ლამაზი და ჯანსაღი ღიმილი ადამიანის სავიზიტო ბარათია. სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentImplant-ის კლინიკური დირექტორი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო აბაშიძე.
- ქალბატონო ნინო, რომელი სტომატოლოგიური დაავადებებია გავრცელებული ყველაზე მეტად და რა არის ამ დაავადებათა განვითარების მიზეზი?
- კარიესი და პაროდონტიტი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებებია. პაროდონტიტი მიეკუთვნება პოლიეტიოლოგიური დაავადებების რიცხვს. დადგენილია, რომ კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებაში მთავარი ეტიოლოგიური როლი მიკრობულ აგენტს ეკისრება. მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის პროდუქტები ტოქსიკურ და ადგილობრივად გამაღიზიანებელ ზემოქმედებას ახდენენ ღრძილის ქსოვილზე, რის შედეგადაც იცვლება ღრძილოვანი სითხის რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა, ირღვევა კბილღრძილოვანი შეერთება და მიკროცირკულაცია, რასაც პაროდონტული ჯიბის ჩამოყალიბებამდე და ძვლოვან ქსოვილში ანთების გავრცელებამდე მივყავართ. პაროდონტიტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი და ზოგადი ხელშემწყობი ფაქტორები. სახელდობრ, ადგილობრივად დაავადების განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს დაბალი კარიბჭე, ენისა და ტუჩის მოკლე ლაგამი, ლორწოვანის მოკლე ჭიმები, კბილთა დგომისა და თანკბილვის ანომალიები, არასრულფასოვნად დადებული ბჟენი, ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები და სხვა. პაროდონტიტის განვითარების ხელშემწყობ ზოგად ფაქტორებს მიეკუთვნება საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, სისხლმბადი, ნერვული სისტემების დაავადებები, იმუნური სისტემების პათოლოგიები და სხვა. კასრიესის განვითარებაში, გარდა მიკრობული აგენტისა, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება კვების ტიპს (დიდი რაოდენობით ნახშირწყლები) და რეჟიმს, ორგანიზმის რეაქტიულობას, ნერწყვის რაოდენობასა და ფიზიკოქიმიურ თვისებებს, ქვეყნისა და რეგიონის ბიოგეოქიმიურ პირობებს (წყალსა და ნიადაგში ფთორისა და სხვა მიკროელემენტების შემცველობას).
- როგორ შევინარჩუნოთ კბილებისა და პირის ღრუს სიჯანსაღე?
- უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამდე, სანამ კბილები აქვს ჯანმრთელი; კბილები ჯანმრთელია, როდესაც დამაკმაყოფილებელია ჰიგიენური მდგომარეობა. პირის ღრუს სრულფასოვანი და რეგულარული ჰიგიენა, სხვა კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, ხელს უშლის კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებას. ის განიხილება როგორც უმთავრესი კომპონენტი პაროდონტის დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისა. პირის ღრუს რეგულარული ჰიგიენა - კბილების გამოხეხვა დღეში 2-3-ჯერ - ამცირებს მიკრობულ ნადებს, რომელიც ქმნის ყველა პირობას ღრძილისა და, საზოგადოდ, პაროდონტის ქსოვილების ადგილობრივი აუტოაგრესიისთვის. ინდივიდუალური ჰიგიენის სრულფასოვანი დაცვისთვის უნდა გამოვიყენოთ ჰიგიენის როგორც ძირითადი (კბილის პასტა და ჯაგრისი), ასევე დამხმარე (სავლები, ფლოსი, ინტერდენტალური ჯაგრისი, ირიგატორი) საშუალებები. გარდა ამისა, აუცილებელია სტომატოლოგთან სიარული პროფილაქტიკური გასინჯვისთვის ექვს თვეში ერთხელ მაინც. მერწმუნეთ, რაც უფრო ადრეულ სტადიაში აღმოაჩენთ კარიესს თუ პაროდონტისა და ლორწოვანი გარსის დაავადებებს, მით უფრო იოლი და ეფექტური იქნება მკურნალობა.
- როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა და ჯაგრისი?
- ქართულ ბაზარზე არსებული ჰიგიენური საშუალებების მრავალფეროვნებისა და ტელევიზიით თუ ჟურნალ-გაზეთებით მოწოდებული ინფორმაციის სიუხვის გამო ძნელია ავარჩიოთ კონკრეტული ადამიანისთვის მისაღები კბილის პასტა და ჯაგრისი. ისინი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და პირის ღრუს მდგომარეობის გათვალისწინებით. პაროდონტის ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის კომპლექსში ჩასართავი ჰიგიენური საშუალებების არჩევისას ყურადღება უნდა შევაჩეროთ მათ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ, ანტიმიკრობულ და ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედებაზე. ასეთი თვისებები უმთავრესად ახასიათებს პასტებს, რომლებიც მცენარეული წარმოშობის და სხვადასხვა ანტიბიოტიკსა თუ ქიმიური გზით სინთეზირებულ ანტისეპტიკებს (ქლორჰექსიდინს, ტრიკლოზანს) შეიცავს. ეს პასტები პაროდონტული ჯიბისა და პირის ღრუს მიკროფლორაზე ბაქტერიოციდულ და ბაქტერიოსტატიკურ ზემოქმედებას ახდენს. ჯანმრთელი პაროდონტის მქონე პირებმა არჩევანი ფთორისა და კალციუმის შემცველ პასტებზე უნდა შეაჩერონ. არ შეიძლება, ერთნაირი პასტა იხმარონ ზრდასრულმა ადამიანმა და ბავშვმა. საბავშვო კბილის პასტაც კი ასაკის მიხედვით უნდა შეირჩეს, ვინაიდან სხვადასხვა ასაკის ბავშვების კბილის პასტაში სხვადასხვაგვარია ფთორის შემცველობა. კბილის ჯაგრისი მთავარი ინსტრუმენტია, რომლითაც კბილის ზედაპირიდან ვაშორებთ ნადებს. სიხისტის მიხედვით განასხვავებენ სამი ტიპის ჯაგრისს: რბილს - შოფტ, საშუალოს - Medium da uxeSs - Hard.