მთავარი » ფაილები » სტომატოლოგია

ვინირება მუდამ მომხიბვლელი ღიმილი
2012-04-10, 10:06 PM
mkurnali.ge”რედაქცია ხშირად იღებს კითხვებს ვინირებისა და კერამიკული ჩანართების შესახებ, ამიტომ გადავწყვიტეთ, სტომატოლოგიის ამ მეთოდებისთვის საგანგებო სტატია დაგვეთმო. მათ ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე გვესაუბრება სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის ”ელიტა მედის” ექიმი სტომატოლოგი ლია ქურჩიშვილი.


- ქალბატონო ლია, ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ესთეტიკურ სტომატოლოგიაზე. რას გულისხმობს ეს ცნება?


- ესთეტიკური სტომატოლოგია სტომატოლოგიის დარგია, რომლის მიზანი მხოლოდ კბილების სიჯანსაღის შენარჩუნება კი არა, არამედ ღიმილისთვის სილამაზის, მომხიბვლელობის მინიჭებაც არის. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მომხიბვლელი ღიმილი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რადგან იგი თავდაჯერებასა და შარმს გვმატებს. ამიტომ არის, რომ დღითი დღე იზრდება იმ პაციენტთა რიცხვი, რომლებიც სტომატოლოგს ესთეტიკური მოსაზრებით მიმართავენ. ესთეტიკური სტომატოლოგია მოიცავს:

1) კბილების გათეთრებას;
2) კბილების მხატვრულ რესტავრაციას;
3) კბილების დაშენებას;
4) ვინირებას, კერამიკულ ჩანართებს.

- კბილების გათეთრებას, დაშენებასა და რესტავრაციას ჩვენ ადრეც არაერთი სტატია მივუძღვენით. დღეს ვინირებაზე ვისაუბროთ. რა არის კერამიკული ვინირი?
- ვინირი თხელი კერამიკული ფირფიტაა, რომელიც მჭიდროდ მაგრდება კბილის ზედაპირზე. სწორედ ვინირის სითხელე და კბილთან მჭიდრო კავშირი განაპირობებს ერთიანი და საკმაოდ მკვრივი კონსტრუქციის შექმნას. ვინირი ფაქტობრივად იმეორებს კბილის ქსოვილის აგებულებას, რაც მის ადვილად გატეხას გამორიცხავს. არაჩვეულებრივი ესთეტიკური თვისებების გამო ამ კონსტრუქციებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.


- კიდევ რა ღირსებები აქვს ვინირს?
- იცავს კბილებს დაშლისაგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუსტი მინანქრის პატრონებისთვის, ასევე მათთვის, ვისი კბილის ქსოვილიც გადატანილი დაავადების გამო თუ სხვა მიზეზით არაესთეტიკურად გამოიყურება.

  • ახასიათებს მაღალი გამძლეობა ფიზიკური დატვირთვისა და ქიმიური რეაქციების მიმართ, წლობით არ იცვლის ფერს და ფორმას, არ ცვდება.
  • აბსოლუტურად ბიოინერტულია, ამიტომ არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და არ აღიზიანებს მიმდებარე ქსოვილებს.


- როდის უნდა მივმართოთ ვინირებას?
- ვინირება მიზანშეწონილია პირის ღრუში მიმდინარე მრავალი პათოლოგიური პროცესის დროს, მაგალითად:

  • კბილების ქსოვილში დისკოლორიტების (დისკოლორიტი არ არის ქვა; ეს არის ფერის შეცვლა, გამოწვეული ამა თუ იმ დარღვევით), ლაქებისა და პიგმენტური ცვლილებების გაჩენის;
  • კბილის ქსოვილის კარიოზული პროცესებით დაზიანების;
  • ძველი რესტავრაციების არადამაკმაყოფილებელი ესთეტიკურობის;
  • კბილის ქსოვილების არაკარიოზული პათოლოგიების (მინანქრის ჰიპოპლაზია);
  • კბილის ქსოვილზე დიდი ბზარების გაჩენის;
  • კბილის ფორმის დარღვევის;
  • კბილთა რკალში კბილის არასწორი განლაგების;
  • კბილების დაშორების (დიასთემები და ტრემები) შემთხვევაში.
- როგორ მზადდება ვინირი?
- გაგაცნობთ კერამიკული ვინირის დამზადების ორ მეთოდს, რომლებიც მე ყველაზე ოპტიმალურად და პრაქტიკულად გამართლებულად მიმაჩნია. ეს მეთოდებია:

1. Impress-მეთოდი - ვინირის დამზადება ლაბორატორიაში კერამიკის დაპრესვის მეთოდით. დაპრესილი კერამიკა საკმაოდ მყარია და აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომლებიც აუცილებელია ვინირისა თუ ჩანართისთვის.
2. ვინირის დამზადება კომპიუტერული სისტემების მეშვეობით CEREC CAD/CAM. კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ხდება ვინირის ან ჩანართის მოდელირება და მისი გამოჩარხვა სპეციალურ აპარატზე. ამ მეთოდის უპირატესობაა კონსტრუქციის დამზადების სისწრაფე - სტომატოლოგთან რამდენიმე ვიზიტი არ არის საჭირო, ვინირი ერთ დღეში პაციენტის თანდასწრებით მზადდება.


- როგორ ხდება კბილის დამუშავება, ნერვის მოკვლა აუცილებელია თუ კბილის გადარჩენა ხერხდება?
- ვინირის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას, კბილის ქსოვილების მინიმალურ პრეპარირებას მოითხოვს, ასე რომ, კბილი ცოცხალი რჩება.


- ვინირების შემდეგ ხომ არ იკრძალება რამის ჭამა, განსაკუთრებულ მოვლას ხომ არ მოითხოვს ვინირებული კბილი?
- ვინირის დიდი პლუსია ის, რომ მასზე არ მოქმედებს ტემპერატურული ცვლილებები ანუ ცხელი და ცივი სასმელების სმა (რაც ძალიან ვნებს ბჟენით გაკეთებულ რესტავრაციებს). ვინირი არ იცვლის არც ფერს და არც ფორმას. თუმცა არსებობს ერთი შეზღუდვა (სხვათა შორის, ეს შეზღუდვები საკუთარი კბილების სიჯანსაღის შესანარჩუნებლადაც არის მიზანშეწოლილი) - პაციენტმა თავი უნდა არიდოს მზესუმზირას, თხილის, ორცხობილას და ძვლების კვნეტას, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ხშირად საკუთარ კბილსაც აზიანებს. განსაკუთრებული მოვლა არ არის საჭირო, ჩვეულებრივი, ყოველდღიური ჰიგიენა უნდა დაიცვათ და წელიწადში ორჯერ მიმართოთ ექიმს, საჭიროების შემთხვევაში კი ჩაიტაროთ პროფესიონალური წმენდა.


- რამდენ ხანს ძლებს ვინირი?
- თუ პაციენტმა შეასრულა ექიმის ყველა რეკომენდაცია, კარგად გაკეთებული ვინირი 15 წლამდე ძლებს.


- მართლაც უნაკლო საშუალება იქნებოდა, რომ არა ფასი...
- ბევრს შეიძლება ის ძვირი მოეჩვენოს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იგივე თანხა (მეტი თუ არა) დაგეხარჯებათ სტომატოლოგთან ხშირ ვიზიტებში, იმიტომ, რომ ბჟენით გაკეთებულ ვინირს ერთ-ორ წელიწადში სჭირდება შეკეთება ან განახლება, პლუს დრო და ნერვები. ვფიქრობ, სჯობს, შედარებით დიდი თანხა გაიმეტო და პრობლემები დიდი ხნით დაივიწყო.


- რა არის კერამიკული ჩანართი?
- ჩანართი არის ხელოვნური რესტავრაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება საღეჭი კბილის დეფექტის აღდგენა. ფაქტობრივად, ეს არის იდეალური ბჟენი, რომელიც მზადდება ლაბორატორიულად Empress მეთოდით ან კომპიუტერული 3D გრაფიკული მოდელირებით და მისი შემდგომი გამოჩარხვით ჩერეც CAM/CAM სისტემით. ჩანართის დანიშნულებაა საღეჭი კბილების დიდი დეფექტების აღდგენა კარიოზული დაზიანების დროს. დამტკიცებულია, რომ დიდი დეფექტების ჩანართით აღდგენა უფრო ეფექტურია, ვიდრე ჰელიობჟენით, რადგან ჩანართს არ გააჩნია ის ნაკლოვანებები, რაც აქვს ჩვეულებრივ ბჟენს, ანუ გამოირჩევა ფიზიკურ-ქიმიური მდგრადობით პირის ღრუში არსებული პირობებისადამი, არ იცვლის ფერსა და ფორმას, არ ცვდება.


- მაინც, რა უპირატესობა აქვს ჩანართს, რით განსხვავდება ის ბჟენისგან?
- სტომატოლოგიურ პრაქტიკაში კარიოზულ დეფექტებს სხივგამყარებადი კომპოზიტებით აღადგენენ - ბჟენის გამყარება ხდება სპეციალური ნათურიდან გამოშვებული სხივის მეშვეობით. ჩანართის შემთხვევაში ეს საჭირო არ არის. სანამ ექიმი დაბჟენს კბილს, ხდება კარიოზული ღრუს პრეპარირება, შემდგომ მისი კედლები სპეციალური ადჰეზიური საშუალებებით (ასე ვთქვათ, დასაწებებელი ნივთიერებით) მუშავდება. ამის გამო კომპოზიტისა და კბილის ქსოვილის შეერთების ძალა ძალიან დიდია. ფოტოპოლიმერიზაციის (უფორმო მასისგან ბჟენად გარდაქმნის) დროს კომპოზიტი 0,8-1,8%-ით იკუმშება. როდესაც ბჟენი დიდია, წარმოიდგინეთ, როგორ დაქაჩავს ის კბილის ქსოვილებს კუმშვადობის ცენტრისკენ. ამის გამო, როცა კბილის საკუთარი ქსოვილის სისქე ნაკლებია, ვიდრე ბჟენის მოცულობა, კბილზე დიდი ბზარები ჩნდება. კუმშვადობა იწვევს ბჟენის კბილის ქსოვილთან მჭიდრო კავშირის დაკარგვას, ანუ ირღვევა ჰერმეტულობა, რაც იწვევს მეორეულ კარიესს (კარიესი ბჟენის ქვეშ). კერამიკულ ჩანართს ეს ნაკლოვანებები არ გააჩნია, რადგან დამოუკიდებლად, პირის ღრუს გარეთ მზადდება.

  • ცვეთადობა. კერამიკული ჩანართი, ჩვეულებრივი ბჟენისგან განსხვავებით, არ ცვდება. ეს მისი დამზადების ტექნოლოგიით არის განპირობებული. პირის ღრუში წლების მანძილზე ჩანართი ინარჩუნებს ფორმას და ფერს.
  • აღდგენის სიზუსტე. მიზეზთა გამო ხშირად ძნელია ზუსტი ანატომიური ფორმის ბჟენით აღდგენა და თანკბილვაზე მორგება, ჩანართის დამზადების შემთხევაში კი ასეთი რამ გამორიცხულია.
  • კომფორტულობა. ჩანართის დამზადებისას პაციენტს არ უწევს საათობით პირღია ჯდომა. კბილის დამუშავების შემდეგ ხდება ანაბეჭდის აღება, ფერის შერჩევა და კბილზე დროებითი ბჟენის დადება, რაც ხანმოკლე პროცედურაა, მომდევნო ვიზიტის დროს კი ხდება უკვე მზა კონსტრუქციის მორგება და დაცემენტება. ეს დიდი პლუსია საქმიანი ხალხისთვის, ვისაც ცოტა დრო აქვს და სამსახურის დიდი ხნით დატოვება უჭირს.


კატეგორია: სტომატოლოგია | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 2263 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: