მთავარი » ფაილები » ქალი

ორსულობა პიელონეფრიტისა და გლომერულონეფრიტის დროს
2012-04-10, 9:22 PM
ორსულობა პიელონეფრიტისა და გლომერულონეფრიტის დროს

ორსულთა ექსტრაგენიტალიურ პათოლოგიებს შორის თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს და საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. რა ცვლილებები მიმდინარეობს ორსულის ორგანიზმში და რა გართულებებია მოსალოდნელი პიელო- და გლომერულონეფრიტით დაავადების შემთხვევაში, ამ საკითხებზე სასაუბროდ მეან გინეკოლოგ სოფიო ჯაშსმივმართეთ.


- ქალბატონო სოფიო, თავდაპირველად გავიხსენოთ, რა ცვლილებები მიმდინარეობს ორსულის საშარდე ორგანოებში.

- ორსულობას თან სდევს თირკმელების, საშარდე გზების ფიზიოლოგიური და ჰემოდინამიკური ცვლილებები უროდინამიკის (შარდის მოძრაობა საშარდე გზებში) დარღვევის გამო, რაც გამოწვეულია ტოპოგრაფიულ-ანატომიური თავისებურებებით საშვილოსნოს ზომების მატებით. ორსულობა ის მდგომარეობაა, რომელიც ისედაც განაწყობს თირკმელების დაავადებებისადმი. ეს გამოწვეულია ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ჰომონული ცვლილებებით, კერძოდ, პროგესტერონის ზემოქმედებით შარდგამომყოფი გზების რეცეპტორებზე. ამის გამო თირკმლის მენჯფიალოვანი სისტემა და შარდსაწვეთები ეშვება და ფართოვდება. ეს ცვლილებები იწყება ორსულობის I ტრიმესტრიდან. თირკმლის ფიალების მოცულობა შარდსაწვეთებთან ერთად თუ ორსულობამდე საშუალოდ 3-4 მლ-ია, ორსულობის მეორე ნახევარში აღწევს 20-40 მლ-ს, ზოგჯერ 70 მლ-საც კი. გარდა ამისა, ორსულობის მეორე ნახევარში საშვილოსნო გადაიხრება და მობრუნდება მარჯვნივ, ამიტომ ზეწოლას ახდენს მარჯვენა თირკმელზე, რითაც შეიძლება აიხსნას საშარდე გზების დაზიანება უპირატესად მარჯვენა მხარეს. შარდსაწვეთის ტონუსის დაქვეითება მაქსიმუმს აღწევს ორსულობის მერვე თვეს. ტონუსის აღდგენა იწყება ორსულობის ბოლო თვიდან და მშობიარობის შემდეგ სამ თვეს გრძელდება. ორსულობის დროს საშარდე გზების ტონუსის დაქვეითებას და მათში შარდის შეკავებას მივყავართ იქამდე, რომ თირკმლის ფიალაში იმატებს წნევა - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს პიელონეფრიტის განვითარებისთვის. ორსულობის დროს თირკმლის პათოლოგიის განვითარებაში არცთუ მცირე როლს ასრულებს:

  • თირკმლის იოგოვანი აპარატის შესუსტება, რაც ხელს უწყობს თირკმელების პათოლოგიურ მოძრაობას;
  • შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის გაძლიერება;
  • ესტროგენების, პროგესტერონის, გლუკოკორტიკოიდების, პლაცენტის ჰორმონების - ქორიონული გონადოტროპინის და ქორიონული სომატომამოტროპინის სეკრეციის მატება.

შედარებით ხშირად გვხვდება პიელონეფტრიტი, ჰიდრონეფროზი, უსიმპტომო ბაქტერიურია. იშვიათად - გლომერულონეფრიტი, თირკმელების ტუბერკულოზი, შარდკენჭოვანი დაავადება, საშარდე გზების განვითარების ანომალიები.


- ორსულობის რა გართულებებია მოსალოდნელი თირკმლის პათოლოგიის დროს?
- ადრე ვითარდება გესტოზები, რომლებიც მძიმედ მიმდინარეობს, ხშირია თვითნებითი აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, ნორმალურად განლაგებული პლაცენტის ნაადრევი აცლა, ნაყოფის საშვილოსნოსშიგა ინფიცირება, ნაყოფის ჰიპოტროფია და ქრონიკული ჰიპოქსია, უმწიფარი უდღეური ბავშვების დაბადება, მკვდრადშობადობა. თავის მხრივ, ორსულობამ შეიძლება ხელი შეუწყოს თირკმლის პათოლოგიის განვითარებას ან იმ დაავადების გამწვავებას, რომელიც ორსულობამდე ფარულად მიმდინარეობდა.


- მოდი, ვისაუბროთ ორსულებში პიელონეფრიტის შესახებ. რა იწვევს მას?
- თირკმელების დაავადებებიდან ორსულებს ყველაზე ხშირად პიელონეფრიტი ემართებათ. იგი ასიდან 6-10 შემთხვევაში გვხვდება. პიელონეფრიტით უმეტესად პირველმშობიარეები ავადდებიან, რაც ორსულობასთან მათი ორგანიზმის არასაკმარისი ადაპტაციით აიხსნება.


- საიდან და როგორ იჭრება ინფექცია? 
- ინფექცია საშარდე გზებში იჭრება აღმავალი გზით (შარდის ბუშტიდან), დაღმავალი - ლიმფოგენური (ნაწლავებიდან, განსაკუთრებით გამოხატულია შეკრულობისას), ჰემატოგენური (სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროს) გზით. ორსულებში პიელონეფიტის გამომწვევი ძირითადად პირობითპათოგენური მიკრობებია, ანუ ის მიკრობები, რომლებიც ჩვეულებრივ ჩვენს ორგანიზმში ბინადრობენ, მაგრამ დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ხელშემწყობი ფაქტორების ზემოქმედებით აქტიურდებიან და იწვევენ დაავადებას. ყველაზე ხშირად (36-88%) პიელონეფრიტის გამომწვევია სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ურეაპლაზმა, ტრიქომონა, ნაწლავის ჩხირი, გრამდადებითი ენტერობაქტერიები, ლურჯ-მწვანე ჩხირი, პროტეუსი, ენტეროკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, კანდიდას ტიპის სოკო.


- რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ორსულებში პიელონეფრიტის განვითარებას?
- ორსულებში პიელონეფრიტის განვითარებას ხელს უწყობს:

  • ორსულობისთვის დამახასიათებელი ჰორმონული ძვრები;
  • შარდსაწვეთებზე გადიდებული ორსული საშვილოსნოს ზეწოლა;
  • თირკმელებში ფარულად არსებული ინფექციის გააქტიურება;
  • ორგანიზმში ინფექციის ქრონიკული კერების (ანგინა, კარიესული კბილები, ფურუნკულოზი და სხვა) არსებობა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონი - პროგესტერონი იწვევს ნაწლავების, შარდის ბუშტისა და შარდსაწვეთების მოდუნებას. ამის გამო ვითარდება ყაბზობა და ირღვევა შარდის გამოყოფა, რაც ხელს უწყობს შარდის შეფერხებას ზედა საშარდე გზებში.- რა გავლენას ახდენს ორსულობა თირკმლის დაავადებებზე?

- ორსულობის დროს თირკმლის დაავადებები მწვავდება. გამწვავება შეიძლება მოხდეს ორსულობის ადრეულ პერიოდშივე (15-16 კვირა). თუმცა ყველაზე ხშირად დაავადება ორსულობის 26-30-ე კვირას აქტიურდება, როდესაც ინტენსიურად მზარდი საშვილოსნო იწყებს შარდსაწვეთების მიჭყლეტას. ამის შედეგად ირღვევა შარდის ნორმალური ევაკუაცია და თირკმელებში აქტიურდება ინფექცია. ეს პერიოდი პიელონეფრიტიანი ორსულისთვის კრიტიკულად მიიჩნევა.


- რა გავლენას ახდენს თირკმელების დაავადებები ორსულობის მიმდინარეობაზე?
- მწვავე პიელონეფრიტი ორსულობისა და ლოგინობის მიმდინარეობაზე, ჩვეულებრივ, გავლენას არ ახდენს, ქრონიკული პიელონეფრიტის დროს კი ხშირია თვითნებითი აბორტი და ნაადრევი მშობიარობა. ორსულობა ხშირად რთულდება ორსულთა მეორე ნახევრის ტოქსიკოზით (გესტოზით), რომელიც მიმდინარეობს გაცილებით უფრო მძიმედ და მკურნალობას ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ხშირია ორსულთა ანემიაც, არცთუ იშვიათად ირღვევა პლაცენტის ფუნქცია, ეს ყველაფერი კი იწვევს ნაყოფის ზრდისა და განვითარების შეფერხებას.


- მოდი, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ პიელონეფრიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებზე.
- მწვავე პიელონეფრიტი იწყება მწვავედ, შემცივნებით, სხეულის ტემპერატურა მკვეთრად იმატებს 39-40 გრადუსამდე. ორსული უჩივის სისუსტეს, თავის ტკივილს, ძლიერ ოფლდენას, მოსალოდნელია გულისრევა და პირღებინება, რაც ხშირად ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზში ერევათ. ტემპერატურის მატებასთან ერთად თავს იჩენს ტკივილი წელის არეში, რომელიც გადაეცემა შარდსაწვეთების, საზარდულის, ქვედა კიდურებისა და სასქესო ბაგეებისკენ. ტკივილი, როგორც წესი, ცალმხრივია, ხშირად მარჯვენამხრივი, რაც იმით აიხსნება, რომ ორსულობის დროს მარჯვენა საკვერცხის ვენა ვარიკოზულად განივრდება - იგი შარდსაწვეთთან ერთად ერთ ბუდეშია მოთავსებული. მარჯვენამხრივი პიელონეფრიტის უფრო ხშირი განვითარება სწორედ მარჯვენა საკვერცხის ვენით შარდსაწვეთის მიჭყლეტითაა გამოწვეული, რის გამოც ირღვევა შარდის ნორმალური ევაკუაცია. ცისტიტის თანდართვის შემთხვევაში ხშირი და მტკივნეულია შარდვა. ქრონიკული პიელონეფრიტი, წესისამებრ, ბავშვობაში იწყება. ხანგრძლივი რემისიის პერიოდი განაპირობებს დაავადებისადმი ავადმყოფის არასერიოზულ დამოკიდებულებას. ქრონიკული პიელონეფრიტი არანამკურნალევი პიელონეფრიტის შედეგია, როდესაც მწვავე ანთება იხსნება, მაგრამ თირკმელებში ბაქტერიების განადგურება ვერ ხდება. გამწვავება ხშირად დაკავშირებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებთან (პუბერტატული პერიოდი, სქესობრივი ცხოვრების დაწყება, ორსულობა, მშობიარობა). ამ დროს ავადმყოფს აწუხებს ყრუ მღრღნელი ტკივილი წელის მიდამოში, განსაკუთრებით - ნესტიან ამინდში. გარდა ამისა, ქრონიკული პიელონეფრიტი დროდადრო მწვავდება და მაშინ თავს იჩეს მწვავე პროცესის ნიშნები. გამწვავებებს შორის პერიოდში ავადმყოფი თავს კარგად გრძნობს, ზოგჯერ უჩივის გაურკვეველი ხასიათის სისუსტეს, ყრუ ტკივილს წელის მიდამოში. ორსულთა 5-10%-ს აღენიშნება უსიმპტომო ბაქტერიურია (შარდში ბაქტერიების არსებობა). ორსულთა 40%-ში კი ქრონიკული პიელონეფრიტი კლინიკურად გამოხატულ სახეს იღებს.


- რა გავლენას ახდენს დედის პიელონეფრიტი ბავშვზე?
- პიელონეფრიტი, განსაკუთრებით - მისი ქრონიკული ფორმა, ნაყოფზე არასასურველ გავლენას ახდებს. მუცლადყოფნის პერიოდშივე ნახულობენ ინფიცირების ნიშნებს. ასეთი ახალშობილები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მშობიარობისშემდგომი ჩირქოვან-სეპტიკური დაავადებების მიმართ.


- რა გართულებებია ამ დროს მოსალოდნელი და შესაძლებელია თუ არა პიელონეფრიტიანი ქალის ორსულობა? ვინ შედის რისკის ჯგუფებში?
- ორსულობისა და მშობიარობის შესაძლო გართულებების მიხედვით განასხვეავებენ რისკის სამ ხარისხს:

  • პირველი ხარისხი - მწვავე პიელონეფრიტი, რომელიც განვითარდა ორსულობის დროს;
  • მეორე ხარისხი - ქრონიკული პიელონეფრიტი;
  • მესამე ხარისხი - ქრონიკული პიელონეფრიტი მაღალი წნევის, ან აზოტემიის თანხლებით, ანდა პიელონეფრიტი ერთადერთი თირკმლის ფონზე.

პირველი და მეორე ხარისხის რისკის დროს ორსულობა შეიძლება შენარჩუნდეს. ამისთვის აუცილებელია თვეში ერთხელ შარდის (22-ე და 28-ე კვირებს შორის კი - კვირაში ერთხელ) ანალიზის მუდმივი კონტროლი და ნეფროლოგის მეთვალყურეობა. მესამე ხარისხის რისკის შემთხვევაში ორსულობა უკუნაჩვენებია, რადგან საფრთხის ქვეშ დგება დედის სიცოცხლე- თუ ორსულმა ექიმს არ მიმართა, რა გართულებებს უნდა ველოდეთ?

- არანამკურნალევი მწვავე პიელონეფრიტი გადადის ქრონიკულ ფორმაში ან ვითარდება თირკმლის ჩირქოვანი დაავადებები - თირკმლის აბსცესი ან კარბუნკული, რაც არასასურველ გავლენას ახდენს არა მარტო ნაყოფზე, არამედ დედის ჯანმრთელობაზეც.


- როგორ მიმდინარეობს ამ დროს ლოგინობის ხანა? 
- გესტაციური პიელონეფრიტის გადატანის შემდეგ ქალების 20%-ს თირკმელების ფუნქცია დაქვეითებული აქვს. ამის გამო ლოგინობის მე-4 და მე-12-14 დღეებში (კრიტიკული პერიოდი) დაავადება შეიძლება გამწვავდეს, ამიტომ ქალის გაწერამდე აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება და გამწვავებების პროფილაქტიკა, შემდგომ კი უროლოგის მეთვალყურეობა.


- როგორ მკურნალობენ პიელონეფრიტს ორსულებში?
- გესტაციური პიელონეფრიტის მკურნალობა გულისხმობს კვებით დიეტას, სითხის ადეკვატურ მიღებას. სამკურნალოდ ინიშნება ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატები, უროსეპტიკები და მცენარეული საშუალებები. სამკურნალო კვება გულისხმობს შებოლილი პროდუქტების, ცხარე საკვების აკრძალვას, ხორცის ნახარშისა და შემწვარი ხორცის შეზღუდვას. უმჯობესია, ხორცი და თევზი მოხარშული მივიღოთ. სასურველია ბოსტნეულის კერძები, ხილი, საზამთრო, ნესვი, გოგრა. საკვების დღიური კალორაჟი 2000-2500 კკალორიას უნდა აღწევდეს. თუ არ დასტურდება უროდინამიკის (შარდის პასაჟის) დარღვევა და მაღალი არტერიული წნევა, შეიძლება ყოველდღიურად 2-2,5 ლიტრი სითხის მიღება, არც სუფრის მარილია აკრძალული, მაღალი არტერიული წნევისა და შარდის პასაჟის დარღვევის შემთხვევაში კი სუფრის მარილი დღეში 4 გრამამდე იზღუდება. შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევისა და ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შედეგების მიხედვით უნდა ჩატარდეს ანტიბიოტიკოთერაპია და მკურნალობა უროანტისეპტიკებით. ორსულობის პირველ ტრიმესტრში იყენებენ პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომლებსაც ნაყოფზე ტოქსიკური მოქმედება არ ახასიათებთ (ამპიცილინს, ოქსაცილინს, მეტიცილინს), მეორე ტრიმესტრში კი, პლაცენტის დაცვითი ფუნქციის ჩართვის გამო, ანტიბიოტიკების სპექტრი ფართოვდება, შეიძლება ცეფალოსპორინებისა და სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების - ნევიგრამონის, უროსულფანის, 5-ნოკის - გამოყენება. ანტიბიოტიკებთან ერთად ინიშნება დეზინტოქსიკაციური, ინფუზიური, სედაციური თერაპია, ვიტამინებით, შარდმდენებით მკურნალობა. ბოლო ხანს უროლოგიურ პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენება მცენარეული წარმოშობის პრეპარატი კანეფრონი. რომელსაც აქვს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, დიურეზული მოქმედება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ორგანიზმის საერთო რეაქტიულობის აწევა და იმუნომოდულაციური თერაპია, სიმპტომური მკურნალობა, რაც უმთავრესად გულისხმობს არტერიული წნევის კორეგირებას ჰიპოტენზიური საშუალებებით. ქალი მშობიარობისთვის მოსამზადებლად ორსულობის 36-ე კვირას უნდა მოთავსდეს სამშობიაროში. დედისა და ნაყოფისმიერი გართულებების თავიდან ასაცილებლად ტარდება პროფილაქტიკური მკურნალობა. მშობიარობა ბუნებრივი გზით მიმდინარეობს არტერიულ წნევაზე მუდმივი დაკვირვების ფონზე. საკეისრო კვეთა მხოლოდ თანდართული სამეანო გართულებების შემთხვევაში ტარდება. სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბაქტერიული, დეზინტოქსიკაციური და იმუნური სისტემის მასტიმულირებელი საშუალებები. გახსოვდეთ:

  • ორსულობის დროს ნაყოფზე მავნე ზემოქმედების გამო აკრძალულია ტეტრაციკლინი, სტრეპტომიცინი, ლევომიცეტინი, ბისეპტოლი, ფურაზოლიდონი, სულფადიმეტოქსინი.
  • ოტო და ნეფროტოქსიკური მოქმედების გამო სიფრთხილეა საჭირო კანამიცინის, გენტამიცინის გამოყენებისას.
  • დაჩირქებისა და კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.

პიელონეფრიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ორსულობის გართულებათა პროფილაქტიკას. ამ დროს მუდმივი დაკვირვება უნდა მოხდეს არტერიულ წნევაზე, წონაზე, საშვილოსნოს ტონუსზე, ნაყოფის მდგომარეობაზე. მშობიარობა სასურველია ბუნებრივი გზით. საკეისრო კვეთა ტარდება სამეანო ჩვენებით. საჭიროა შარდის ბუშტის ხშირი დაცლა, სპეციალურ პოზაში მოთავსება, რომელიც აადვილებს შარდის ბუშტიდან შარდის ევაკუაციას (მუხლ-იდაყვის პოზა ან წოლა მარცხენა გვერდზე).


- როდის არის აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია?
- პიელონეფრიტიანი ორსული სტაციონარში უნდა მოთავსდეს:

  • ორსულობის გართულების, დაავადების გამწვავების დროს;
  • კრიტიკულ პერიოდებში (22-28-ე კვირას) თირკმელების ფუნქციონალური მდგომარეობის დადგენის მიზნით;
  • ნაყოფის ჰიპოქსიისა და ჰიპოტროფიის გამოვლენისას.


- რას გვეტყვით გლომერულონეფრიტის შესახებ?
- გლომერულონეფრიტი ორსულთა 0,1-9 პროცენტში გვხვდება. ეს ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, რომელიც თირკმლის გორგლების იმუნოკომპლექსურ დაზიანებას იწვევს. მისი გამომწვევია ა ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. უმეტესად დაავადება ვითარდება ანგინის, გრიპის შემდეგ.


- რას უჩივის ამ დროს ორსული?
- ჩივილებიდან აღსანიშნავია ტკივილი წელის არეში, თავის ტკივილი, შრომისუნარიანობის დაქვეითება, შარდის გამოყოფის გახშირება. ორსულობის დროს ძირითადი სიმპტომია - ქუთუთოების, ქვედა კიდურების, მუცლის წინა კედლის შეშუპება, არტერიული წნევის მატება, რეტინოპათია. შარდში ჩნდება ცილა, ერითროციტები, ლეიკოციტები, ცილინდრები. შარდის ნალექის ანალიზში ნეჩიპორენკოს მიხედვით ერითროციტების რაოდენობა ლეიკოციტებისას აღემატება. მძიმე მიმდინარეობის დროს იმატებს კრეატინინი, შარდოვანა, ნარჩენი აზოტი, ვითარდება ანემია.- როგორია პროგნოზი? 

- გლომერულონეფრიტი არ არის ორსულობის შეწყვეტის აბსოლუტური ჩვენება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დედისა და ნაყოფისთვის პროგნოზი სერიოზულია. ადრეულად ვითარდება გვიანი გესტოზი, რომელიც ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ქალების 11%-ს აქვს თვითნებითი აბორტი. ასიდან 29 შემთხვევაში მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა, ასევე - ისეთი გართულებები, როგორებიცაა ენცეფალოპათია, გულის, თირკმლის უკმარისობა, რომელმაც შეიძლება ქალის დაღუპვამდე მიგვიყვანოს, ნაყოფის ჰიპოტროფია და ჰიპოქსია, ანტენატალური სიკვდილი. მაღალია მშობიარობის შემდეგ უდღეური ახალშობილების სიკვდილიანობა. შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის პერიოდში, რადგან დაავადების დროს მიმდინარე პროცესები იწვევს თრომპოციტოპენიას, დვს სინდრომის I ტიპისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს კოაგულაციურ რგოლში. შემდგომ შესაძლოა განვითარდეს კოაგულაციური რგოლის დარღვევა დვს სინდრომის II და III ტიპითაც კი. ორსულობის ადრეულ ვადებზე აუცილებელია ჩატარდეს გამოკვლევა და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ორსულობის შენარჩუნების თაობაზე. მწვავე გლომერულონეფრიტი ორსულობის შეწყვეტის ჩვენებაა. ქრონიკული გლომერულონეფრიტის გამწვავების სტადიაში, როდესაც გამოხატულია ჰიპერტენზია და აზოტემია, ორსულობის გაგრძელება უკუნაჩვენებია.


- გლომერულონეფრიტის გადატანიდან რამდენი ხნის შემდეგ არის ნებადართული დაორსულება?
- დაორსულება ნებადართულია მწვავე გლომერულონეფრიტის გადატანდან მხოლოდ 3-5 წლის შემდეგ.


- როგორ იმართება ორსულობა გლომერულონეფრიტის დროს?
- ორსულობისას გლომეფრულონეფრიტის მართვა და მკურნალობა მიმდინარეობს მეან-გინეკოლოგისა და ნეფროლოგის მეთვალყურეობით. ორსულობის ადრეულ ვადებზე ხდება პირველადი ჰოსპიტალიზაცია. მაგრამ ორსულის ზოგადი მდგომარეობის გაუარესების, ორსულობის მოშლის საშიშროების, გვიანი გესტოზის, ჰიპოქსიისა და ნაყოფის ჰიპოტროფიის დროს ნებისმიერ ვადაზე ნაჩვენებია სტაციონარული მკურნალობა. 36-37-ე კვირას აუცილებელია გეგმური ჰოსპიტალიზაცია ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში მშობიარობისთვის მოსამზადებლად და მშობიარობის მეთოდის ასარჩევად. ვადაზე ადრე მშობიარობის ჩვენებაა ქრონიკული გლომერულონეფრიტის გამწვავება, რომელსაც თან სდევს თირკმელების ფუნქციის დარღვევა (სადღეღამისო დიურეზის, გორგლოვანი ფილტრაციის, თირკმლის სისხლის მიმოქცევის დაქვეითება, ცილოვანი ცვლის დარღვევა, აზოტემიის მატება, ჩატარებული მკურნალობის უეფექტობა). ამ დროს ხდება სამშობიარო გზების მომზადება და მშობიარობის აღძვრა ჩვეული მეთოდებით. მშობიარობის პროცესში იყენებენ სპაზმოლიზურ საშუალებებს, ანალგეტიკებს, ატარებენ სისხლდენის პროფილაქტიკას. მშობიარობის II პერიოდს მართავენ არტერიული წნევის შესაბამისად, ნაყოფის მდგომარეობის გათვალისწინებით (მართვითი ჰიპოტონია, სამეანო მაშები, პერინეოტომია).


- აუცილებელია თუ არა საკეისრო კვეთა?
- გლომერულონეფრიტიან ორსულებს საკეისრო კვეთას იშვიათად უტარებენ, უმთავრესად - სამეანო ჩვენებით. ლოგინობის პერიოდში მდგომარეობის გაუარესებისას მელოგინე გადაჰყავთ სპეციალიზებულ სტაციონარში, შემდგომ კი იგი იმყოფება თერაპტევის ან ნეფროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.


- როგორ მკურნალობენ?
- მწვავე გლომერულონეფრიტის მკურნალობას იწყებენ ანტიბიოტიკებით (პენიცილინით ან მისი სინთეზური ანალოგებით), იყენებენ ასევე ჰიპოტენზიურ საშუალებებს, შარდმდენებს, გლომერულონეფრიტის ჰიპერტენზიული ფორმის დროს კომპლექსში ვაზოდილატატორებსაც რთავენ.

კატეგორია: ქალი | დაამატა: ika-gabe
ნანახია: 7578 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 3.5/4
სულ კომენტარები: 3
3 თეა  
0
გამარჯობათ მე ვარ 19კვირის ორსული და ბავშვის თირკმელები არის გადიდებული მე არ მაწუხებს ტკივილი თირკმელების ეს ბოლო პერიოდია რაც დავაკვირდი დილეთ წელის არეშე ცოტა სიმძიმეს ვგრხნობ და როგორ შეიძლება ჩადგეს ფორმაში ბავშვის თირკმელები ან რა იქნება მიზეზი? მადლობა წინასწარ

2 ელენე  
0
მაქვს გლომერო ქრონიკული ფოკალურ სეგმენტური გლომერო სკლეროზი ვარ რამოდენიმე თვის გათხოვილი შეიძლება თუ არა დაორსულება გთხოვთ მიპასუხოთ..წლებია ვმკურნალობ დიდი საშიშროებაა ორსულობა?

1 fatima shengelia  
0
დაორსულებამდე მქონდ ცისტიტი, მკურნალონის პროცესში ჩატარებული ანაზილის დროს აღმომაჩნდა მარილის კრისტალები შარდის ანალიზით. ამჟამად ვარ 6-7 კვირის ორსული. რაიმე საგანგაშოა ეს მარილის კრისტალები რა შეიძლება მავნოს მე ან ნაყოფს?

სახელი *:
Email *:
კოდი *: