლოგიურად პატარა ზომის თავის ქალა, რომლის გარშემოწერილობა ნორმაზე 2-3-ჯერ ნაკლებია. მიკროცეფალიის დროს თავის ტვინიც მცირე ზომისაა - სულ 500-600 გრამს იწონის. მიკროცეფალია შეიძლება გამოვლინდეს როგორც დაბადებისთანავე, ისე მოგვიანებით, თუმცა სიცოცხლის პირველსავე წელს. თავი წყვეტს ზრდას, ამიტომ აღარც თავის ტვინი იზრდება, ყიფლიბანდი, თავის ნაკერები, ნაადრევად იხურება, თუმცა სახე ნორმალურად ვითარდება. შედეგად ბავშვს აქვს დიდი სახე, პატარა თავი და პატარა შუბლი. ბავშვის ზრდის ფონზე თვალში საცემია ძალიან პატარა თავი.


- რა იწვევს მიკროცეფალიას?
- მიკროცეფალიის მიზეზი შეიძლება იყოს - რადიაცია, ინფექცია, გენეტიკური დარღვევები და ა.შ. თანდაყოლილი მიკროცეფალიის მიზეზი შესაძლოა იყოს მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი წითელა, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი. მიკროცეფალიას ხშირად თან სდევს გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, მეტყველებისა და მოტორიკის შეფერხება. სპეციალური მკურნალობა არ არსებობს, იგი უფრო სიმპტომურია ანუ მიმართულია ამა თუ იმ სიმპტომის აღმოფხვრისკენ. საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალია.


- მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ მიკროცეფალიით დაბადებული შვილი, შეუძლიათ თუ არა ჯანმრთელი შვილების გაჩენა?
- თუ ოჯახში დაიბადა ასეთი პათოლოგიის მქონე ბავშვი, საჭიროა, ორივე მშობელმა ჩაიტაროს სამედიცინო-გენეტიკური კონსულტაცია, რათა დროულად შეფასდეს მომდევნო შვილებთან დაკავშირებული რისკი.


ასიმეტრიული თვალები
მხედველობითი სისტემა მთელი ბავშვობის განმავლობაში ვითარდება. ადრეულ ასაკში გამოვლენილი მცირედი გადახრაც კი მძიმე პათოლოგიას გვაცილებს თავიდან.


- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

  • წამწამების ზრდას - არის შემთხვევები, როდესაც წამწამები არათანაბრად იზრდება, ეხება გუგას და შესაძლოა ანთებისა და რქოვანა გარსის დაზიანების მიზეზად იქცეს.
  • თვალის ჭრილს - ახალშობილს იგი ვიწრო აქვს. დააკვირდით, ხომ არ განსხვავდება ერთმანეთისგან მარჯვენა და მარცხენა ჭრილები, თანაბრად არის თუ არა ორივე თვალი ამობურცული თვალბუდიდან.
  • თვალის ზომას - დააკვირდით, სიმეტრიულია თუ არა, ხომ არ არის სხვადასხვა ზომისა. თუ თვალები დიდი ან სხვადასხვა ზომისა გეჩვენებათ, ეს თანდაყოლილ გლაუკომაზე მეტყველებს. შესაძლოა შეამჩნიოთ რქოვანას შემღვრევაც. ამ დაავადების დროს იმატებს თვალშიგა წნევა, რასაც მხედველობის სწრაფი და შეუქცევადი დაქვეითება მოჰყვება.

თვალის ყველა ხილული სტრუქტურა ერთ მთლიანობას უნდა ქმნიდეს, რქოვანა - გამჭვირვალე იყოს, ფერადი გარსები კი ერთნაირი შეფერილობისა. პირველი ორი თვის განმავლობაში სიელმე ყველა ბავშვს შეიძლება შეამჩნიოთ. ეს თვალის მამოძრავებელი ცენტრის მოუმწიფებლობის ბრალია. თუ სიელმე უფრო მეტხანს გაგრძელდა და უფრო და უფრო შესამჩნევი გახდა, მკურნალობა აუცილებელია.


სიმაღლეში ჩამორჩენა
ადამიანის სიმაღლეზე გავლენას გარეგანი და შინაგანი ფაქტორები ახდენს. უმთავრესი შინაგანი ფაქტორი ადამიანის გენეტიკური პოტენციალია. ბავშვის ზრდის სათანადოდ შესაფასებლად საჭიროა გავაანალიზოთ სხეულის სიგრძის მაჩვენებელი. მთავარია, აღინიშნებოდეს სიმაღლის ყოველწლიური მატება. სხეულის ზრდის სიჩქარეზე გავლენას ახდენს ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეტორული აქტივობა. თუ სიმაღლის მატება უმნიშვნელოა, ბავშვს ენდოკრინოლოგის კონსულტაცია სჭირდება. ზრდის ტემპის შეჩერებას მძიმე ქრონიკული დაავადებებიც იწვევს. ზრდაში ჩამორჩენის ერთ-ერთი მიზეზია არაადეკვატური ფსიქოსოციალური გარემო; ოჯახური სტრესული სიტუაციები. თანამედროვე ბავშვების ცხოვრების ჰიპოდინამიკური სტილი - კომპიუტერი, ნაკლები მოძრაობა, არასრულფასოვანი და ერთგვაროვანი კვება - ასევე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორებია. ზრდის დარღვევა სხეულის პროპორციებზეც აისახება. მიიჩნევა, რომ იდეალური პროპორცია - ფეხის სიგრძის (ბოქვენის ძვლის ზედა ნაწილიდან ქუსლამდე არსებული მანძილის) სიმაღლესთან შეფარდება - დაახლოებით 0,6-ის ტოლია. რაც უფრო ნაკლებია ეს თანაფარდობა, მით უფრო ახლოს არის სხეულის პროპორცია იდეალურთან. მოზარდები ყველაზე სწრაფად გაზაფხულზე იზრდებიან. სხეულის მასას კი ყველაზე ინტენსიურად შემოდგომაზე იმატებენ. გოგონებში ზრდის ტემპი 10 წლიდან ჩქარდება და 17-19 წლამდე გრძელდება, ვაჟებში კი იგივე პროცესი 14 წლიდან იწყება და გრძელდება 19-22 წლამდე. ამის გათვალისწინებით, უნდა ვარიდოთ მოზარდი ჭარბ, მძიმე ფიზიკურ დატვირთვას - ეს აფერხებს ზრდის ტემპს.


ტანადობა და მისი დარღვევები
ტანადობა, ტანდეგობა დგომისას სხეულის ჩვეული მდებარეობაა. მისი ჩამოყალიბება ადრეული ბავშვობიდან იწყება. ტანდეგობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ თავისა და მხრის სარტყლის მდებარეობა, ხერხემლის მდებარეობა წინა-უკანა სიბრტყეში. ხერხემლის ყველაზე გავრცელებული დეფორმაციაა სკოლიოზი - ხერხემლის გვერდითა გამრუდება.  სკოლიოზის დიაგნოზის დასმისას ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • მხრების დგომას;
  • თავის მდგომარეობას (ყურის ნიჟარების სიმეტრიულობას ჰორიზონტალური ხაზის მიმართ);
  • ბეჭის ზედა და ქვედა კიდეების სიმეტრიულობას;
  • ბეჭის შიდა კიდეების პარალელურობას;
  • მენჯის გადახრას;
  • ქვედა კიდურების სხვადასხვა სიგრძეს;
  • გულმკერდის დეფორმაციებს;
  • წელის სამკუთხედების სიმეტრიულობას;
  • ხერხემლის მალების მახვილისებური მორჩების შემაერთებელი ხაზის დეფორმაციას.

დიაგნოზის დასაზუსტებლად დეფორმაციის ხარისხის დასადგენად საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა.  ტანადობის დარღვევისგან განსხვავებით (ბრტყელი ზურგი, მრგვალი ზურგი, წელში ოდნავ მოხრილობა, ტანადობის დარღვევა ფრონტალურ სიბრტყეში), სკოლიოზი არ არის მხოლოდ ხერხემლის ადგილობრივი გამრუდება. ის მთელი ორგანიზმის დაავადებაა. სკოლიოზი ასიდან თითქმის 3 ბავშვს აღენიშნება, ამასთან, გოგონებს 5-6-ჯერ უფრო ხშირად. ნებისმიერ შემთხვევაში, ტანადობის დარღვევა იქნება ეს თუ სკოლიოზი, სამკურნალო ღონისძიებები მხოლოდ ორთოპედთან შეთანხმებით უნდა ჩატარდეს.  ასე რომ, სხეულის პროპორციების დარღვევა, ასიმეტრია მხოლოდ გარეგნულ იერსახეზე, სილამაზეზე კი არ აისახება, არამედ იგი ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე მიუთითებს. დროული ჩარევა კი ბავშვს გარეგნობასაც შეუცვლის და ჯანმრთელობასაც გაუუმჯობესებს.

 

კატეგორია: პედიატრია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 11218 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 2.9/8
სულ კომენტარები: 1
1 ika-gabe  
0
surprised surprised

სახელი *:
Email *:
კოდი *: