მთავარი » ფაილები » პედიატრია

ბავშვის ფსიქოლოგია
2012-04-10, 9:57 PM

უცნაურია, მაგრამ პირველი სიყვარული ბავშვის მომავალ ბედს განსაზღვრავს, ამიტომ დაეხმარეთ შვილს საპირისპირო სქესთან ურთიერთობის მოგვარებაში.

პატარა ბავშვის პირველ სიყვარულს სერიოზულად არავინ ეკიდება, თუმცა მშობლებს თავიანთი პირველი სიყვარული ხშირად მთელი სიცოცხლე ახსოვთ. როდის მოხდება სასწაული, არავინ იცის. ზოგჯერ ადამიანები სიყვარულს დიდხანს ელიან, გრძნობა კი გულს არ ეკარება, მაგრამ ხდება პირიქითაც... ერთი შეხედვით სასაცილო, მაგრამ ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ბაღის ბავშვებს ერთმანეთი "უყვართ". ზოგი ამ სიყვარულით ერთობა, ზოგი კი ცდილობს, სატრფოს თავისი გრძნობა დაანახოს: მიაქვს მისთვის სათამაშოები, კანფეტები...

სიტუაცია მაშინ რთულდება, როცა პატარა ქალბატონს ეს ყურადღება სულაც არ სიამოვნებს. როგორ დავეხმაროთ უიმედოდ შეყვარებულ პატარა რაინდს? ყველას გვახსოვს ფილმები და წიგნები უიღბლო სიყვარულზე, გვახსოვს რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულის ტრაგიკული ფინალი, არაერთი მაგალითი ვიცით იმისა, რაოდენ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს მშობლებმა შვილების გრძნობებში ჩარევისას... ჩვენ ხშირად სათანადოდ არ ვაფასებთ შვილების გრძნობებს. ჩვენი თვალთახედვით, მათი განცდები არასერიოზულია და მალე გაივლის. სინამდვილეში ყველა მშობელს სურს, რთულ სიტუაციაში შვილს დაეხმაროს, მაგრამ საამისოდ ხშირად აკრძალვას, დაშორებას ვირჩევთ. წუთით დავფიქრდეთ: შეიძლება კი სიყვარულის აკრძალვა ან იძულება? სირაქლემას პოზიციიდან პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, ასეთი ტაქტიკა არასასურველ შედეგს მოგვიტანს - პატარა დამალავს თავის გრძნობას, დაკარგავს ახლობლების რწმენას, აღარასოდეს გაანდობს მათ თავის პრობლემებს. მშობლების სურვილი, შვილს ყველა გზაზე ფიანდაზი დაუფინონ, არაფერს მოგვიტანს, ვინაიდან პირველი სიყვარული, თუნდაც ძალიან ადრეული და ბავშვური, ადამიანური ურთიერთობის პირველი გამოცდილებაა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომელ როლს აირჩევს მშობელი - მეგობრისას, რომელსაც უნდა ენდობოდე თუ მტრისას, რომელსაც უნდა ერიდო.


გულახდილი საუბარი
თუ თქვენს შვილს ნაადრევი, ბავშვური სიყვარული ეწვია, აუცილებლად უნდა იპოვოთ ძალა, მოთმინება და დრო მასთან სასაუბროდ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარას სიყვარულის ობიექტს მისი გრძნობები სულაც არ აღელვებს. შეგიძლიათ, თქვენს პირველ სიყვარულზე მოუყვეთ, ისიც გაიხსენოთ, შემდგომ როგორი ურთიერთობა გქონდათ იმ ადამიანთან, რომელიც ოდესღაც გიყვარდათ. ბავშვი მოგისმენთ და გაგიგებთ, თუ თქვენი სიტყვები ემოციური და, რა თქმა უნდა, გულწრფელი იქნება. მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ სწორედ თქვენზე, უფროსებზეა დამოკიდებული, როგორ კვალს დატოვებს ბავშვის სულში პირველი სიყვარული. ზოგიერთს ბავშვური გრძნობები მიამიტური და სასაცილო ჰგონია. სინამდვილეში ბავშვების ემოციები სიმძაფრით მოზრდილთა განცდებსაც კი აღემატება. ამიტომ ბავშვთან საუბრისას უაღრესი ტაქტია საჭირო. დაცინვამ, ირონიამ შესაძლოა სულიერი ტრავმა მიაყენოს, ხოლო არასრულფასოვნების გრძნობა, რომელიც არასწორი დამოკიდებულების შედეგად ყალიბდება, სტრესისა და დეპრესიის მიზეზად ექცეს. ბავშვობაში აღმოცენებული შიში, სხვათა თვალში სასაცილო არ გამოჩნდეს, არცთუ იშვიათად სიყვარულის სურვილს სამუდამოდ კლავს. სკოლამდელ და ადრეულ სასკოლო ასაკში, 5-დან 9 წლამდე, ბავშვის განვითარებაზე უდიდეს გავლენას ახდენს ოჯახი. პატარები ყველაფერში, მათ შორის საპირისპირო სქესთან დამოკიდებულებაშიც, დედ-მამას ბაძავენ. როცა მამა პატივისცემით ეპყრობა მეუღლეს, მისი შვილიც ყურადღებიანია გოგონებისადმი. როცა ქალი ოჯახში უხეშად იქცევა ან სულ საყვედურებით ავსებს ირგვლივ მყოფთ, ასევე იქცევა პატარა გოგონაც. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პატარა ბავშვში მომავალი დედა ან მამა დაბადებისთანავე უნდა აღვზარდოთ. სწორედ ოჯახის წევრთა ქცევაა ბავშვისთვის ორიენტირი გრძნობათა სამყაროში. პატარას სწორედ მაშინ უნდა ვასწავლოთ საპირისპირო სქესთან სწორი ურთიერთობა, როცა ის პირველად იგრძნობს საპირისპირო სქესის ადამიანის ყურადღებას ან თავად გაუჩნდება მისდამი გრძნობა. არც იმის თქმაა მიზანშეწონილი, სანამ გაიზრდებოდე, ბევრი გოგო (ბიჭი) მოგეწონებაო. მსგავსი ფრაზები ხელს უწყობს სიყვარულისადმი არასერიოზული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. სწორედ პირველი სიყვარულია ის დრო, როცა ბავშვმა სხვისი გრძნობების პატივისცემა უნდა ისწავლოს. თუ სიყვარულის ობიექტი მას ასეთივე გრძნობით არ პასუხობს, ესე იგი საამისოდ მიზეზიც აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში აუხსენით პატარას, რომ შეყვარებულობა სავსებით ნორმალური გრძნობაა, მისი არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა გავურბოდეთ.


გრძნობათა სამყაროში
რა თქმა უნდა, პირველი სიყვარულის დროს თავიანთ შეგრძნებათა და განწყობილებათა სრული გამის გადმოცემა ბავშვებს არ ძალუძთ. მოზრდილი ადამიანის ამოცანაა, ბავშვს გრძნობათა სამყაროში გზის გაკვლევაში დაეხმაროს. ამისათვის შეიძლება მარტივი თამაშებიც გამოვიყენოთ. მაგალითად, დაჭერით მუყაო დაახლოებით 5 სმ დიამეტრის რგოლებად, ზედ დაახატეთ სხვადასხვა ემოციის - სიხარულის, მწუხარების, გაოცების, შიშის - გამომხატველი სახეები, გაითამაშეთ ბავშვთან ერთად სხვადასხვა სიტუაცია, რომელიც "შეყვარებულთან" ურთიერთობისას შეიძლება აღმოცენდეს და შესთავაზეთ, ის სახე ამოარჩიოს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ამ სიტუაციას. პატარას გრძნობებში გასარკვევად ზღაპრებიც დაეხმარება. წაუკითხეთ ანდერსენის "ყოჩაღი კალის ჯარისკაცი", "ცეროდენა", "თოვლის დედოფალი"... შეგიძლიათ, ზღაპარი თვითონვე შეთხზათ. დაიწყეთ, მაგალითად, ასე: "პატარა ლეკვს ბევრი მეგობარი ჰყავდა. ისინი მხიარული, ძლიერი, მოხერხებული ლეკვები იყვნენ, მაგრამ მას ძალიან შეუყვარდა კნუტი, რომელიც იქვე ცხოვრობდა. კნუტი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ სუსტი და უმწეო. მეგობარმა ლეკვებმა დაცინვა დაუწყეს, შენ ძაღლი ხარ, კატასთან რა გინდაო. და აი, ერთ დღეს ლეკვმა..." აქ შეჩერდით და ზღაპრის გაგრძელება ბავშვს სთხოვეთ. საინტერესოა, როგორ გააგრძელებს ის სიუჟეტს - მეგობრების სიტყვებს აჰყვება თუ საკუთარ აზრს დაიცავს, სიყვარულზე უარს იტყვის თუ კომპრომისს იპოვის და რჩეულსა და მეგობრებს შეარიგებს. თუ ბავშვი გოგონაა, შეცვალეთ როლები, კნუტის სიყვარულის ამბავს მოუყევით. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ფინალს. თუ ბავშვმა აირჩია დასასრული, სადაც ლეკვი უარს ამბობს ფისოსთან ურთიერთობაზე, სათანადო დასკვნა უნდა გამოიტანოთ. თუ ბავშვმა ფინალში კონფლიქტის მოგვარება შეძლო, მასთან ერთად გაიხარეთ. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პატარა ბავშვი მშობლის რჩევენს არ იღებს, მათ განურჩევლად ეწინააღმდეგება, რადგან მიაჩნია, რომ მისი არ ესმით. მას ძალიან უნდა, მის ყურადღებასა და მზრუნველობას ყურადღებითა და მზრუნველობითვე პასუხობდნენ. ამ დროს დახმარებისთვის ისევ წიგნებს უნდა მივმართოთ. როცა ბავშვს წიგნს ვუკითხავთ, ის თანაუგრძნობს პერსონაჟებს, რაც მისი ემოციური სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. ხოლო როცა ბავშვი და მშობელი ერთად აანალიზებენ წაკითხულს, პატარას ლოგიკა და ინტუიციაც უვითარდება.


ფსიქოლოგის რჩევები

  • ნურასოდეს იხუმრებთ ბავშვის გრძნობებზე.
  • უხეშად ნუ ჩაერევით ბავშვის ურთიერთობაში.
  • აუცილებლად გამონახეთ დრო მის მოსასმენად.
  • თქვენს შვილზე, რა თქმა უნდა, ძალიან შეგტკვათ გული, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს სხვისი შვილიც და მის გრძნობებსაც უნდა სცეთ პატივი.
  • მოიკრიბეთ მოთმინება. უმეტესად ბავშვური სიყვარული დროთა განმავლობაში მეგობრობაში გადაიზრდება.
  • დაეხმარეთ შვილს, თუ მის გრძნობებს არ პასუხობენ.
კატეგორია: პედიატრია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 927 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: