მთავარი » ფაილები » სტომატოლოგია

როგორ შევინარჩუნოთ კბილების სიჯანსაღე
2012-04-10, 10:02 PM
როგორ შევინარჩუნოთ კბილების სიჯანსაღე

ლამაზი და ჯანსაღი ღიმილი ადამიანის სავიზიტო ბარათია. სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentImplant-ის კლინიკური დირექტორი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო აბაშიძე.


- ქალბატონო ნინო, რომელი სტომატოლოგიური დაავადებებია გავრცელებული ყველაზე მეტად და რა არის ამ დაავადებათა განვითარების მიზეზი?
- კარიესი და პაროდონტიტი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებებია. პაროდონტიტი მიეკუთვნება პოლიეტიოლოგიური დაავადებების რიცხვს. დადგენილია, რომ კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებაში მთავარი ეტიოლოგიური როლი მიკრობულ აგენტს ეკისრება. მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის პროდუქტები ტოქსიკურ და ადგილობრივად გამაღიზიანებელ ზემოქმედებას ახდენენ ღრძილის ქსოვილზე, რის შედეგადაც იცვლება ღრძილოვანი სითხის რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა, ირღვევა კბილღრძილოვანი შეერთება და მიკროცირკულაცია, რასაც პაროდონტული ჯიბის ჩამოყალიბებამდე და ძვლოვან ქსოვილში ანთების გავრცელებამდე მივყავართ. პაროდონტიტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი და ზოგადი ხელშემწყობი ფაქტორები. სახელდობრ, ადგილობრივად დაავადების განვითარებას ხელს უწყობს პირის  ღრუს დაბალი კარიბჭე, ენისა და ტუჩის მოკლე ლაგამი, ლორწოვანის მოკლე ჭიმები, კბილთა დგომისა და თანკბილვის ანომალიები, არასრულფასოვნად დადებული ბჟენი, ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები და სხვა. პაროდონტიტის განვითარების ხელშემწყობ ზოგად ფაქტორებს მიეკუთვნება საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, სისხლმბადი, ნერვული სისტემების დაავადებები, იმუნური სისტემების პათოლოგიები და სხვა. კასრიესის განვითარებაში, გარდა მიკრობული აგენტისა, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება კვების ტიპს (დიდი რაოდენობით ნახშირწყლები) და რეჟიმს, ორგანიზმის რეაქტიულობას, ნერწყვის რაოდენობასა და ფიზიკოქიმიურ თვისებებს, ქვეყნისა და რეგიონის ბიოგეოქიმიურ პირობებს (წყალსა და ნიადაგში ფთორისა და სხვა მიკროელემენტების შემცველობას).


- როგორ შევინარჩუნოთ კბილებისა და პირის ღრუს სიჯანსაღე?
- უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამდე, სანამ კბილები აქვს ჯანმრთელი; კბილები ჯანმრთელია, როდესაც დამაკმაყოფილებელია ჰიგიენური მდგომარეობა. პირის ღრუს სრულფასოვანი და რეგულარული ჰიგიენა, სხვა კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, ხელს უშლის კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებას. ის განიხილება როგორც უმთავრესი კომპონენტი პაროდონტის დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისა. პირის ღრუს რეგულარული ჰიგიენა - კბილების გამოხეხვა დღეში 2-3-ჯერ - ამცირებს მიკრობულ ნადებს, რომელიც ქმნის ყველა პირობას ღრძილისა და, საზოგადოდ, პაროდონტის ქსოვილების ადგილობრივი აუტოაგრესიისთვის. ინდივიდუალური ჰიგიენის სრულფასოვანი დაცვისთვის უნდა გამოვიყენოთ ჰიგიენის როგორც ძირითადი (კბილის პასტა და ჯაგრისი), ასევე დამხმარე (სავლები, ფლოსი, ინტერდენტალური ჯაგრისი, ირიგატორი) საშუალებები. გარდა ამისა, აუცილებელია სტომატოლოგთან სიარული პროფილაქტიკური გასინჯვისთვის ექვს თვეში ერთხელ მაინც. მერწმუნეთ, რაც უფრო ადრეულ სტადიაში აღმოაჩენთ კარიესს თუ პაროდონტისა და ლორწოვანი გარსის დაავადებებს, მით უფრო იოლი და ეფექტური იქნება მკურნალობა.


- როგორ  შევარჩიოთ კბილის პასტა და ჯაგრისი?
- ქართულ ბაზარზე არსებული ჰიგიენური საშუალებების მრავალფეროვნებისა და ტელევიზიით თუ ჟურნალ-გაზეთებით მოწოდებული ინფორმაციის სიუხვის გამო ძნელია ავარჩიოთ კონკრეტული ადამიანისთვის მისაღები კბილის პასტა და ჯაგრისი. ისინი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და პირის ღრუს მდგომარეობის გათვალისწინებით. პაროდონტის ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის კომპლექსში ჩასართავი ჰიგიენური საშუალებების არჩევისას ყურადღება უნდა შევაჩეროთ მათ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ, ანტიმიკრობულ და ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედებაზე. ასეთი თვისებები უმთავრესად ახასიათებს პასტებს, რომლებიც მცენარეული წარმოშობის და სხვადასხვა ანტიბიოტიკსა თუ ქიმიური გზით სინთეზირებულ ანტისეპტიკებს (ქლორჰექსიდინს, ტრიკლოზანს) შეიცავს. ეს პასტები პაროდონტული ჯიბისა და პირის ღრუს მიკროფლორაზე ბაქტერიოციდულ და ბაქტერიოსტატიკურ ზემოქმედებას ახდენს. ჯანმრთელი პაროდონტის მქონე პირებმა არჩევანი ფთორისა და კალციუმის შემცველ პასტებზე უნდა შეაჩერონ. არ შეიძლება, ერთნაირი პასტა იხმარონ ზრდასრულმა ადამიანმა და ბავშვმა. საბავშვო კბილის პასტაც კი ასაკის მიხედვით უნდა შეირჩეს, ვინაიდან სხვადასხვა ასაკის ბავშვების კბილის პასტაში სხვადასხვაგვარია ფთორის შემცველობა. კბილის ჯაგრისი მთავარი ინსტრუმენტია, რომლითაც კბილის ზედაპირიდან ვაშორებთ ნადებს. სიხისტის მიხედვით განასხვავებენ სამი ტიპის ჯაგრისს:  რბილს - შოფტ, საშუალოს - Medium da uxeSs - Hard.



როგორ შევინარჩუნოთ კბილების სიჯანსაღე

პაროდონტიტიანმა პაციენტმა რბილი ჯაგრისი უნდა გამოიყენოს. საშუალო სიხისტის ჯაგრისი კარგია მათთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელი პაროდონტი. უხეში ჯაგრისი კი უნდა იხმარონ დაბალი თვითწმენდის მქონე პაციენტებმა. ჯაგრულების განლაგების მიხედვით განასხვავებენ სამი ტიპის ჯაგრისს: ერთმომენტიანს, როდესაც ჯაგრულები განლაგებულია ერთ სიმაღლეზე, ორმომენტიანს - ჯაგრულები განლაგებულია სხვადასხვა დონეზე - და სამმომენტიანს - ჯაგრულები განლაგებულია სხვადასხვა დონეზე და კუთხით. პაციენტს უნდა ვურჩიოთ ორ- ან სამმომენტიანი ჯაგრისის გამოყენება, რადგან მათი საშუალებით მუშავდება კბილის თითქმის ყველა ზედაპირი. პაციენტები ხშირად გვეკითხებიან, როგორი უნდა იყოს ჯაგრისის თავის ზომა. გიპასუხებთ: ეს ინდივიდუალურია და პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული. რაც უფრო პატარა ზომისაა ჯაგრისი, მით უფრო ადვილია პირის ღრუში მისი მანევრირება. კბილებს ვიხეხავთ დღეში სამჯერ: დილით, უზმოზე, საუზმის შემდეგ და ძილის წინ. კბილთა მწკრივის ხეხვას ვიწყებთ ჯაგრისის ვერტიკალური მოძრაობით, ზედა ყბაზე - ზემოდან ქვემოთ, ქვედაზე - ქვემოდან ზემოთ, ღრძილებიდან კბილისკენ - ე. წ. გამოგვითი მოძრაობებით. შემდეგ გადავდივართ ჰორიზონტალურ და წრიულ მოძრაობებზე. კბილების ხეხვა გრძელდება საშუალოდ სამი წუთი. ჯაგრისი, რაც არ უნდა კარგად გამოიყურებოდეს, უნდა გამოიცვალოს სამ თვეში ერთხელ, ხოლო თუ ადამიანს ფილტვის დაავადება აქვს - ორ კვირაში ერთხელ.


- რა ასაკში უნდა დავაწყებინოთ ბავშვს კბილების ხეხვა?
- დაახლოებით ორი წლის ასაკში. თავდაპირველად ხელში უნდა დავაჭერინოთ ჯაგრისი და შევიყვანოთ აბაზანაში დედასთან, მამასთან ან უფროს და-ძმასთან ერთად; ვაყურებინოთ, როგორ ვიხეხავთ კბილებს. იგი შეეცდება, გაიმეოროს ეს მოძრაობები და ნელ-ნელა ჯაგრისის სწორად ხმარებას მიეჩვევა. შემდეგ უნდა მივცეთ მისი ასაკისთვის განკუთვნილი კბილის პასტა, რადგან მათში ფთორის შემცველობა ისეთია, რომ გადაყლაპვა არ არის საშიში. საბავშვო კბილის პასტებს უმეტესად სხვადასხვა ხილის გემო აქვს, რაც გასათვალისწინებელია მათი შერჩევის დროს. თუ პატარას მისთვის სასურველი გემოს მქონე პასტას შეურჩევთ, იგი სიამოვნებით გაიხეხავს კბილებს.


- ხშირი წმენდა ხომ არ დააზიანებს მინანქარს?
- როგორც მოგახსენეთ, კბილის პასტაც და ჯაგრისიც უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და სტომატოლოგიური სტატუსის გათვალისწინებით. კბილის ხშირი - დღეში 4-ჯერ და უფრო მეტჯერ - ხეხვა, არასწორად შერჩეული სიხისტის ჯაგრისისა და აბრაზიული კბილის პასტის გამოყენება ხშირად ხელს უწყობს მომატებული მგრძნობელობის (ჰიპერესთეზიის) განვითარებას. სულ რამდენიმე წელია, რაც სტომატოლოგები ვაწყდებით ახალი,  არაკარიესული ტიპის დაზიანებას – ჯაგრისისმიერ ცვეთას. იგი უვითარდებათ ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად ხშირად და არასწორად, უხეში ჯაგრისით იხეხავენ კბილებს. ასე რომ, თუ რეგულარულად ივლით სტომატოლოგთან, თქვენთვის შერჩეული კბილის პასტითა და ჯაგრისით დღეში 3-ჯერ სწორად გაიხეხავთ კბილებს, ჯანმრთელი პირის ღრუ და მომხიბლავი ღიმილი გექნებათ.


 


კატეგორია: სტომატოლოგია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 715 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: